საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №435I-21 თბილისი
რ. რ, 435I-21 1 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. რ-ის ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, რ. რ-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები ა. რ-აში:
· ა. რ-ის შსს გამოძიებისა და მოკვლევის მთავარი სამმართველოს მძიმე დანაშაულთა გამოძიების განყოფილების ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2018 წლის 25 აპრილის დადგენილების მიხედვით, რ. რ-ს ბრალი დაედო ა. რ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.1 და 178.3.2 მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 206.4 მუხლითა (კონტრაბანდა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 320.1 მუხლით (ოფიციალური დოკუმენტების, სახელმწიფო ჯილდოების, ბეჭდების, შტამპების, ბლანკების გაყალბება, უკანონო დამზადება ან გასაღება ან ყალბი დოკუმენტების გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;
· ა. რ-ის შსს გამოძიებისა და მოკვლევის მთავარი სამმართველოს მძიმე დანაშაულთა გამოძიების განყოფილების 2018 წლის 25 აპრილის დადგენილებით გამოცხადდა რ. რ-ის ძებნა;
· ა. რ-ის ქალაქ ბ-ს ს-ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით რ. რ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა;
· 2018 წლის 9 ოქტომბრიდან რ. რ-ი ა. რ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. საქმის მასალების მიხედვით, რ. რ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ü რ. რ-მა გ .კ. პ. ხ-თან, ე. ე. ო. გ-სა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც ასევე შედიოდნენ: ზ. ზ. ო. გ., ნ. გ. ო. გ და ი. ა. ო. ს-ი;
ü 2016 წელს რ. რ-მა და ჯგუფის წევრებმა გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინეს შემდეგი ქმედებები: წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ჯგუფის წევრები მოიძიებდნენ ბანკში კონკრეტული ვალდებულებებით დატვირთულ ავტომობილებს, რის შემდეგაც მოელაპარაკებოდნენ ავტომობილის მესაკუთრეებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს, ავტომანქანები გადაჰყავდათ ა. რ-ის საზღვარზე სხვა სახელმწიფოში და ამ გზით, მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ სხვის ქონებას;
ü აღნიშნული სქემის გამოყენებით, რ. რ-მა და თანამზრახველებმა ჯგუფის სხვადასხვა წევრის სახელზე დაამზადეს შემდეგი ავტომობილების ყალბი სარეგისტრაციო მოწმობები: 1) „მ. პ-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ---------, რომელიც წარმოადგენდა ა. ბ. ო. ა-ის ქონებას და დატვირთული იყო იპოთეკით „ბანკ რ-ში“; 2) „ტ. ა-ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ----------, რომელიც იმყოფებოდა ნ. ფ. ო. მ-ის საკუთრებაში და იპოთეკით დატვირთული იყო „ა-ში“; 3) „ბ. ი. 6-ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - -----------, რომელიც წარმოადგენდა ფ. ა. ო. მ-ის საკუთრებას და იპოთეკით დატვირთული იყო „Y, C. B-ში“; 4) „კ. ს-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - -----------, რომელიც წარმოადგენდა ზ. ზ. ო. მ-ის საკუთრებას და იპოთეკით დატვირთული იყო „ვ. ბ. ა-ში“; 5) „ბ. ი. 6-ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ----------, რომელიც წარმოადგენდა რ. კ-ის საკუთრებას და იპოთეკით დატვირთული იყო „A-ში“; 6) „ტ. ლ. კ-ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ----------, რომელიც წარმოადგენდა ფ. ბ. ო. მ-ის საკუთრებას და იპოთეკით დატვირთული იყო „ა. ს. ბ-ში“; 7) „ტ. ლ. კ. პ-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ---------, რომელიც წარმოადგენდა ა. ა. ო. ს-ის საკუთრებას და იპოთეკით დატვირთული იყო „T--ში“; 8) „ა. ქ. 7-ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ----------, რომელიც წარმოადგენდა ო. ი. ო. ვ-ის საკუთრებას და იპოთეკით დატვირთული იყო „T-ში“; 9) „მ. C. 9-ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ------------, რომელიც იმყოფებოდა ჯ. ვ. ო. ა-ის საკუთრებაში და იპოთეკით დატვირთული იყო „T-ში“; 10) „ფ. პ. C-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ----------, რომელიც იმყოფებოდა ა. ი. ო. ნ-ის საკუთრებაში და იპოთეკით დატვირთული იყო „T-ში“; 11) „კ. ს-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ---------, რომელიც იმყოფებოდა ს. ა. ო. ბ-ის საკუთრებაში და იპოთეკით დატვირთული იყო „A-ში“;
ü აღნიშნულის შემდეგ ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მითითებული ავტომობილები და 2016 წლის 8 და 18 ოქტომბერს, 14 და 24 ნოემბერს, 3, 11, 13, 18, 24 და 28 დეკემბერსა და 2017 წლის 6 იანვარს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, გადაიყვანეს ა. რ-ის სახელმწიფო საზღვარზე;
ü გარდა აღნიშნულისა, ჯგუფის წევრებმა მ. ო. ა-ს მისცეს ცრუ პირობა, რომ მის საკუთრებაში არსებულ, 35000 აზერბაიჯანულ მანათად ღირებულ, 2008 წელს გამოშვებულ, „ტ. ლ. კ. პ-ს“ მარკის ავტომანქანაზე, სახელმწიფო ნომრით - ----------, ა. ს. ბ-ში“ დაფარავდნენ იპოთეკურ ვალს, რის შემდეგაც გამოძიებით დაუდგენელ პირობებში დაამზადეს ყალბი სარეგისტრაციო მოწმობა ა. გ-ის სახელზე, მიითვისეს აღნიშნული ავტომობილი და 2016 წლის 19 ოქტომბერს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, გადაიყვანეს ა. რ-ის სახელმწიფო საზღვარზე.
3. რ. რ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
o 2019 წლის 13 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი რ. რ-ი;
o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 თებერვლის განჩინებით რ. რ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა გირაო - 30000 ლარი, ხოლო გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს სრულად შეტანამდე შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 13 თებერვლიდან;
o თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით პროკურორის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად;
o 2019 წლის 14 მარტს რ. რ-ი საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლდა;
o 2019 წლის 25 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რ. რ-ის ექსტრადიციის თაობაზე მიიღო ა. რ-ის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.
4. 2021 წლის 15 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ა. რ-ის მოქალაქე რ. რ-ის ა. რ-აში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი ა. რ-ის მოქალაქე რ. რ-ის, - - ა. რ-აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა. რ-ის შსს გამოძიებისა და მოკვლევის მთავარი სამმართველოს მძიმე დანაშაულთა გამოძიების განყოფილების რ. რ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2018 წლის 25 აპრილის დადგენილებაში და დასჯადია ა. რ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.1 და 178.3.2 მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 206.4 მუხლითა (კონტრაბანდა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 320.1 მუხლით (ოფიციალური დოკუმენტების, სახელმწიფო ჯილდოების, ბეჭდების, შტამპების, ბლანკების გაყალბება, უკანონო დამზადება ან გასაღება ან ყალბი დოკუმენტების გამოყენება).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. რ-ის ადვოკატმა გ. ნ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და რ. რ-ის ა. რ-აში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას შემდეგი საფუძვლით: რ. რ-ს აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება, მას საქართველოში ჰყავს მეუღლე და შვილები და არ დაურღვევია სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები. გარდა ამისა, ადვოკატი უთითებს, რომ რ. რ-ი უდანაშაულოა, მას ა. რ-აში არ ჩაუდენია დანაშაული, მან საქართველოში ავტომანქანები შემოიყვანა კანონის დაცვით, ხოლო თუ ამით კანონი დაარღვია, საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო, რაც არ მომხდარა. ამასთან, ადვოკატმა შესაბამისი ორგანოებისაგან მოითხოვა ინფორმაცია რ. რ-ის მიერ საქართველოში ავტომანქანების შემოყვანის კანონიერების შესახებ.
7. პროკურორი არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და ითხოვს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.
3. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი რ. რ-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ რ. რ-ი არის ა. რ-ის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ხოლო იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული წარმოება არ დასრულებულა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ იქნება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. რ-ის ადვოკატის მოსაზრებასთან მიმართებით, რომ რ. რ-ს ა. რ-აში ბრალი წარედგინა ეჭვის საფუძველზე და იგი უდანაშაულოა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იხილავს რ. რ-ის ბრალეულობის საკითხს, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც არსებობს შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი გადაცემის თაობაზე, ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება წარმოადგენდეს განხილვის საგანს ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.
6. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, რომ, ვინაიდან ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს - რ. რ-ს საქართველოში ჰყავს ოჯახი, დაუშვებელია მისი ექსტრადიცია ა. რ-ში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
7. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. რ-ში რ. რ-ის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობასთან მიმართებით აღნიშნული შეზღუდვა პროპორციულია დასახული კანონიერი მიზნის მისაღწევად და მითითებული გარემოება ვერ იქნება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. რ-ის ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე