ას-896-1518-03 7 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: საზოგადოების დირექტორად დანიშვნის თაობაზე გამოცემული ბრძანებისა და წარდგინება-რეკომენდაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ზ-ემ 2002წ. ივნისში აღძრა სარჩელი შპს «თ. რ. ს. ნ. ს. ა.” დირექტორად შ. ვ-ის დანიშვნის თაობაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2002წ. 18 იანვრის ¹3 ბრძანებისა და მისივე სახელზე 2002წ. 10 აპრილს გაცემული ¹87 წარდგინება – რეკომენდაციის, ბათილად ცნობის შესახებ.
მოთხოვნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ლ. ზ-ე 1989 წლიდან მუშაობდა სოფ. ... .... ექიმ-პედიატრად. შემდგომში სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს. საზოგადოების დირექტორად დანიშნულმა ა. ხ-ემ 2002წ. მარტში თვითნებურად დატოვა სამუშაო და გაემგზავრა საზღვარგარეთ, ხოლო დირექტორის მოვალეობის შესრულება ბრძანებით დაავალა ლ. ზ-ეს. შპს-ს დირექტორად დაინიშნა შ. ვ-ე, რომელსაც არ გააჩნდა სერთიფიკატი «ჯანდაცვის ორგანიზაციაში”. სასერთიფიკაციო გამოცვლაზე წარსადგენენად შ. ვ-ის სახელზე გაიცა წარდგინება-რეკომენდაცია ექიმად მუშაობის სტაჟის თაობაზე ყალბი ჩანაწერით, ფაქტობრივად შ. ვ-ეს ექიმად არასოდეს უმუშავია. შ. ვ-ის ნაცვლად იგი უნდა დაენიშნათ შპს «სოფ. .. ... დირექტორად. რადგან 2002წ. 22 აპრილს მიღებული აქვს სერთიფიკატი «ჯანდაცვის ორგანიზაციაში”
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ზ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატოს 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2002წ. 18 იანვრის ბრძანება.
მესამე პირმა შ. ვ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე. შეგებებული საკასაციო საჩივრით ლ. ზ-ემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 20 ივნისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით არსებითად განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ზ-ეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ლ. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილეის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცველად შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს «თ. რ. ს. ნ. ს. ა.” არის «მეწარმეთა შესახებ” კანონის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირი. დამფუძნებელია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თერჯოლის რაიონული განყოფილება.
«მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის «ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან შრომითი ხელშეკრულების დადება-შეწყვეტის, აგრეთვე, მათი ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
შპს «თ. რ. ს. ნ. ს. ა.” დირექტორად შ. ვ-ის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნებოდა პარტნიორთა კრების კომპეტენციას. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თერჯოლის რაიონული განყოფილება მოქმედებდა, როგორც საზოგადოების პარტნიორი და ხელშეკრულების მხარე. ხელშეკრულების მეორე მხარეს წარმოადგენს დირექტორი, როგორც ფიზიკური პირი.
ქონების მართვის თერჯოლის რაიონული განყოფილების 2002წ. 18 იანვრის ¹3 ბრძანებით გამოვლინდა დამფუძნებელი პარტნიორის ნება, რომელიც სამართლებრივი მნიშვნელობით უტოლდება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას.
საკასაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის განჩინებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ 2002წ. 19 აპრილს შორენა ვარდუკაძის სახელზე გაცემული ¹87 წარდგინება – რეკომენდაცია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რადგან მას არ მოჰყოლია სამართლებრივი შედეგი. ცალკე აღებული რეკომენდაცია – დახასიათება არ წარმოშობს, არ ცვლის, არ ადასტურებს და არ წყვეტს პირის უფებებს ან მოვალეობებს.
შ. ვ-ემ შპს-ს «თ. რ. ს. ნ. ს. ა.” დირექტორად მუშაობის უფლება მოიპოვა «ჯანდაცვის ორგანიზაციაში” მიღებული სერტიფიკატით. სერტიფიკატის გაცემის კანონიერება არ ყოფილა სასამართლოში დავის განხილვის საგანი. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ არ არსებობდა შპს-ს დირექტორად შ. ვ-ის დანიშვნის თაობაზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ლ. ზ-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.