Facebook Twitter

ას-892-1507-03 30 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს „მ-ას“ წარმომადგენელმა ლ. დ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სს „ს-ათვის“ სახელშეკრულებო დავალიანების თანხის, 20000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: 1999წ. 1 თებერვალს მოსარჩელე სს „მ-ასა“ და მოპასუხე სს „ს-ას“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე სს „მ-ა” აწვდიდა მოპასუხე ორგანიზაციას პროდუქციას (მინის ტარას), ხოლო მოპასუხე „ს-ა“ ვალდებულებას იღებდა, გადაეხადა პროდუქციის საფასური. მოსარჩელემ სრულად შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება და მოპასუხე ორგანიზაციას მიაწოდა პროდუქცია, ხოლო „ს-ამ“ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა სს „მ-ის“ კუთვნილი 9243.46 ლარი, რომელიც ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 1999წ. 10 მარტისა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „მ-ამ“ მოითხოვა სს „ს-აგან“ დავალიანების დაფარვა 20000 ლარის ოდენობით, საიდანაც 8459.46 ლარი შეადგენს ძირითად დავალიანებას, ხოლო 11540 ლარი – საჯარიმო თანხის ნაწილს ვადაგადაცილებული დღეებისათვის.

2002წ. 23 სექტემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, რომელსაც ჩაბარდა სასამართლო შეტყობინება კანონით დადგენილი წესით და მას სასამართლოსათვის არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ შეუტყობინებია. მოსარჩელე სს „მ-ას“ წარმომადგენელმა ლ. დ-მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „მ-ას“ წარმომადგენელ ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე სს „ს-ას“ მოსარჩელე სს „მ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 12000 ლარი, მასვე დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 250 ლარი მოსარჩელე სს „მ-ას“ სასარგებლოდ.

2002წ. 23 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სს „ს-ის“ წარმომადგენელმა საჩივარი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა მოპასუხე სს „ს-ის“ წარმომადგენელი, მოსარჩელე სს „მ-ის“ წარმომადგენელმა ლ. დ-მა იშუამდგომლა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხის წარმომადგენლისათვის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი და 2002წ. 4 ნოემბერს გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „მ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ნოემბრის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს „ს-ის“ წარმომადგენელმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მთავარ 2003წ. 23 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე _ სს `მ-ას“ წარმომადგენელი, რომელსაც ჩაბარდა სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით, ამიტომ სააპელაციო პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ს\ს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს „ს-ის“ საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ს\ს „მ-ას“ წარმომადგენელმა ლ. დ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა შემდეგი საფუძვლით: სხდომა დანიშნული იყო 23 მაისს 13 საათზე, ხოლო იგი სასამართლოს შენობაში მივიდა 23 მაისს 13.07 საათზე და შიდა ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს. სასამართლოს წარმომადგენელმა, რომელსაც იგი უნდა აეყვანა სხდომის დარბაზში, დაიგვიანა დაახლოებით 15 წუთით. 13.30 საათზე იგი ხელახლა დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომლისგანაც მიიღო ინფორმაცია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამდენად, მისი აზრით, არ არსებობდა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების საფუძველი. საჩივრის ავტორმა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სს „მ-აში“ გაგზავნილ სასამართლო უწყებას არ ერთვოდა სააპელაციო საჩივრის ასლი, შესაბამისად, მისი მხარისათვის უცნობი იყო სააპელაციო საჩივრის შინაარსი, რითაც დაირღვა სკ-ის 72-ე მუხლის მოთხოვნა. სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. სს „მ-ას“ წარმომადგენელმა ასევე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, სასამართლოს უნდა გამოეტანა არა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ სსკ-ის 233-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოცემულ საქმეზე უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება. მან ასევე ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, კერძოდ, მისი აღწერილობითი ნაწილი არ შეიცავს მითითებას აპელანტის მოთხოვნაზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 249-ე მუხლით. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სს „მ-ას“ წარმომადგენელმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის განჩინებით სს „მ-ას“ საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინებით სს „მ-ას“ წარმომადგენელ - ლ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სხდომა დანიშნული იყო 13.00 საათისათვის. სასამართლო სხდომა დაიწყო 13.15 საათზე იმის გამო, რომ იგვიანებდა მოწინააღმდეგე მხარე სს „მ-ას“ წარმომადგენელი. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სს „მ-ას“ წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ინფორმაცია მიაწოდა მოსამართლის თანაშემწე თ-მა, რადგან იგი იყო სხდომის მდივანი და 13.15 – 13.40 საათებში იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე, ხოლო თავად სს „მ-ას“ წარმომადგენელმა ლ. დ-მაც აღიარა, რომ იგი სასამართლოში მოგვიანებით გამოცხადდა ტრანსპორტის შეფერხების გამო. სააპელაციო პალატამ ასევე ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარე პროცესზე მოწვეული იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 8.04.03 თარიღით, ხოლო უწყება გაეგზავნა როგორც სს მ-ას“, ისე _ მის წარმომადგენელს. სს „მ-ას“ უწყება ჩაბარდა, ხოლო ლ. დ-ს ვერ ჩაბარდა მისამართის შეცვლის გამო, თუმცა სასამართლომ სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, უწყება ჩაბარებულად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მოსაზრება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე. პალატამ მიუთითა სსკ-ის 389-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სასამართლო გზავნილს ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი. ამდენად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი დასაშვებად. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილებაში არ არის დაფიქსირებული აპელანტის მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ 2003წ. 23 მაისის სხდომის ოქმში ასახულია აპელანტის მოთხოვნები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ ჩათვალა სს „მ-ას“ წარმომადგენელ – ლ. დ-ის საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, დაუსწრებელი გადწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო პროცესზე მხარის მოწვევის შესახებ უწყება, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, უნდა შეიცავდეს მითითებას იმ სასამართლოს შესახებ, სადაც მხარეა მოწვეული, მის ზუსტ მისამართს, გამოცხადების დროსა და ადგილს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი უწყების ასლში მითითებულია სასამართლოს დასახელება, სადაც მხარე უნდა გამოცხადებულიყო, მისამართი, დრო, გამოუცხადებლობის შედეგები, მაგრამ მითითებული არაა სასამართლოს სხდომის ჩატარების ადგილის შესახებ.

სსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მეორე წინადადება _ “ადგილის მითითება” _ სწორედ იმას გულისხმობს, რომ უწყებაში, რომლითაც მხარე მიწვეულია სასამართლო პროცესზე, მითითებული უნდა იყოს საქმის განხილვის ადგილი ანუ სასამართლოს სხდომის დარბაზი, ამასთან, თუ სასამართლოში ერთზე მეტი დარბაზია, უნდა აღინიშნოს დარბაზის ნომერიც.

სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო რა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით დადგენილი, წესით ანუ ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, უწყებაში არ იყო მითითებული საქმის განხილვის ადგილი. ამით თავისთავად დაირღვა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რაც ამავე კოდექსის 241-ე მუხლის და 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით, ამ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. მითითებული დარღვევა საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია და გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საჩივრიდან ირკვევა, კასატორის პრეტენზია გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მან არ იცოდა რომელ დარბაზში მიმდინარეობდა სხდომა და საჭიროებდა სასამართლოს აპარატის მუშაკთა დახმარებას დარბაზში მისასვლელად. ასეთ პირობებში სასამართლოს უნდა მიეღო ყველა ზომა, რათა შეემოწმებინა, გამოცხადებული იყო თუ არა სასამართლოს შენობაში პირი, ვის წინააღმდეგაც დაუსწრებელ გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო.

ამასთან, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც: საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ პირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამიტომ დაკარგა თავის დაცვის ინტერესი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი, ლოგიკური და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომლის გამოუცხადებლობამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული იყო ორი დასწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის(აპელანტის) წინააღმდეგ. მოპასუხეს შესაგებელიც კი არ ჰქონდა წარდგენილი სასამართლოში იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნას საფუძველი არ გააჩნდა. ასეთ პირობებში მოსარჩელის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

პალატა განმარტავს, რომ იურიდიული პირის მისამართით გაგზავნილი უწყებები ჩაბარებულად ითვლება, თუ ის ჩაბარდა თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან, თუ უწყება ჩაბარდა იმ პირს, ვისაც ამგვარი დოკუმენტების მიღების უფლება აქვს მინიჭებული უფლებამოსილი პირისაგან და ასეთი უფლებამოსილების არსებობის ვარაუდის აშკარა საფუძველი არსებობს.

მოცემულ შემთხვევაში დაცვის სამსახურის თანამშრომელი არ შეიძლება ჩაითვალოს უფლებამოსილ პირად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინება, 2003წ. 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.