საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №475აპ-21 ქ. თბილისი
ჭ. თ, 475აპ-21 5 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძისა და მსჯავრდებულ თ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ჭ-ეს ბრალად ედებოდა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ-ში, ლ-ას ქ. №../..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, თ. ჭ-ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს – მ. თ-ეს მოქაჩა თმა, ასევე – უკბინა ხელის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის 5 დეკემბერს ქ.ში, ლ-ას ქ. №../..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, თ. ჭ-ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს – მ. თ-ეს მოქაჩა თმა, ასევე – უკბინა თავის არეში, სახეში დაარტყა ხელი და ძალის გამოყენებით დააგდო იატაკზე. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ-ში, ლ-ას ქ. №../..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. ჭ-ემ მეუღლეს არ მისცა უფლება, თავისი ნება-სურვილით წასულიყო პანაშვიდზე ვ-ს რაიონში.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 იანვრის განაჩენით თ. ჭ-ე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; თ. ჭ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია). თ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 5 დეკემბრიდან იმავე წლის 8 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათით.
3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2018 წლის 5 დეკემბერს ქ-ში, ლ-ას ქ. №../..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, თ. ჭ-ემ მეუღლეს – მ. თ-ეს მოქაჩა თმა, უკბინა თავის არეში და სახის არეში გაარტყა ხელი. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გურჯან ტაბეშაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ. ჭ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო 2018 წლის 5 დეკემბრის ძალადობის ეპიზოდში – მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და თითოეული ქმედებისათვის კანონით გათვალისწინებული, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. მსჯავრდებულ თ. ჭ-ის ადვოკატი გ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. ჭ-ის გამართლებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოთხოვნებს, ერთ შემთხვევაში – ბრალდების სრული მოცულობით თ. ჭ-ის დამნაშავედ ცნობის, ხოლო მეორე შემთხვევაში – მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების – ი. ხ-სა და შ. თ-ის ჩვენებები და ი. ხ-ის გამოკითხვის ოქმი, შეტყობინებები, სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნა, 2018 წლის 5 დეკემბრის №....... შემაკავებელი ორდერი, 2018 წლის 6 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვ., რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია თ. ჭ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა.
10. საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა მ. თ-ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება სასამართლოს, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს.
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოწმეების ჩვენებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი. მოწმეების – ი. ხ-სა და ი. ხ-ის ჩვენებების ნაწილი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს. ასე, მაგალითად, რას განიცდიდა დაზარალებული მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ, რომ იგი იყო აღელვებული, შეშინებული და დათრგუნვილი, სახეზე ეტყობოდა ხელის დარტყმის კვალი და ოჯახში იყო პანიკური სიტუაცია. სასამართლო ზემოაღნიშნულ ჩვენებებს მიიჩნევს საქმისთვის მნიშვნელოვან სამხილებად, რომელთა ერთობლივი ანალიზი, შეტყობინებებთან, დაზარალებულის შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და შემაკავებელ ორდერთან ერთად, იძლევა განვითარებული მოვლენების მთლიანად აღქმისა და საქმეზე ობიექტური რეალობის დადგენის შესაძლებლობას.
12. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადებული მოწმეების –ი. ხ-ას ჩვენებითა და ი. ხ-ის გამოკითხვის ოქმით (რომლებიც თანხვდენილია ერთმანეთთან) გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილია, რომ 2018 წლის 5 დეკემბერს თ. ჭ-ემ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, თუმცა აღნიშნული ქმედება არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩაიდინა თუ არა, ეს არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით. ამდენად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. გარდა ამისა, ზემოჩამოთვლილ მტკიცებულებებს სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 8 იანვრის №......... დასკვნა, რომლის თანახმად, მ. თ-ეს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით; ასევე – პირადი გასინჯვისას იგი უჩიოდა სუსტი ინტენსივობის თავის ტკივილს. შესაბამისად, მოცემულ ეპიზოდში გამოკვეთილია ოჯახური ძალადობის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ელემენტი.
13. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ თ. ჭ-ის გამართლების ნაწილში დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ჭ-ის მსჯავრდებისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2018 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.
14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No.2) no.12686/03, §§37,41, ECtHR,20/03/2009), ხოლო „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017).
16. რაც შეეხება სასჯელს, პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, თ. ჭ-ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
17. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორთა პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.
18. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძისა და მსჯავრდებულ თ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე