საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №473აპ-21 ქ. თბილისი
ს. დ-, 473აპ-21 10 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ს-ეს ბრალად დაედო არაერთგზის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის განაჩენით დ. ს. გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
· 2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 19 საათზე, ქ. ბ-ში, ტ. ა-ის ქ. №--ში მდებარე შპს ბ-ის რ-ი კ-ი ს-ოს შენობაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, დ. ს-მ არაერთგზის, ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით გ. ჩ-ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, მუცლის არეში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობის სახით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 მაისის განაჩენით დ. ს., – - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, დ. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. გამართლებულ დ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. შ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №87აპ-13 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
9. პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დ. ს-ის მიერ გ. ჩ-ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. დაზარალებულმა და მოწმეებმა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და ამოცნობის ოქმები სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურეს. ამასთან, დაზარალებულმა გ. ჩ-მ სასამართლოში აგრეთვე განაცხადა, რომ ვინ დაჭრა, არ იცის; ბრალდებულ დ. ს-ს არ იცნობს, იგი არასოდეს უნახავს და არც ფოტოსურათით ამოუცნია. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ბ-ის რ-ი კ-ი ს-დან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ან ჩანს არც დ. ს-ის ჩხუბში მონაწილეობა და არც გ. ჩ-ის დაჭრის ფაქტი. მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმის გამოკითხვის ოქმები კი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (საქართველოს სსსკ-ს 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ECtHR, El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia, 39630/09, §151, 13.12.2012; ECtHR, Hassan v The UK, 29750/09, §48, 16.09.2014).
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე