Facebook Twitter

ას-893-1515-03 28 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან რეალური წილის სახით 40 კვ.მეტრი მიწის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 12 სექტემბერს მ. და ნ. ლ.-ებმა ვ. მ.-ისა და ნ. რ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან 40 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გამოყოფა შემდეგი საფუძვლით:

სადავო მიწის ნაკვეთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოა, რომლის საერთო ფართია 83 კვ.მ, სახლის საერთო ფართია 344 კვ. მეტრი. აქედან 171 კვ.მ ანუ 1/2½საკუთრების უფლებით ეკუთვნის მათ, ხოლო 173 კვ.მ _ დანარჩენ მაცხოვრებლებს _ ვ. მ.-ს, ნ. შ.-ს, ვ. გ.-ს, რ. გ.-ს, ნ. და ზ. რ.-ებს.

მეზობლებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარობს დავა ეზოს გაყოფასთან დაკავშირებით.

მისი მოსაზრებით, თუკი მას გამოეყოფა 40 კვ. მეტრი, ბოლო მოეღება მეზობელთა დაპირისპირებას.

ვ. მ.-მ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა ეზოს გაყოფა და, მათთან შეთანხმების გარეშე, მშენებლობა დაიწყეს 2001 წელს, მაგრამ მათი საჩივრის საფუძველზე მშენებლობა შეჩერებულია. იგი მიწის ნაკვეთის გაყოფის წინააღმდეგია იმიტომ, რომ გაყოფის შემდეგ მოსარჩელეები შეძლებენ მათი განზრახვის განხორციელებას და მშენებლობის გაგრძელებას, რითაც ირღვევა მისი კანონიერი უფლება. ამ მშენებლობით მისი ნაკვეთი დაბნელდება, ზიანი მიადგება ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, აღარ იარსებებს სარეცხის დასაფენი ადგილი.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოსარჩელებს საერთო საკუთრების ეზოდან გამოეყოთ 40 კვ.მ.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. მ.-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა. გაუქმდა საკუთრების საზიარო უფლება საეზოვე მიწის ნაკვეთზე მდებარე თბილისში, ... და მ. და ნ. ლ.-ებს საკუთრების უფლებით გამოეყოთ მიწა, როგორც ეს დაფიქსირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის 18.04. 2003წ. ექპსეტიზის დასკვნის გაგრძელება ¹351/15-ში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სახლი შედგება 13 ბინისაგან, რომელთაგანაც 7 წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას, ხოლო დანარჩენი 6 ბინა ეკუთვნით: რ. გ.-ს, ვ. მ.-ს, ნ. შ.-ეს, ვ. გ.-ს, ნ. რ.-სა და ზ. რ.-ს.

სააპელაციო სასამართლოში ვ. მ.-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი თანახმა იყო მიწის ნაკვეთი გაყოფილიყო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 963-ე მუხლის გამოყენებით.

2003წ. 3 დეკემბერს ვ. მ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოს უფლება არ გააჩნდა, საერთო საკუთრების ეზო გაეყო მისი თანხმობის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გადაწყვიტა სკ-ის 963-ე მუხლის საფუძველზე, მაშინ, როცა მისივე გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დავა შეეხება მრავალბინიან სახლებში არსებულ საერთო საკუთრებას.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების დაუსაბთებლობა კი იმაში გამოიხატება, რომ იგი არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ, იმ შემთხვევაში როცა დავა შეეხება მრავალბინიან სახლებში არსებულ საერთო საკუთრებას, დავა უნდა გადაწყვიტოს სკ-ის მეოთხე თავის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.