Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№652აპ-21 ქ. თბილისი

კ-ი ნ-რ, 652აპ-21 1 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – დავით კიკაჩეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ. კ-სა და ნ. კ-ს ბრალი დაედოთ თაღლითობაში, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, ხოლო შ. კ-ს ასევე – თაღლითობის მცდელობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მცდელობაში მოტყუებით (სამი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2010 წლის 30 აგვისტოს, 2010 წლის 9 სექტემბერს, 2013 წლის 12 მარტს, 2013 წლის 23 მაისს, 2014 წლის 14 მარტს, 2014 წლის 18 ივნისსა და 2016 წლის 29 აგვისტოს შ. კ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა 1992 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების -- ყალბი აქტის ასლები, 2011 წლის 12 ივლისის №-, 2013 წლის 16 მარტის №-, 2014 წლის 4 აპრილის №- საარქივო ცნობები და სხვა დოკუმენტაცია, რომელთაგან „---“ ყალბი აქტის ასლებში მითითებული იყო, რომ, თითქოსდა, ს. დ-ის მიწის რეფორმის კომისიისა და საკრებულოს 1992 წლის 24 სექტემბრის №- დადგენილების საფუძველზე, შ. კ-ს ს. დ-ი, სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად, „წ-ს უ-ში“ გამოყოფილი ჰქონდა 1580 მ2 მიწის ნაკვეთი. საარქივო ცნობებში მითითებული იყო, რომ შ. კ-ის დედას – თ. კ-ს, როგორც კომლის უფროსს, ს. დ-ში გამოყოფილი ჰქონდა 2000 მ2 მიწის ნაკვეთი, მაშინ, როდესაც ეს მიწის ნაკვეთი შ. კ-ს განცხადების წარდგენის დროს უკვე გასხვისებული ჰქონდა, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო ს. დ-ში, „წ-ოს უ-ში“, 100 000 ლარად ღირებულ, 1580 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაცია.

· 2017 წლის 15 აგვისტოს შ. კ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა 1992 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების - ყალბი აქტის ასლი და სხვა დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებული იყო, რომ, თითქოსდა, ს. დ-ის მიწის რეფორმის კომისიისა და საკრებულოს 1992 წლის 24 სექტემბრის №- დადგენილების საფუძველზე შ. კ-ს ს. დ-ში, სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად, „ნ-ში“ გამოყოფილი ჰქონდა 1440 მ2 მიწის ნაკვეთი, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო ს. დ-ში, „ნ-ში“, 33 000 ლარად ღირებული 1440 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაცია.

· 2017 წლის 5 სექტემბერს შ. კ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა 1992 წლის 16 ოქტომბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების - ყალბი აქტის ასლი და სხვა დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებული იყო, რომ, თითქოსდა, ს. დ-ის მიწის რეფორმის კომისიისა და საკრებულოს 1992 წლის 24 სექტემბრის №- დადგენილების საფუძველზე შ. კ-ს ს. დ-ში, სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად, „ც-ში“ გამოეყო 1500 მ2 მიწის ნაკვეთი, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო ს. დ-ში, „ც-ში“, 55 000 ლარად ღირებული 1500 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაცია.

· 2015 წლის 27 მარტს ნ. კ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა 1992 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების - ყალბი აქტის ასლი, ხოლო 2015 წლის 11 ივნისსა და 2016 წლის 12 თებერვალს – შ. კ-მა, როგორც ნ. კ-ის წარმომადგენელმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა იმავე აქტის დედანი, რომელშიც მითითებული იყო, რომ, თითქოსდა, ს. დ-ის მიწის რეფორმის კომისიისა და საკრებულოს 1992 წლის 24 სექტემბრის №- დადგენილების საფუძველზე ნ. კ-ს ს. დ-ში, „თ-ში“, გამოეყო 6000 მ2 მიწის ნაკვეთი. მითითებულ ყალბ აქტთან ერთად შ. კ-მა წარადგინა 2015 წლის 9 ივნისის №- საარქივო ცნობა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 იანვრის №- წერილი და სხვა დოკუმენტაცია. საარქივო ცნობაში მითითებული იყო, რომ შ. კ-ის დედას – თ. კ-ს, როგორც კომლის უფროსს, ს. დ-ში გამოყოფილი ჰქონდა 2000 მ2 მიწის ნაკვეთი, მაშინ, როდესაც ეს ნაკვეთი შ. კ-ს განცხადების წარდგენის დროს უკვე გასხვისებული ჰქონდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 იანვრის №- წერილში მითითებული იყო, რომ ნ. და შ. კ-ების მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრება გაუქმებული იყო, რაც, თავის მხრივ, განხორციელდა შ. კ-ის, როგორც ნ. კ-ის წარმომადგენლის, 2015 წლის 27 აპრილის №- განცხადებისა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ზემოხსენებული ყალბი აქტის საფუძველზე. შედეგად, 2016 წლის 16 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნ. კ-ის სახელზე, საკუთრების უფლებით, აღირიცხა თ-ში, ს. დ-ში, „თ-ში“ მდებარე, 270 000 ლარად ღირებული 6000 მ2 მიწის ნაკვეთი (ს/კ -).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ: შ. კ-ი, – დაბადებული 19- წელს, ნასამართლობის არმქონე, – საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 30 აგვისტოს, 2010 წლის 9 სექტემბრის, 2013 წლის 12 მარტის, 2013 წლის 23 მაისის, 2014 წლის 14 მარტის, 2014 წლის 18 ივნისისა და 2016 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდები), 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი), 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2017 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ნ. კ-ი, – დაბადებული 19- წელს, ნასამართლობის არმქონე, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენით აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა უფროსმა პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა. მან მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, შ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ნ. კ-ის – სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში იმ მოტივით, რომ მათი ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

5. გამართლებულ შ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ი-ე და გამართლებულ ნ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჭ-ე შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. პროკურორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. №440აპ-14; №561აპ-15; №404აპ-16). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც კასატორი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი. სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზით ვერ დადასტურდა, რომ შ. კ-მა და ნ. კ-მა იცოდნენ მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების შესახებ და მათ სცადეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეცდომაში შეყვანა იმ მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად, რომლებიც რეალურად არ იყო მათზე განაწილებული და წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“

11. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა შ. კ-ისა და ნ. კ-ის მიერ მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას. მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუსგ №5აპ-18, №698აპ-19), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – დავით კიკაჩეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე