Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№446აპ-21 ქ. თბილისი

ხ. გ., 446აპ-21 2 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენით გ. ხ-ი, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება. გ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 ივნისიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ხ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 8 ივნისს, შუადღის საათებში, თ-ში, დ. ა-ის გამზირი №...-ის მიმდებარედ არსებულ ეზოში, გ. ხ-მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი. კ-ეს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნის მიხედვით, მუცლის ღრუში არის შემავალი ჭრილობა წვრილი ნაწლავის მრავლობითი, მსხვილი ნაწლავის, ელენთისა და დიდი ბადექონის დაზიანებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ვ-ი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. ხ-ისათვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას; ასევე, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას.

5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ია ყიფიანი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

9. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ხ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და გ. ხ-ს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: გ. ხ-მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან; ამასთან, მან დანაშაული ჩაიდინა ცივი იარაღის გამოყენებით, საჯარო სივრცეში; საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია დანის დარტყმის შედეგად წვრილი ნაწლავის მრავლობითი, მსხვილი ნაწლავის, ელენთის და დიდი ბადექონის დაზიანება; დღის მონაკვეთში, დ. ა-ის გამზირის N…-ის ეზოში, მაშინ, როდესაც, არცერთ იქ მყოფ პირს არ გააჩნდა რაიმე საგანი, გ. ხ-მა ი. კ-ეს მუცლის არეში დაარტყა დანა და რომ არა სამედიცინო დახმარების დროულად გაწევა, ვერ გადაურჩებოდა სიკვდილს; საგულისხმოა, რომ დანის დარტყმის შემდეგ გ. ხ-მა დატოვა შემთხვევის ადგილი. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

10. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლზე, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ამ საკითხზე, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე