Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№610აპ-21 ქ. თბილისი

მ-ი რ-მ, 610აპ-21 9 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. მ-ს ბრალად დაედო: გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლიდან 2020 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთში რ. მ-ი, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი რ. მ-ე, როგორც ქალი, ვალდებული იყო, მის მოთხოვნებს უსიტყვოდ დამორჩილებოდა, უკონტროლებდა მას მეზობლებსა და სხვა პირებთან კომუნიკაციას, სატელეფონო მიმოწერებს, სატელეფონო გადაცემების ყურებას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე და უკრძალავდა მუშაობას, თ-ში, ა-ის დასახლება №--ში, ბ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თანაცხოვრების მანძილზე სისტემატურად, დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ და უფრო ხშირადაც, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არასრულწლოვანი შვილების – ნ. და გ. მ-ების თანდასწრებით, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. შეურაცხყოფის სისტემატური ხასიათიდან და ინტენსივობიდან გამომდინარე, რ. მ-ე განიცდიდა ტანჯვას.

· 2020 წლის იანვრის დასაწყისში რ. მ-მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი რ. მ-ე, როგორც ქალი, ვალდებული იყო, მის მოთხოვნებს უსიტყვოდ დამორჩილებოდა, უკონტროლებდა მას მეზობლებსა და სხვა პირებთან კომუნიკაციას, სატელეფონო მიმოწერებს, სატელევიზიო გადაცემების ყურებას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე და უკრძალავდა მუშაობას, თ-ში, ა-ის დასახლება №--ში, ბ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა ჩაიდინა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. მ-ის მიმართ, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების – ნ. და გ. მ-ების თანდასწრებით მას ძლიერად მოქაჩა თმა, რა დროსაც დაზარალებულმა მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· რ. მ-ი, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი რ. მ-ე, როგორც ქალი, ვალდებული იყო, მის მოთხოვნებს უსიტყვოდ დამორჩილებოდა, უკონტროლებდა მას მეზობლებსა და სხვა პირებთან კომუნიკაციას, სატელეფონო მიმოწერებს, სატელევიზიო გადაცემების ყურებას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე და უკრძალავდა მუშაობას, თ-ში, ა-ის დასახლება №--ში, ბ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თანაცხოვრების განმავლობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მჭრელი პირის მქონე საგნების დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა რ. მ-ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათ შორის: 2019 წლის შემოდგომაზე თ-ში, ა-ის დასახლება №--ში, ბ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით, დანის დემონსტრირებითა და მოღერებით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა რ. მ-ეს. ასევე, 2020 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ-ში, ა-ის დასახლება №--ში, ბ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, რ. მ-ი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ნაჯახით ხელში გინებით გაეკიდა რ. მ-ეს და მას შემდეგ, რაც ჭიშკარს მიღმა მყოფი მეუღლე მისგან თავდასაცავად მთელი ძალით ცდილობდა ჭიშკრის შეკავებას, რ. მ-ი კი – ჭიშკრის გაღებას, მან მოღერებული ნაჯახი დაარტყა კიდეც ჭიშკარს, რომელსაც რ. მ-ე ფარად იყენებდა. რ. მ-ის მხრიდან დანისა და ნაჯახის დემონსტრირებით მუქარების დროს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის თითოეულ შემთხვევაში რ. მ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით რ. მ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სისტემატური შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით შეიცვალა: რ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 29 აგვისტოდან იმავე წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ რ. მ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ-ში, ა-ის დასახლება №--ში, ბ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, რ. მ-ი სიცოცხლის მოსპობის მუქარით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ნაჯახით ხელში, გინებით გაეკიდა რ. მ-ეს და მას შემდეგ, რაც შეშინებულმა რ. მ-ემ მიიხურა ჭიშკარი და მთელი ძალით ცდილობდა მის შეკავებას, რ. მ-მა მოღერებული ნაჯახი დაარტყა ჭიშკარს, რომელსაც რ. მ-ე ფარად იყენებდა. მისი მუქარა რ. მ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენის გაუქმება და რ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობა. საფუძვლიანი შიშის შესაფასებლად სასამართლო მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა თავად დაზარალებულის ჩვენებას; ამასთან, ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც, დაზარალებულის ქმედებებიდან გამომდინარე, ობიექტურად მიუთითებს დაზარალებულში მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის რეალურად არსებობის ფაქტზე.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა რ. მ-ემ (ბრალდებულის მეუღლემ) და არასრულწლოვანმა მოწმეებმა – გ. მ-მა და ნ. მ-მა (ბრალდებულის შვილებმა) საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის წევრის საწინააღმდეგო ჩვენება არ მისცეს.

9. მსჯავრდებულ რ. მ-ის მხრიდან დაზარალებულ რ. მ-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა დადასტურებულია არა მარტო პატრულ-ინსპექტორების – ლ. ნ-სა და გ. გ-ის ჩვენებებით, არამედ შეტყობინებებით, შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, სამხრეკამერების ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ რ. მ-ეს მეუღლე გამოეკიდა ნაჯახით, გადარჩა სიკვდილს, ჭიშკრის კარის მიხურვა რომ არ მოესწრო, „ჩაჩეხავდა“. დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, რომელშიც მითითებულია ეზოში შესასვლელ რკინის კარზე არსებულ დაზიანებაზე, რომელიც კარს აქვს ეზოს მხრიდან; დაზიანება არის დაახლოებით 4 სმ სიგრძის, ნაჭდევის სახით. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებათა ნაწილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, მაგრამ აღნიშნული არ ათავისუფლებს სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების ვალდებულებისაგან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის N80აპ-21 გადაწყვეტილება).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებასა ან საჩივარზე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, ECtHR, no. 47666/13, §50-51, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, ECtHR, §§ 72-86, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, 12/06/2008).

11. ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ამგვარი ქმედებებისგან და ასევე იმისგან, რომ ძალადობა არ დარჩეს დაუსჯელი (Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, §78, 09/07/2019).

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ხარისხობრივ და არა – რაოდენობრივ მახასიათებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის საკმარის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა რ. მ-ის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №680აპ-20).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი