საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№611აპ-21 ქ. თბილისი
ი-ი ე-ნ, 611აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. ი-ს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 27 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, მ-ში, - ი-ის ქუჩაზე მდებარე ე. ი-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში და აივანზე, ეჭვიანობის გამო, ე. ი-მა ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – ს. რ-აზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, ამის შემდეგ სამზარეულოს კარადის უჯრიდან ამოიღო დანა, რომლის არამჭრელი პირი რამდენჯერმე დაარტყა ს. რ-ას სახეზე, მარცხენა მხარეს და გაარძელა მუშტების დარტყმა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 27 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, მ-ში, - ი-ის ქუჩაზე მდებარე ე. ი-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში და აივანზე, ეჭვიანობის გამო, ე. ი-მა ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – ს. რ-აზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, ამის შემდეგ სამზარეულოს კარადის უჯრიდან ამოიღო დანა, რომლის არამჭრელი პირი რამდენჯერმე დაარტყა ს. რ-ას სახეზე, მარცხენა მხარეს და გაარძელა მუშტების დარტყმა, ამავდროულად, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ე. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ს. რ-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 27 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ-ში, ჯ-ის დასახლებაში, ეჭვიანობის გამო, ე. ი-მა დანისმაგვარი საგნის გამოყენებით ი. მ-ს მიაყენა სამი სისხლმდენი ჭრილობა: ერთი – მუცლის მარჯვენა მხარეს, მეორე – მარცხნივ, გულმკერდის არეში, ხოლო მესამე – მარცხნივ, თირკმლის საპროექციო არეში, რის შედეგადაც ი. მ-მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლით.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ე. ი-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ჩამოერთვა იარაღთან დაკავშირებული უფლებები 2-2 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ე. ი-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 28 მარტიდან; მასვე 2 წლით ჩამოერთვა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: ე. ი-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ე. ი-ი გათავისუფლდა სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. ე. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 28 მარტიდან; მასვე 2 წლით ჩამოერთვა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ე. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ე. ი-ის მიერ მუქარის ჩადენას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია საფუძვლიანი შიშის გაჩენა, რაც მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
8. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა ს. რ-ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღინიშნა, მუქარის ჩადენის შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს იმგვარ შეუცვლელ მტკიცებულებას, რომლის გარეშეც ფაქტობრივად შეუძლებელია პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №65აპ-20, №515აპ-20, №140აპ-21, №682აპ-21).
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
10. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
11. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული ე. ი-ი სწორად გაათავისუფლა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან, თანახმად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილისა.
12. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ე. ი-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მძიმე სახე – თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე