Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №433I-21 თბილისი

ბ. მ-, 433I-21 1 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ-ის ადვოკატ გ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მ. ბ-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თ. რ-ში:

· სტამბოლის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით მ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის ბანკთა კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (საბანკო სფეროში ჩადენილი მითვისება) და თ. რ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-80, 59-ე, 31-ე, 32-ე და მე-40 მუხლებით განესაზღვრა 14 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 5 წელი, 10 თვე და 7 დღე) და ჯარიმა - 60939117.25 თურქული ლირა;

· თ. რ-ის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ისათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შემცირდა და განესაზღვრა 26435331 თურქული ლირა;

· სტამბოლის მთავარმა საჯარო პროკურორმა 2012 წლის პირველ ივნისს გასცა მ. ბ-ის დაკავების ბრძანება;

· 2014 წლის 14 ნოემბერს გამოცხადდა მ. ბ-ის საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით.

2. საქმის მასალების მიხედვით, მ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 1999 წელს, --- ბანკში იურიდიულ საკითხთა და საკრედიტო რისკის მონიტორინგის განყოფილების მმართველად მუშაობის პერიოდში, მ. ბ-ი E. ბანკის ყოფილ ვიცე-დირექტორ, აღმასრულებელი საბჭოს წევრ უ. ო-სა და ბანკის მთავარ მეწილე, აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტ ი. მ. დ-თან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მონაწილეობდა უკანონო კრედიტების გაცემაში შემდეგი კომპანიებისათვის: S., C., B. G., F., I., M. O., P., H. ი. მ. დ-ი და მისი თანამონაწილეები ფაქტობრივად აკონტროლებდნენ აღნიშნულ კომპანიებს. მათ არ გააჩნდათ კრედიტის მიღებისათვის საჭირო მონაცემები და კრედიტები გაიცა შესაბამისი უზრუნველყოფის გარეშე, იმ მიზნით, რომ კრედიტის სახით გაცემული თანხა ი. მ. დ-ს მიეთვისებინა. მ. ბ-ი უშუალოდ მონაწილეობდა მითითებული კომპანიებისათვის კრედიტების გაცემის ორგანიზებასა და შემდგომ თანხების ი. მ. დ-ის პირად ანგარიშზე გადარიცხვაში. ზემოაღნიშნული კრედიტების გაცემის შედეგად მითვისებულმა თანხამ შეადგინა 20893411.86 თურქული ლირა, რა ოდენობის ზიანიც მიადგა ბანკს.

3. მ. ბ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

o 2015 წლის 22 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავა ძებნილი მ. ბ-ი;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით მ. ბ-ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 22 იანვრიდან;

o თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ის ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის განჩინებაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად;

o 2015 წლის 20 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ. ბ-ის ექსტრადიციის თაობაზე მიიღო თ. რ-ის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;

o 2015 წლის 8 აპრილსა და 8 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ. რ-ის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. ბ-ის თ. რ-ში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარადგინეს 2017 წლის 27 აპრილსა და 7 აგვისტოს;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით მ. ბ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2015 წლის 22 ივლისამდე;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით მ. ბ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2015 წლის 22 ოქტომბრამდე;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაო - 15000 ლარით და გათავისუფლდა საექსტრადიციო პატიმრობიდან. მასვე დაეკისრა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

4. 2021 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა თ. რ-ის მოქალაქე მ. ბ-ის თ. რ-ში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი თ. რ-ის მოქალაქე მ. ბ-ის თ. რ-აში ექსტრადიცია, მის მიმართ სტამბოლის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით (თ. რ-ის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით) დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ-ის ადვოკატმა გ. ც-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მ. ბ-ის თ. რ-ში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ მიმდინარეობს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საქმის განხილვა და ელოდება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას.

7. პროკურორი არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და ითხოვს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი მ. ბ-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ-ის საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული წარმოება არ დასრულებულა და პროცესის დასრულებამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიცია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ იქნება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ-ის ადვოკატ გ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე