საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№568აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი გ-ი, 568აპ-21 9 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენით გ. ა-ი, – დაბადებული -- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წლით პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 29 ნოემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა-მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც სამჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 09:38 საათზე, ქ. თ-ში, ო. ხ-ის ქ. №--ში მდებარე შპს „ს-ოს ფ-ის“ კუთვნილი პრესის ჯიხურის დახლიდან, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის სამჯერ ნასამართლევი გ. ა-ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯიხურში მყოფი გამყიდველის თანდასწრებით, აშკარად დაეუფლა პოლიეთილენის მწვანე პარკში მოთავსებულ, ჯამურად – 335 ლარად და 80 თეთრად ღირებულ სხვადასხვა დასახელების სიგარეტს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ე ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას დაცვის მხარის საჩივარში მითითებული არგუმენტების უსაფუძვლობის დასაბუთების თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №207აპ-13) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, გრაფიკული ექსპერტიზის 2019 წლის 27 ნოემბრის №-- დასკვნით, პირის ამოცნობის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ გ. ა-მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
8. ადვოკატის მითითებასთან მიმართებით, რომ მოწმე შ. მ-ის ჩვენება ურთიერთგამორიცხავ ინფორმაციას შეიცავს და ასევე, გ. ა-ის ამოცნობა ჩატარებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს ამ საკითხებზე ამომწურავი პასუხები გაეცა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ („Georgiadis v. Greece“, N21522/93, 29/05/1997, §43)).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, საპროცესო მოწინააღმდეგისგან დამოუკიდებლად მოეპოვებინა, სასამართლოს მეშვეობით გამოეთხოვა, სასამართლოში წარედგინა და გამოეკვლია ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რაც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა. ასევე, არ არსებობს გარემოება, რომლითაც დასტურდება, რომ სასამართლოებმა საქმის განხილვის დროს დაარღვიეს მსჯავრდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა გ. ა-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
11.ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის
მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და გასცა დასაბუთებული და ამომწურავი პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე