საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №535აპ-21 ქ. თბილისი
ს. ზ., 535აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ზ. ს., – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 9 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ს-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ზ. ს-მა, თანამზრახველებთან ერთად, 2020 წლის 7 თებერვალს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია თ-ში, პ. გ-ის №--ში მდებარე შპს „ვ. გ-ის“ კუთვნილ მაღაზია „რ-ში“ და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების სამკაულს. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ნივთების მთლიანი საბაზრო ღირებულება 2020 წლის 19 მარტის მდგომარეობით შეადგენს 1271 ლარს.
· ზ. ს-ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „ვ. გ-ს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. მსჯავრდებული ზ. ს-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ნ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა მისი ბრალეულობა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ზ. ს-ის ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულის წარმომადგენლისა და მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობისა და ამოცნობის ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმებით, ექსპერტიზების დასკნებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ. ს-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს, რომელზეც ნ. კ-მა შენიშვნის სახით აღნიშნა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია სწორედ ის ნივთები, რომლებზეც ზ. ს-მა უთხრა, რომ მოიპარა მეგობრებთან ერთად თ-ის ერთ-ერთ მაღაზიაში. ამასთან, გამომძიებლებმა – ბ. ბ-მა და ზ. ბ-მა, ასევე ექსპერტმა პ. კ-მა სასამართლოს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია ჩხრეკის კანონიერების შესახებ და სასამართლოს მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია.
8. ზ. ს-ს ბრალეულობას ადასტურებს ასევე მოწმე ზ. ტ-ის ჩვენება, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ზ. ს-ს ამოცნობის ოქმი და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ზ. ტ-ის მიერ მისი მგზავრების, მათ შორის – ზ. ს-ის ტანსაცმლის აღწერილობა სრულად ემთხვევა შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულ დამნაშავეთა ჩაცმულობას. ამასთან, ზ. ს-ის სუნის ნიმუში „ამოვიდა“ როგორც ზ. ტ-ის მანქანიდან, ისე – შემთხვევის ადგილიდან.
9. მოწმე პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრული, დეტალური და ურთიერთთავსებადია, მათ შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ ვლინდება. ასევე არ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის დაინტერესება, მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია ან სასამართლოსათვის ცრუ ჩვენებების მიცემა და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც ზ. ს. დამნაშავედ ცნო მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (სუსგ №289აპ-18, №3აპ-17).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე