ას-896-1120-04 9 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ.-ის“ გენერალური დირექტორის მ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის განჩინება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში მოპასუხეების: შ. მ.-ის, იმავდროულად ფირმა „ჟ. დ.-ის“ წარმომადგენლის და მ. ტ.-ს მიმართ და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: შ. მ.-ისა და მ. ტ.-ს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრების დასაშვებობის სტადიიდან, ხოლო მოპასუხე მ. დ.-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. მ.-მ და მ. ტ.-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინება.
2003წ. 27 თებერვალს შპს „კ.-ის“ დირექტორმა მ.კ.-ემ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიმართა განცხადებით 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების, მ.დ.-ას ნაწილში, განმარტების შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ გაურკვეველია, ზემოაღიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მ.დ.-ას მიმართ რომელი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2003წ. 8 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „კ.-ის“ კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ, ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული, მისი განმარტება დაუშვებელი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 2 ივლისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინება გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო არ არის შეზღუდული, განმარტოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმისდა მიუხედავად, შესულია თუ არა იგი კანონიერ ძალაში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „კ.-ის“ დირექტორ მ. კ.-ის განცხადება და მას განემარტა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული წინადადება _ „მოპასუხე მ. დ.-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი“ _ ნიშნავს მოპასუხე მ. დ.-ს მიმართ მიღებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
აღნიშნულ განჩინებაზე შპს „კ.-ის“ გენერალურმა დირექტორმა მ.კ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, ვინაიდან არასწორად მიიჩნია გადაწყვეტილების განმარტება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში ნიშნავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მოქმედების აღდგენას, რომლითაც შპს „კ.-ის“ პარტნიორების საზოგადოებიდან გარიცხვის ფაქტი იურიდიულად იქნა აღიარებული. სარეზოლუციო ნაწილი მ.დ.-ას მიმართ კი უნდა გაგებულ იქნეს ისე, რომ მ.დ.-ს მიმართ სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. მ.კ.-ემ მოითხოვა 2004წ. 25 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტება მხოლოდ მ.დ.-ას ნაწილში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების ხელმეორედ განმარტებას და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების განხილვისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
მოცემულ შემთხვევაში მ.კ.-ს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის განჩინებით განემარტა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული წინადადება „მოპასუხე მ. დ.-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი“ ნიშნავს მოპასუხე მ.დ.-ს მიმართ მიღებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მ.კ.-ე კერძო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მ.დ.-ს მიმართ უნდა გაგებულ იქნეს ისე, რომ მ.დ.-ს მიმართ სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ვინაიდან სიტყვების „გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის განჩინება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყეტილების გაუქმების ნაწილში“ შემდეგ დასმულია წერტილი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის განჩინებით ამომწურავად გაეცა პასუხი მ.კ.-ის მიერ დასმულ შეკითხვას, კერძოდ, დაზუსტდა, თუ რომელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი მ. დ.-ს მიმართ. პალატა თვლის, რომ აღნიშნული განმარტების შედეგად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არ არის, რის გამოც არ საჭიროებს დამატებით განმარტებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „კ.-ის“ დირექტორ მ.კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 აპრილისა და 25 აგვისტოს განჩინებები.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.