Facebook Twitter

ას-879-1502-03 12 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 1 ივნისს გ. ჭ-სა და ი. ს-ს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ი. ს-მა (მარჩენალმა) ივალდებულა გ. ჭ-ის (სარჩენის) რჩენა სიცოხლის ბოლომდე.

გ. ჭ-მა იმ საფუძვლით, რომ მარჩენალი არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, 2001წ. 14 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ხელშეკრულების გაუქმება.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გ. ჭ-სა და ი. ს-ს შორის 2000წ. 1 ივნისს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. აღნიშნულის შესახებ სათანადო ცვლილებები იქნა შეტანილი საჯარო რეესტრში.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ ი. ს-ი სათანადო წესით არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მოსარჩელესა და მოპასუხე შორის ურთიერთობა დაიძაბა და აუტანელი გახდა. სკ-ის 949-ე მუხლის თანახმად, მარჩენალს შეუძლია, უარი თქვას სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-მა.

2002წ. 12 თებერვალს გარდაიცვალა მოსარჩელე გ. ჭ-ი. აპელანტის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ გარდაიცვალა მოსარჩელე, ხოლო სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ატარებდა პირად ხასიათს, რომელიც დაუშვებელს ხდიდა სამართლებრივ უფლებამონაცვლეობას. გ. ჭ-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ, ა. ჭ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზემოაღნიშნული განჩინება. კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინებით ა. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა - გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინება და საქმე ა. ჭ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა - გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ჭ-ის სარჩელს ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ მოსაჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. მიიჩნია, რომ მხოლოდ სასარჩელო განცხადების არსებობა არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, რადგან ეს საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჭ-მა სარჩელი აღძრა მას შემდეგ, რაც მისმა ქალიშვილმა შეიტყო სადავო ხელშეკრულების არსებობის თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ჭ-ის წარმომადგენელმა ლ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, არ გამოიყენა სკ-ის 352-ე, 358-ე, 359-ე და 405-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა ა. ჭ-ის ძალისხმევით, ერთადერთი მიზნით, ხელში ჩაეგდო სადავო ქონება, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 1996 წელს გ. ჭ-მა საკუთარი დაჟინებული თხოვნით სადავო ბინა აჩუქა ა. ჭ-ს. ჩუქების ხელშეკრულება დადასტურდა სანოტარო წესით კანონის სრული დაცვით. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. ჭ-მა თავის სიცოცხლეშივე ნათლად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატა ნება, რათა სკ-ის 949-ე მუხლის შესაბამისად, მოშლილიყო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: გ. ჭ-ი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მასსა და ი. ს-ს შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ი. ს-ი არავითარ ყურადღებას არ იჩენს მის მიმართ, არ უწევს სამედიცინო დახმარებას და არ ამარაგებს პროდუქტით. რაიონულმა სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, რადგან გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებები. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ჭ-ის სარჩელის საფუძვლიანობას. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია, რომ მხოლოდ სასარჩელო განცხადების არსებობა არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივრით კასატორი გ. ჭ-ის უფლებამონაცვლე – ა. ჭ-ის წარმომადგენელი – ლ. მ-ი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს არა იმ საფუძვლით, რაც სასარჩელო განცხადებაში იყო მითითებული, რომ მოპასუხე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, არამედ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს იმიტომ, რომ გ. ჭ-მა სიცოცხლეში ნათლად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატა ნება, მოშლილიყო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რის გამოც 2001წ. 6 ივნისს მიმართა ნოტარიუსს. ნოტარიუსმა უკანონოდ უთხრა უარი და განუმარტა, რომ ხელშეკრულების მოსაშლელად უნდა მიემართა სასამართლოსათვის. კასატორის მოსაზრებით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მოსაშლელად სასამართლოსათვის მიმართვა საჭიროა მხოლოდ გამონაკლისს კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში. სხვა დროს კი მათ შორის სამისდღეშიო ხელშეკრულების გაუქმებისათვის საკმარისია მხოლოდ მხარის მიერ თავისი ნების გამოვლენა. ამას ითვალისწინებს სკ-ის 352-ე მუხლის I ნაწილი და 405-ე მუხლის I ნაწილი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ამგვარ მოსაზრებას, რადგან აღნიშნულ სკ-ის 352-ე და 405-ე მუხლების თანახმად, როცა ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ვალდებულებებს, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

ამდენად, კანონი საკმარისად არ მიიჩნევს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ მეორე მხარის მიერ ვალდებულებების დარღვევის გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე.

სკ-ის 949-ე მუხლი ითვალისწინებს სამისდღეშიო რჩნენის ხელშეკრულებაზე უარის თქმას, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა. ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულების გაუქმებას მოპასუხე მხარის მიერ სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის გამო.

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო სარჩელის დაკმაყოფილება, თუ დადგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ი. ს-ი არღვევდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებები არ დაურღვევია.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამათლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებების მიმართ კასატორს წარმოდგენილი არ აქვს პრეტენზია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ჭ-ის წარმომადგენლის – ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.