Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№501აპ-21 ქ. თბილისი

შ. ჯ, 501აპ-21 15 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის განაჩენით ჯ. შ-ე, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 11 მარტიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. შ-ემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 მაისის განაჩენით ჯ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 18 თებერვალს.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ჯ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ჯ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვის დანიშნული სასჯელი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შთანთქა 2013 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით 2013 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი გაუქმდა და აღსრულდა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. ჯ. შ-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 23 მარტს.

· 2017 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე, თ-ში, მეტროს სადგურ „ს. მ.-.-ის“ ქვედა ვესტიბიულში, განზრახ მძიმე დანაშაულისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი ჯ. შ-ე კვლავ ატარებდა ცივ იარაღს – დანას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ს. კ. ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ჯ. შ-ისათვის ჯარიმის დაკისრებას, საჩივარში მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ ჯ. შ-ეს დაეკისროს ჯარიმა, პალატა აღნიშნავს: სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ჯ. შ-ეს, საკასაციო პალატის აზრით, დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დადგენილი კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, ისინი უკვე გაითვალისწინეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ჯ. შ-ისათვის სასჯელის სახისა და ზომის შეფარდების დროს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე