Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №434I-21 თბილისი

ა-ი ა-რ, 434I-21 1 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ა-ის ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ა. ა-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თ-ის რ-აში:

· თ-ის რ-ის ქ. იზმირის რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2016 წლის 25 ოქტომბრის საბრალდებო აქტის მიხედვით, ა. ა-ს ბრალი დაედო თ-ის რ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში (77 ეპიზოდი) ჩადენაში;

· 2017 წლის 5 ივნისს თ-ის რ-ის ქ. იზმირის სისხლის სამართლის საქმეთა მე-11 უმაღლესმა სასამართლომ გამოსცა ა. ა-ის დაკავების ბრძანება.

2. საქმის მასალების მიხედვით, ა. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2013-2015 წლებში თ-ის რ-აში, ა. ა-მა თანამზრახველის - ჰ. ფ-ის მფლობელობაში არსებული სამშენებლო კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, გაყიდა საცხოვრებელი ბინები. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი შედგებოდა 48 ბინისგან, ა. ა-მა და მისმა თანამზრახველებმა გაყიდეს 100-ზე მეტი ბინა, რომელთა საფასურის ნაწილი დაზარალებულებს გადაახდევინეს წინასწარ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ა. ა-ი და ჯგუფის სხვა წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ ფულად თანხებს, რითაც მათ მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

3. ა. ა-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

o 2017 წლის 18 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ა. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე მიიღო თ-ის რ-ის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;

o 2017 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი ა. ა-ი;

o ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ა. ა-ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 25 დეკემბრიდან;

o ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით ა. ა-ის ადვოკატის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით ა. ა-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაო - 30000 ლარით და გათავისუფლდა საექსტრადიციო პატიმრობიდან. მასვე დაეკისრა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

4. 2021 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა თ-ის რ-ის მოქალაქე ა. ა-ის თ-ის რ-აში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი თ-ის რ-ის მოქალაქე ა. ა-ის, - - თ-ის რ-აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა. ა-ის ექსტრადიციის შესახებ თ-ის რ-ის კომპეტენტური ორგანოების 2017 წლის 5 ივნისის შუამდგომლობაში და დასჯადია თ-ის რ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, 77 ეპიზოდი).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ა-ის ადვოკატმა ლ. ბ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ა. ა-ის თ-ის რ-აში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას შემდეგი საფუძვლით: ა. ა-ს საქართველოში ჰყავს მეუღლე და შვილები, რომლებიც იმყოფებიან მის კმაყოფაზე; იგი საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას, აქვს ბიზნესი და იხდის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს; მას აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება 2025 წლამდე; იგი არის ეთნიკური ქურთი, მონათლული ქრისტიანად, რის გამოც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თ-ის რ-ის პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ შესაძლებელია, განხორციელდეს არაადამიანური მოპყრობა; იმ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენასაც ედავებიან ა. ა-ს, თ-ის რ-აში გამამტყუნებელი განაჩენით შესაძლებელია შეეფარდოს 100 და მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. პროკურორი არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და ითხოვს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი ა. ა-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ა. ა-ი არის თ-ის რ-ის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები, რომ თ-ის რ-აში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ა-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების სტანდარტები და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. ამასთან, ადვოკატმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც ა. ა-ის მიმართ თ-ის რ-აში რაიმე ნიშნით დევნის ვარაუდს დაადასტურებდა, ხოლო მისი ზოგადი განცხადებები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

7. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს თ-ის რ-ის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თ-ის რ-ა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ა-ს მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა; ამასთან, მისთვის წარდგენილი ბრალდება არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.

8. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს - ა. ა-ს საქართველოში ჰყავს ოჯახი, რის გამოც დაუშვებელია მისი ექსტრადიცია თ-ის რ-აში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).

9. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თ-ის რ-აში ა. ა-ის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობასთან მიმართებით აღნიშნული შეზღუდვა პროპორციულია დასახული კანონიერი მიზნის მისაღწევად და აღნიშნული გარემოება ვერ იქნება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ა-ის ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე