Facebook Twitter

¹ას-900-1522-03 29 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. უ-ა მუშაობდა მარტვილის რაიკოოპერატივის ¹.... ფილიალში ბუღალტრის თანამდებობაზე. იგი მარტვილის რაიკოოპერატივის ¹..... ფილიალის დირექტორმა უკანონოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. მარტვილის რაიონული სასამართლოს 1998წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. უ-ა აღდგენილ იქნა სამუშაოზე და მოპასუხე ორგანიზაციას დაეკისრა მის სასარგებლოდ ორი თვის კუთვნილი ხელფასის 82 ლარის, სასამართლო ხარჯების 52 ლარის, სულ 171 ლარისა და 60 თეთრის გადახდა. მარტვილის რაიკოოპერატივის ¹.... ფილიალის დირექტორმა ა. კ-ემ 1998წ. 29 სექტემბრის ბრძანებით ი. უ-ა აღადგინა მთავარი ....... თანამდებობაზე, ხოლო 1999წ. 18 იანვრის ბრძანებით გაათავისუფლა მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მარტვილის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე დ. ხ-ამ 1999წ. 26 იანვრის ¹ 01 განკარგულებით გააუქმა ¹..... ფილიალის დირექტორ ა. კ-ის 1999წ. 18 იანვრის ბრძანება ი. უ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.

ი. უ-ამ 2002წ. მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში მარტვილის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე დ. ხ-ას, ¹..... ფილიალის დირექტორ ა. კ-ის მიმართ და მოითხოვა 1998წ. 16 სექტემბრიდან მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, რადგან ¹..... ფილიალის დირექტორმა იგი არ დაუშვა სამუშაოზე და დღემდე იგი უმუშევარია. მან მოითხოვა ასევე შვებულების კომპენსაცია 1997წ. ოქტომბრიდან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მივლინებისა და საფოსტო ხარჯების ანაზღაურება.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. უ-ას სარჩელი. მარტვილის რაიკოოპერატივის ¹..... ფილიალს გადასახდელად დაეკისრა ი. უ-ას სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასი _ 98,40 ლარი, 1997წ. 1 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე მიუღებელი ხელფასი _ 16 ლარის, იმავე პერიოდის პენსიის _ 24 ლარის, განაცდური ხელფასის სხვაობა 1997წ. 20 ოქტომბრიდან 1998წ. 16 სექტემბრამდე თვეში 6 ლარის გაანგარიშებით _ 72 ლარი, სულ 210 ლარი და 80 თეთრი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. უ-ამ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ი. უ-ას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება ი. უ-აზე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. ი. უ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მარტვილის რაიკოოპერატივს დაევალა ი. უ-ას სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის გადახდა – 1312 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მითითებული გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის განჩინებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. უ-ას სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. შეიცვალა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. უ-ას სასარგებლოდ მარტვილის რაიკოოპერატივს დაეკისრა 1456 ლარის გადახდა მიუღებელი ხელფასის სახით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. უ-ა დღესაც მარტვილის რაიკოოპერატივის თანამშრომელია, მაგრამ სამუშაოზე არ არის დაშვებული ადმინისტრაციის ბრალით. შკკ-ის 208-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციამ დააყოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება მუშაკს დაყოვნებისათვის ეძლევა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების ან დადგენილების გამოტანის დღიდან მის აღსრულების დღეზე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ უ-ას მოთხოვნა დააკმაყოფილა და მარტვილის რაიკოოპერატივს დააკისრა ი. უ-ას სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის გადახდა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარტვილის რაიკოოპერატივის წარმომადგენელმა პ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მარტვილის რაიონული სასამართლოს 1998წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. უ-ა არ აღდგენილა ბუღალტრის თანამდებობაზე იგი უნდა აღდგენილიყო უფროს ბუღალტრად. კასატორის აზრით, დ. ხ-ას არ ჰქონდა ცეკავშირის საშტატო განრიგის გაუქმების უფლება, ამასთან, კასატორი უკანონოდ მიიჩნევს კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის _ დ. ხ-ას 1999წ. 26 იანვრის განკარგულებას და თვლის, რომ სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა ამ ყალბ დოკუმენტს, მითუმეტეს, ეს განკარგულება არ არის დაფიქსირებული რაიკოოპერატივის წიგნში. კასატორი ითხოვს მითითებული განკარგულების გაუქმებას, ამასთან, მიუთითებს, რომ ი. უ-ა 1998წ. 29 სექტემბრიდან 1999წ. ივნისამდე სამუშაოზე არ გამოცხადებულა და ადმინისტრაციული სასჯელი არ დადებულა. 1999წ. 18 იანვრის ბრძანება ი. უ-ას არსად გაუსაჩივრებია და მისი ხელფასია 18 ლარი, რასაც კასატორი ადასტურებს საკასაციო საჩივრისათვის დართული ახალი ცნობით. კასატორის აზრით, სასამართლომ დადგენილებაში არასწორად მიუთითა, რომ იგი დღესაც ¹1 ფილალის თანამშრომელია, მაშინ როცა ფილიალია გაუქმებულია 2001წ. 7 თებერვლის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლია და სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონის 433 მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოებანი იმის თაობაზე, რომ ი. უ-ა სასამართლოს 1998წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა სამუშაოზე მარტვილის რაიკოოპერატივის ¹..... ფილიალში. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მარტვილის რაიკოოპერატივის ¹..... ფილალის დირექტორის 1998წ. 29 სექტემბრის ბრძანებით ი. უ-ა აღდგენილ იქნა მთავარი ...... თანამდებობაზე, საიდანაც იგი გათავისუფლდა 1998წ. 18 იანვარს უფროსი ...... საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით. 1998წ. 18 იანვრის ბრძანება ი. უ-ას გათავისუფლების თაობაზე გაუქმდა მარტვილის რაიკოოპერატივის თავმჯდომარის 1999წ. 26 იანვრის ¹1 განკარგულებით და ფილიალის დირექტორს დაევალა მარტვილის რაიონული სასამართლოს 1998წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილების შესრულება და ი. უ-ასათვის საბუთების გადაცემა.

ზემოთ მითითებული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მარტვილის რაიკოოპერატივის ფილალის დირექტორის 1998წ. 16 ივნისის ბრძანება, ი. უ-ას გათავისუფლების თაობაზე, გაუქმებულია. ამდენად, ძალაშია 1998წ. 29 სექტემბრის ბრძანება ი. უ-ას მთავარ ბუღალტრის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ი. უ-ა დღეისათვის გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. ის გარემოება, რომ, თითქოს ფილიალი გაუქმებულია, არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულ ან დამატებით საკასაციო პრეტენზიად, რადგან ფილიალის გაუქმების შემთხვევაშიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ბრძანება ი. უ-ას განთავისუფლების თაობაზე.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზეც, რომ განკარგულება უსაფუძვლო და ყალბია. ასეთ შემთხვევაში მარტვილის რაიკოოპერატივს შეეძლო, თვითონ გაეუქმებინა აღნიშნული განკარგულება, ხოლო განკარგულების სიყალბის შემთხვევაში შეეძლო გამოეყენებინა სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, რაიკოოპერატივის გამგეობის განკარგულებას ვერ გააუქმებს საკასაციო სასამართლო, აღნიშნულის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის გამო.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული ის გარემოება, რომ ი. უ-ას ხელფასი თვეში შეადგენდა 24 ლარს. გადაწყვეტილების ეს ნაწილი გასაჩივრებული არ არის და შესულია კანონიერ ძალაში, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ი. უ-ას ხელფასი შეადგენდა 18 ლარს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სასამართლო ვერ გამოიყენებდა შკკ-ის 433-ე მუხლს, რადგან ასეთი ნუმერაციის მქონე მუხლი აღნიშნულ კანონში არ არსებობს, ხოლო რაც შეეხება 423-ე მუხლს, სადაც მითითებულია გათავისუფლებული მუშაკების კომპენსაციის თაობაზე, იგი გამოყენებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ი. უ-ა გათავისუფლდებოდა კანონით დადგენილი წესით დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულის თაობაზე მტკიცებულება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მარტვილის რაიკოოპერატივის წარმომადგენლის _ პ. კ-ის _ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.