საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№625აპ-21 ქ. თბილისი
მ. ი., 625აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ი. მ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 6 თვე – ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და ი. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 13 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განაჩენით შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ი. მ-ს მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენის შესახებ; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის ივნისში, ზუსტი რიცხვი უცნობია, დაახლოებით 08:00 საათზე, ი. მ-მა მეუღლეს – გ. ჩ-ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქ. ლ-ში, მ. კ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში, არასრულწლოვანი შვილის, 2019 წელს დაბადებულ თ. მ-ის თანდასწრებით, სახის არეში ხელი ჯერ დაარტყა, შემდეგ კი მოუჭირა, რის შედეგადაც გ. ჩ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის ივლისის ბოლოს გ. ჩ. გაშორდა მეუღლეს და საცხოვრებლად გადავიდა მამის ოჯახში. ამის შემდეგ, 2020 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 11:10 საათზე, ი. მ-მა ლა-ში, მ. კ-ის ქ. №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ყოფილი მეუღლე – გ. ჩ., რომელიც მისული იყო პირადი ნივთების წასაღებად და ამის გამო მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, მარცხენა მკლავზე ხელების მოჭერით ძალით გადაიყვანა ეზოდან, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი მამუკა ნადირაძე საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ი. მ-სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ორივე ეპიზოდში, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით – დამამძიმებელ გარემოებად გენდერული დისკრიმინაციის მოტივის მითითებით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რაც მან უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად, პირობითი მსჯავრის გარეშე.
5. მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ა. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ასაჩივრებს განაჩენს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ი. მ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა), საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი (რომლის ნახევარი ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
10. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით, აღნიშნული არ დადასტურებულა საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის – არც დაზარალებულ გ. ჩ-ის გამოკითხვის ოქმით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ამოურიცხა ი. მ-ს გენდერული დისკრიმინაციის ნიშანი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე