Facebook Twitter

ას-899-1521-03 26 აპრილი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ 2000წ. 1 სექტემბერს მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მიაქირავა თავისი კუთვნილი ავტომანქანა „გაზ-52“ 2001წ. 1 იანვრამდე. მოპასუხე ვალდებული იყო, ქირის სახით გადაეხადა თვეში 40 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ ვადაგადასულ დღეზე უნდა გადაეხადა გადასახდელი თანხის 1%. მოპასუხე ასევე იღებდა პასუხისმგებლობას ავტომანქანის მოვლაზე, რათა შეენარჩუნებინა იგი არსებულ მდგომარეობაში. მოპასუხემ ავტომანქანა ჩაიბარა სრულ მუშა მდგომარეობაში, საბურავების 50%-ით ვარგისიანობით. შეთანხმების თანახმად, თუ მოპასუხე დაარღვევდა ხელშეკრულების პირობებს ავტომანქანა უნდა დაებრუნებინა მესაკუთრისათვის.

იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე არ ასრულებს აღნიშნულ პირობებს მოსარჩელემ მოითხოვა ზარალის ანაზღაურება 2102 ლარის ოდენობით, ასევე ავტომანქანის დაბრუნება.

მოპასუხე ს. კ-ემ არ სცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ მუშაობდა ამბროლაურის რაიონის ს-აში, სადაც 1990 წელს გარდაბნიდან ჩამოიყვანა ავტომანქანა ცისტერნა „გაზ-52“ მარკის, რომელიც „ს-ამ“ მას გაუფორმა. იგი მუშაობდა, ვიდრე ს-ა არ გაუქმდა. ეს მანქანა ფირმა „გ-ს“ წარმომადგენელს მიღება-ჩაბარების აქტით არ ჩაუბარებია და წარმოდგენილი ხელწერილი, რომელსაც დოკუმენტის სახე არა აქვს ყალბია, მასზე ს. კ-ის ხელმოწერა არ არის. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ასევე ყალბია წარმოდგენილი ხელშეკრულება, რომელზეც მისი ხელმოწერა არ არის, 1993-94 წლებში აღნიშნული ავტომანქანა მოიპარეს, გაძარცვეს და მძიმე ფინანსური პირობების გამო მას არ ჰქონდა საშუალება მანქანა აღედგინა.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ს. კ-ეს დაევალა ავტომანქანის „გაზ-52“ დაბრუნება ვარგის მდგომარეობაში. მოსარჩელე გ. გ-ეს უარი ეთქვა მანქანით სარგებლობის ქირის გადახდაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება. სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ არ მიუთითა, როდის უნდა დააბრუნოს ავტომანქანა ს. კ-ემ, ამასთან უარი უთხრა მანქანით სარგებლობისათვის ქირის გადახდაზე, რითაც დაირღვა სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნები. ქირავნობის ხელშეკრულებაზე ს. კ-ის ხელმოწერის დასადასტურებლად ჩატარდა გრაფიკული ექსპერტიზა, რითაც დადგინდა, რომ სავარაუდოდ, ხელმოწერა უნდა იყოს ს. კ-ესი.

აპელანტმა მოითხოვა ს. კ-ეზე ავტომანქანით სარგებლობისათვის ქირის სახით ყოველთვიური გადასახადი 40 ლარისა და მისი გადაუხდელობისათვის პროცენტის სახით დარიცხული თანხის _ სულ 3992 ლარის დაკისრება. ასევე ერთი კვირის ვადაში ავტომანქანის ვარგის მდგომარეობაში დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საბალანსო ღირებულების, კერძოდ, 505 აშშ დოლარის გადახდის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება. ასევე 100 ლარის ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება და მისი წარმომადგენლის ო. გ-ის თბილისიდან ამბროლაურში მივლინების ხარჯების ს. კ-ეზე დაკისრება 400 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გ. გ-ემ 2000 წელს პრივატიზაციის გზით შეიძინა ამბროლაურის მუნიციპალური საწარმო „ს-ის“ ქონება და მათ შორის სადავო ავტომანქანა გაზ-52. მხარეთა კამათს არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო ქონება გ. გ-ის საკუთრებას წარმოადგენს.

სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მესაკუთრეს უფლება აქვს, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს კუთვნილ ქონებას და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონების მესაკუთრის ნების გარეშე ფლობა, სარგებლობა და განკარგვა.

ზემოთ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გ. გ-ისათვის მისი კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნების ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. გ-ის მოთხოვნა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სადავო ავტომანქანის ექსპლუატაციისათვის გადაუხდელი ქირისა და ჯარიმის სახით 3992 ლარის დაკისრების ნაწილში არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის 2002წ. 17 სექტემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შეუძლებელია პასუხის გაცემა იმ შეკითხვაზე, შესრულებულია თუ არა კ-ის მიერ ხელმოწერა 2001წ. 1 სექტემბრის ხელშეკრულებაზე.

იმავე სამინისტროს 2003წ. 17 იანვრის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნაში შეკითხვაზე 2001წ. 1 სექტემბრის შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია თუ არა კ-ის მიერ, ექსპერტი კატეგორიულ პასუხს ვერ იძლევა.

ამრიგად, მოყვანილი ექსპერტიზის დასკვნებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ დადგინდა ვის მიერ იქნა ხელმოწერილი ხელშეკრულება ს. კ-ის სახელით.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელეს არ გააჩნია იმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რომ 2003წ. 1 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხე ს. კ-ესთან დადო ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ ავტოსაგზურის ფურცელს, სააპელაციო პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ავტოსაგზურის ფურცელი გამოწერილი იყო მხოლოდ ოთხი თვის ვადით მათ შორის სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს თვეში უნდა გადაეხადა 40 ლარი.

აღნიშნული საფუძვლებით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2003წ. 8 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე, 393-ე, 249-ე მუხლების მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ავტომანქანით სარგებლობისათვის ქირის გადახდაზე უარის თქმის ნაწილში, იურიდილად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა არის მოსარჩელის საკუთრება.

სააპელაციო პალატამ იმ საფუძვლით, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ვერ დადგინდა, თუ ვის მიერ იქნა ხელმოწერილი 2001წ. 1 სექტემბრის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება არ მიიჩნია ნამდვილად. ამასთან, გაიზიარა მოპასუხის განმარტება და დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შეთანხმებით მხოლოდ ოთხი თვის ვადით გადაეცა ავტომანქანა მოპასუხეს, ქირის ოდენობა განისაზღვრა თვეში 40 ლარი. ასევე დადგენილია, რომ ავტომანქანა მოპასუხეს არ დაუბრუნებია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მტკიცებულებები არ შეაფასა სრულად და ობიექტურად. სასამართლომ საერთოდ არ მისცა სამართლებრივი შეფასება დადგენილ გარემოებებს.

სკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს, მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.

დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს სკ-ის 567-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულად უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, დაადგინოს ზიანის ოდენობა და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება. ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმსჯელოს სასამართლო ხარჯების განაწილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის განჩინება ავტომანქანით სარგებლობისათვის ქირის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე, მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.