საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №599აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი ნ-ი, 599აპ-21 6 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით ნ. ა-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით – 7 წლითა და 6 თვით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მაისისა და იმავე წლის 21 მაისის ეპიზოდები) – 7 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 19 ივნისის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ასევე შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმის სახით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 25 ივლისიდან. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ა-მა ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ნ. ა-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.
· 2018 წლის 10 მაისს ნ. ა-მა გ. გ-ს 250 ლარად მიჰყიდა 1 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, რომელიც იყო ნოტიო და რომლის წონაც გამოშრობის შემდეგ შეადგენდა 0,26 გრამს; იგი წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ ოდენობაა 0,1177 გრამი.
· 2018 წლის 16 მაისს ნ. ა-მა გ. გ-ს 250 ლარად მიჰყიდა 1 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, რომლის წონა შეადგენდა 0,5399 გრამს; იგი წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონაა 0,1895 გრამი.
· 2018 წლის 21 მაისს ნ. ა-მა გ. გ-ს 250 ლარად მიჰყიდა 1 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, რომლის წონა შეადგენდა 0,6863 გრამს; იგი წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონაა 0,2189 გრამი.
· 2018 წლის 19 ივნისს ნ. ა-მა გ. გ-ს 250 ლარად მიჰყიდა 1 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, რომლის წონა შეადგენდა 0,3588 გრამს; იგი წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონაა 0,1466 გრამი.
· 2018 წლის 13 ივლისს ნ. ა-ის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ლურჯ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, რომლის წონა შეადგენდა 0,0746 გრამს, ასევე – მცირე ზომის მეტალის კოვზი, მასზე არსებული დანაშრევითა და მინის ფლაკონი, რომლებშიც კუსტარულად მიღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო წონამ შეადგინა 0,045 გრამი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით შეიცვალა: ნ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მაისის, იმავე წლის 21 მაისისა და 19 ივნისის ეპიზოდები) და მიესაჯა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ასევე შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმის სახით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 25 ივლისიდან. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. ა-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და მათ დასაბუთებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ნაწილში – ოთხივე ეპიზოდში ნ. ა-ის გამართლების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმე გ. გ-ის გამოკითხვის ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, ამოღებისა და დათვალიერების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეების გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნ. ა-ის მიერ გ. გ-ზე ნარკოტიკული საშუალების ოთხჯერ უკანონო გასაღება.
8. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №96აპ.-17, №25აპ-21, №215აპ-19), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი ზ. გ-ე და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. რაც შეეხება ნ. ა-ისათვის სასჯელის შემსუბუქებას, პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის საფუძველზეც მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ნ. ა-ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელის საბოლოო ზომა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა – კანონიერია.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე