Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №26აგ-21 თბილისი

წ. ლ-, 26აგ-21 8 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ლ. წ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის პირველი მაისიდან. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. წ-მ და მისმა ადვოკატმა ი. უ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ლ. წ-ისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. წ-ის ადვოკატმა ი. უ-მა, რომელმაც მოითხოვა ლ. წ-ისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. წ-ის ადვოკატ ი. უ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. 2017 წლის 6 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. წ-ემ, რომელმაც კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. წ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. წ-ემ, რომელმაც მოითხოვა შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა მასში მითითებული საფუძვლით. ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში არსებული დოკუმენტები გაყალბებული იყო.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

10. 2021 წლის 18 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. წ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იგი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, რითაც ისარგებლა მისი სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელმა და მოახდინა საქმეში არსებული სამხილებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, რის შემდეგაც მოხდა საქმის სრული ფაბრიკაცია და განაჩენი დაეფუძნა ყალბ მტკიცებულებებს. ამასთან, ლ. წ-მ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მოგვიანებით, საკუთარი რესურსებით ჩაატარა გამოძიება და წარმოადგინა საგზაო სატრანსპორტო ფილტრაციის სამსახურის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტები, რომლებითაც, მისი მოსაზრებით, დასტურდება მისივე უდანაშაულობა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. წ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. წ-მ, რომელიც ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ხოლო ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, - თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ლ. წ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ უკვე იმსჯელა, კერძოდ: მსჯავრდებულ ლ. წ-ის მიერ ამავე საფუძვლით წარდგენილი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით (საქმის №36აგ-17).

5. საკასაციო სასამართლომ მითითებული განჩინებით აღნიშნა შემდეგი: ლ. წ-ს ბრალი წარედგინა ადვოკატის თანდასწრებით და მისთვის ცნობილი იყო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რაც სადავოდ არ გაუხდია და არ ჩაუტარებია ალტერნატიული ექსპერტიზა; ამის თაობაზე დაცვის მხარეს არ უშუამდგომლია არც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე პირველ ინსტანციაში, ხოლო პირველი ინსტანციის განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში გაასაჩივრა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ვერ მიიჩნეოდა კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან მან ვერ დაასაბუთა, რომ, ობიექტური მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა მისი წარდგენა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.

6. რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ. წ-ის არგუმენტს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში და ვერ ახდენდა მომხდარი შემთხვევის რეალური სურათის აღდგენას, რასაც, მისი მოსაზრებით, ადასტურებს შუამდგომლობაზე დართული მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №100 (რომლის გაცემის თარიღად მითითებულია 2021 წლის 21 დეკემბერი), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცნობით არ დგინდება, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე ლ. წ-ეს არ შეეძლო, სადავოდ გაეხადა საქმეში არსებული მტკიცებულებები.

7. ამავე დროს, საქმეში არსებული მტკიცებულებების სავარაუდო გაყალბების შესახებ მსჯავრდებულ ლ. წ-ის არგუმენტებთან მიმართებით პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნაზე (რომლის შესახებაც მას ასევე განემარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით) და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ლ. წ-ს არ წარმოუდგენია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც დაადასტურებდა მის საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულების სიყალბეს.

8. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება, გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ. წ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. წ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ლ. წ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე