ას-885-1513-03 31 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: შპს „ო-ის“ წილის მიკუთვნება და მაღაზიის პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლების აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ა-ე მუშაობდა მაღაზია „ო-ში“ ჯერ ...ედ, შემდეგ ...ედ. მაღაზიის დირექტორი იყო ე. გ-ი-დ-ი. გ.ა-ე პენსიაზე გავიდა 1995წ. 1 თებერვლიდან. მან 2001წ. იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. გ-ი-დ-ის მიმართ და მოითხოვა მისგან 1000 აშშ დოლარი, რადგან ეს თანხა მოპასუხემ პირადად გადაუხადა ყველა მომჩივან თანამშრომელს. მან მოითხოვა ასევე მაღაზიის პრივატიზაციის პროცესში მისი დარღვეული უფლების აღდგენა და შპს „ო-იდან“ 0,2% წილის მიკუთვნება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ.ა-ის სარჩელი. სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ გ.ა-ის მოთხოვნა პრივატიზაციის პროცესში დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ შეუძლებელია მაღაზია შპს „ო-ის“ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გარეშე, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია. მოსარჩელის მოთხოვნა წილის გამოყოფის შესახებ მიმართულია ე. გ-ი-დ-ის მიმართ, რომელიც არასათანადო მოპასუხეა, რადგან ეს მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს მთელი საზოგადოებისადმი. სასამართლომ განუმარტა გ.ა-ეს არასათანადო მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით შპს „ო-ით“, რაზეც მოსარჩელემ უარი განუცხადა და სასამართლომ სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი.
გ. ა-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 7 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად იქნა დატოვებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 მაისის მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ვინაიდან გ. ა-ე არ არის შპს „ო-ის“ პარტნიორი, ამიტომ მისი მოთხოვნა პრივატიზებული საზოგადოებიდან კუთვნილი წილის გამოყოფის შესახებ მიმართული უნდა იყოს შპს „ო-ის“ მიმართ და არა მოპასუხე ე. გ-ი-დ-ის მიმართ. რაიონულმა სასამართლომ გ. ა-ეს შესთავაზა შეეცვალა არასათანადო მოპასუხე სათანადო მოპასუხით სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, რაზედაც მან უარი განაცხადა.
გ. ა-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: სასამართლომ არასწორად მიიჩნია მაღაზიის დირექტორი ე. დ-ი-გ-ი არასათანადო მოპასუხედ, რადგან იგი ყიდდა მაღაზიას და ხელშეკრულებაზე თვითონ აწერდა ხელს. მიღებულ თანხებს კი პირადად ითვისებდა. ე. დ-ი-გ-ის ხელში გადავიდა მაღაზიის მთელი ქონება და ამიტომ იგი „ო-ის“ სამართალმემკვიდრეა. სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, თითქოს კასატორი მოპასუხისაგან ითხოვს წილს, რადგან იგი მოითხოვს მაღაზიის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას, რაც ყველა პარტნიორმა მიიღო მორიგების შედეგად ეთერ დ-ი-გ-ისაგან. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ე. დ-ი-გ-ი შეეცვალა არარსებული დროებითი ამხანაგობით „ო-ით“, რადგან პრივატიზაციის დამთავრებისთანავე დროებითი ამხანაგობა კანონის თანახმად გაუქმებულად ითვლება. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ იგი არ არის საზოგადოების პარტნიორი და მესამე პირია, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ იგი შეყვანილია მაღაზიის საპრივატიზაციო სახელობით სიაში. იგი პენსიაზე გავიდა ამ მაღაზიიდან და „პრივატიზაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად ითვლება ამ საზოგადოების წევრად. საქმის მასალები მიუთითებენ იმაზე, რომ მაღაზიის პრივატიზაცია მთელი რიგი დარღვევებით ჩატარდა, ამიტომ სასამართლო ვალდებული იყო ბათილად ეცნო „ო-ის“ პრივატიზაცია და დამნაშავენი კანონის შესაბამისად დაესაჯა. ქონების მართვის სამინისტროსაც, როგორც დაზარალებულს უნდა აღეძრა ამის თაობაზე სარჩელი, რაც არ გააკეთა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. ა-ე მუშაობდა მაღაზია «ო-ში» სხვადასხვა თანამდებობებზე. ამ მაღაზიის შრომითი კოლექტივის დროებით ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მაღაზიის ქონება და ფართი 688 კვ.მ, მდებარე ქ.თბილისში, ... და 1996წ. 21 ნოემბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც თან ერთვის ამხანაგობის წევრთა სია, მაგრამ გ.ა-ე ამ სიაში არ არის მოხსენიებული. სახელმწიფო საწარმო «ო-ის» შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობის ბაზაზე დაფუძნდა შპს «ო-ი», რომელიც 1997წ. მარტში რეგისტრირებული იქნა სამეწარმეო რეესტრში ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ; ამ საზოგადოების დირექტორად რეგისტრირებული იქნა ე. გ-ი-დ-ი. გ. ა-ემ 2001წ. იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. დ-ი-გ-ის მიმართ და მოითხოვა მაღაზიის რეგისტრაციის შედეგად მიღებული თანხიდან 1000 ლარი, ასევე შპს «ო-იდან» 0,2 წილის მიკუთვნება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ პირადად ეთერ გ-ი-დ-მა უნდა გადაუხადოს მას მაღაზია «ო-იდან» კუთვნილი წილის ღირებულება. რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მაღაზია «ო-ის» ქონების ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს «ო-ი». ე.დ-ი-გ-ი რეგისტრირებული იქნა ამ საწარმოს დირექტორად და პარტნიორად. «მეწარმეთა შესახებ» კანონის 44-ე მუხლის თანახმად კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. საზოგადოების პარტნიორი არ არის პასუხისმგებელი საზოგადოების ვალდებულებებზე, გარდა 3.4. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც. ამდენად ე.გ-ი-დ-ი არ არის ვალდებული პირადად პასუხი აგოს საზოგადოების ვალდებულებებზე. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ გ.ა-ის მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს შპს «ო-ის» მიმართ და არა ე. გ-ი-დ-ის მიმართ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 85-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გ.ა-ემ კი უარი განაცხადა სათანადო მოპასუხის შეცვლაზე. ამის გამო სააპელაციო სასამართლომ კანონიერად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ამიტომ მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ნოემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.