Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №382აპ-21 თბილისი

ნ. გ., 382აპ-21 16 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილისა და მსჯავრდებულ გ. ნ-ის ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით გ. ნ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ნ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 18 თებერვლიდან.

2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: ი. გ., ნ. ბ., გ. ჯ., თ. მ. და რ. კ.

3. განაჩენის მიხედვით, გ. ნ-ს მსჯავრი დაედო:

ü თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, ჩადენილი დიდი ოდენობით;

ü ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2015 წლის 25 ნოემბერს ც-ის მუნიციპალიტეტსა და შპს „პ-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება სპორტული კომპლექსის მშენებლობის 2714143 ლარად ღირებული სამუშაოს შესყიდვაზე;

o 2015 წლის 25 დეკემბერს შპს „პ-მ“ შპს „ა-ს“ გაუფორმა ხელშეკრულება ც-ის მუნიციპალიტეტში სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოს შემოწმების თაობაზე;

o 2016 წლის 22 მარტს ც-ის მუნიციპალიტეტსა და შპს „მ.ბ-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება, სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოზე საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაზე;

o სამუშაოს შესრულების პროცესში, შპს „პ-ას“ დირექტორმა და დამფუძნებელმა გ. ნ-მ განიზრახა, შესაბამის დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანით, შპს „პ-ს“ ობიექტის უფროსის - გ. ჯ-ისა და სამუშაოთა მწარმოებლის - ი. გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ თანხას;

o შპს „პ-ამ" ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შეასრულა 2484780.6 ლარის სამუშაო, თუმცა გ. ნ-მ, გ. ჯ-მ და ი. გ-მ შესრულებული სამუშაოს აქტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა, შპს „პ-მ“ შეასრულა 2652356.98 ლარის სამუშაო;

o გ. ნ-ის, გ. ჯ-ის, ი. გ-ს, რ. კ-ის, თ. მ-ისა და ნ. ბ-ს მიერ ხელმოწერილი, ყალბი შესრულებული სამუშაოს შუალედური აქტებისა და რ. კ-ის მიერ შედგენილი ექსპერტიზის ყალბი დასკვნების საფუძველზე გ. ნ-მ ც-ის მუნიციპალიტეტთან გააფორმა მიღება-ჩაბარების შუალედური აქტები, რის საფუძველზეც მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი 167576.3 ლარი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

· საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გ. ნ-ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ ძირითად სასჯელზე - ჯარიმაზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

· მსჯავრდებულ გ. ნ-ის ადვოკატმა მ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; შპს „უ-ის“ მიერ საბანკო გარანტიის სახით გადახდილი 135707.15 ლარის გ. ნ-ისათვის ზარალის ანაზღაურებაში ჩათვლა და გ. ნ-ის მსჯავრდებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ამორიცხვა, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

· საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და გ. ნ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითად სასჯელად ჯარიმაზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

· მსჯავრდებულ გ. ნ-ის ადვოკატმა მ. კ-მა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; შპს „უ-ის“ მიერ საბანკო გარანტიის სახით გადახდილი 135707.15 ლარის გ. ნ-ისათვის ზარალის ანაზღაურებაში ჩათვლასა და გ. ნ-ის მსჯავრდებიდან ზედმეტად წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ამორიცხვას.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ დაცვის მხარის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ გ. ნ-ის ადვოკატი მ. კ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ ბრალდების მხარის საჩივარი არ იქნეს დასაშვებად ცნობილი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და დაცვის მხარის პოზიციებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილისა და მსჯავრდებულ გ. ნ-ის ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე