Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №19აგ-21 თბილისი

ე. თ.,19აგ-21 18 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ე-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და თ. ე-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თ. ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით - 0.2263 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმ-ს“ („მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის“) უკანონო შეძენასა და შენახვაში) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო. თ. ე-ს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ე-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ძირითადი სასჯელი - 5 წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

3. 2021 წლის 17 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ თ. ე-ის ადვოკატმა რ. ა-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის კანონის შესაბამისად, მოითხოვა: მსჯავრდებულ თ. ე-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელისაგან მისი გათავისუფლება და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ე-ის ადვოკატ რ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ე-ის ადვოკატ რ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· მსჯავრდებულ თ. ე-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე;

· თ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

· მსჯავრდებული თ. ე. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ძირითადი სასჯელისაგან;

· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში (მათ შორის - დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 5000 ლარის ნაწილში) დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. ე-მ, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ითხოვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია ამავე კანონის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა) აღდგენის წესი, კერძოდ, თუ ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონი გავრცელდა და იგი გათავისუფლდა სასჯელისაგან, მას სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები უნდა აღუდგეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ანუ იმავე წესით, რომლითაც გავრცელდა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონი და გათავისუფლდა სასჯელისაგან.

3. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ეხება მხოლოდ იმ პირს, რომელიც ამ კანონის შესაბამისად, სრულად გათავისუფლდა როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელისაგან და არა მას, რომელიც გათავისუფლდა მხოლოდ ძირითადი ან დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.

4. ამავე დროს, „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, ამ კანონის მოქმედება ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელზე არ ვრცელდება, გარდა სასამართლოს მიერ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმისა, რომელიც აღსრულებული არ არის, ხოლო თ. ე-ს ჯარიმა - 5000 ლარი განესაზღვრა 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით, რომელიც ჯარიმის დაკისრების ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განაჩენით.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული თ. ე. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 5000 ლარის გადახდისაგან არ გათავისუფლებულა, რის გამოც მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ვერ გავრცელდება და, შესაბამისად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები ვერ აღუდგება. გარდა ამისა, თ. ე-ის მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმის „ამნისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე გადახდა არ წარმოადგენს ამ კანონის მასზე გავრცელებისა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველს.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ. ე-ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე