საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №602აპ-21 ქ. თბილისი
ხ-ე დ-თ, 602აპ-21 1 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ხ-ეს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდი დაზარალებულ ნ. ჭ-ის მიმართ); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2020 წლის იანვრის ეპიზოდი დაზარალებულ ნ. ხ-ის მიმართ); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2020 წლის თებერვლის ეპიზოდი დაზარალებულ ქ. ხ-ის მიმართ); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2020 წლის 7 მაისის ეპიზოდი დაზარალებულ ნ. ჭ-ის მიმართ).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თ-ში, გ-ის „-“ მ/რაიონში, N- კორპუსის ბინა N--ში, დ. ხ-ემ ოჯახში ძალადობა ჩაიდინა მეუღლის – ნ. ჭ-ის მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, მას თავის არეში დაარტყა ხელი, ასევე, ხელი მოუჭირა ყელში, რა დროსაც ნ. ჭ-ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ დ. ხ-ისა და ნ. ჭ-ის არასრულწლოვანი შვილები: ნ. ხ-ე, ქ. ხ-ე და ნ. ხ-ე. დ. ხ-ის ქმედებით დაზარალებულს მიადგა ფიზიკური ზიანი.
· 2020 წლის იანვარში ქ.თ-ში, გ-ის „-“ მ/რაიონში, - კორპუსის ბინა N--ში, დ. ხ-ემ ოჯახში იძალადა შვილზე – ნ. ხ-ეზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ. ხ-ეს მუშტებით სცემა სახისა და თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნულ ფაქტს შეესწრო ნ. ხ-ის არასრულწლოვანი და – ნ. ხ-ე. დ. ხ-ის ქმედებით ნ. ხ-ეს მიადგა ფიზიკური ზიანი.
· 2020 წლის თებერვალში ქ.თ-ში, გ-ის „-“ მ/რაიონში, N- კორპუსის ბინა N--ში, დ. ხ-ემ ოჯახში იძალადა შვილზე – ქ. ხ-ეზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ქ. ხ-ეს ესროლა ფეხსაცმელი, რაც მას მოხვდა გულმკერდის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ქ. ხ-ის არასრულწლოვანი დები – ნ. ხ-ე და ნ. ხ-ე. დ. ხ-ის ქმედებით ქ. ხ-ეს მიადგა ფიზიკური ზიანი.
· 2020 წლის 7 მაისს ქ.თ-ში, გ-ის „ა“ მ/რაიონში, - კორპუსის ბინა N--ში მყოფ ნ. ჭ-ეს მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მეუღლე დ. ხ-ე და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „მოკლავდა და არ აცოცხლებდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დ. ხ-ის ქმედებით ნ. ჭ-ეს მიადგა მორალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით დ. ხ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 7 მაისის დაზარალებულ ნ. ჭ-ის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის თებერვლის დაზარალებულ ქ. ხ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 დეკემბრის დაზარალებულ ნ. ჭ-ის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის იანვრის დაზარალებულ ნ. ხ-ის ეპიზოდი) და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 8 ივნისიდან.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
· 2019 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თ-ში, გ-ის „-“ მ/რაიონში, - კორპუსის ბინა N--ში, დ. ხ-ემ ოჯახში იძალადა მეუღლეზე – ნ. ჭ-ეზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ. ჭ-ეს თავის არეში დაარტყა ხელი, ასევე, ხელი მოუჭირა ყელში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ დ. ხ-ისა და ნ. ჭ-ის არასრულწლოვანი შვილები: ნ. ხ-ე, ქ. ხ-ე და ნ. ხ-ე. დ. ხ-ის ქმედებით ნ. ჭ-ეს მიადგა ფიზიკური ზიანი.
· 2020 წლის იანვარში ქ.თ-ში, გ-ის „ა“ მ/რაიონში, - კორპუსის ბინა N--ში, დ. ხ-ემ ოჯახში იძალადა შვილზე – ნ. ხ-ეზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ. ხ-ეს მუშტებით სცემა სახისა და თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნულ ფაქტს შეესწრო ნ. ხ-ის არასრულწლოვანი და – ნ. ხ-ე. დ. ხ-ის ქმედებით ნ. ხ-ეს მიადგა ფიზიკური ზიანი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: დ. ხ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ხ-ისა და ქ. ხ-ის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. ხ-ის სრულად გამართლებას იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა დ. ხ-ის ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ხ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (სუსგ №443აპ-20) და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ხ-ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება არის კანონიერი. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და გასცა დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე