საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№485აპ-21 ქ. თბილისი
ს. თ., 485აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ს-ს ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 12 მაისს, საღამოს საათებში, თ. ს-მ თ-ში, გ. ჩ-ის ქ. №--ში ყოფნისას, იძალადა დედაზე – ი. ხ-ზე, კერძოდ, წყლით სავსე ბოთლი ესროლა და მოარტყა მუცლის არეში. აღნიშნულმა ძალადობამ ი. ხ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
· 2020 წლის 12 მაისს, საღამოს საათებში, თ. ს-ე იმყოფებოდა თ-ში, გ. ჩ-ის ქ. №--ში, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა დედას – ი. ხ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ „თვალებს ამოთხრიდა“. თ. ს-ის მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენით თ. ს., – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი როინ ხინთიბიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენის შეცვლასა და თ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №65აპ-20, №515აპ-20, №140აპ-21, №682აპ-21).
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო განაჩენი. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ს-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ი. ხ-მ (ბრალდებულის დედამ) სასამართლოს განუცხადა, რომ 2020 წლის 12 მაისს ის და მისი შვილი – თ. ს. შეკამათდნენ, მაგრამ შვილს მისთვის არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია და არც დამუქრებია. თვითონ არის ძალიან ემოციური და მკურნალობს ფსიქოლოგთან. მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ 112-ში იმიტომ დარეკა, რომ იყო ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებული. მეორე დღეს განცხადებით მიმართა გამომძიებელს და ითხოვა ხელმეორედ დაკითხვა. მოწმე ზ. კ-ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2020 წლის 12 მაისს ს-ების ოჯახში არ ყოფილა; 6 წელია, რაც მათთან მუშაობს და არასოდეს გაუგია ჩხუბისა და გინების ხმა; პოლიციაში ვინ დარეკა, არ იცის; პოლიციის მოსვლისას თ. ს. იყო ეზოში; ი. ხ. დადის ფსიქოლოგთან, რადგან არის ემოციური, ფიცხი და უყვარს ფაქტების გაზვიადება. გამომძიებელმა ლ. ყ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ გამოკითხა დაზარალებული ი. ხ., რომელმაც მოგვიანებით ნ. ს-ესთან ერთად მიმართა განცხადებით და მოითხოვა ხელახლა დაკითხვა, მაგრამ არ დაკითხა, რადგან მიიჩნია, რომ მშობლები ცდილობდნენ თავიანთი შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე