Facebook Twitter

ას-902-1524-03 3 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანხების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ბ-ემ, გ. და ი. ბ-ეებმა სარჩელით მიმართეს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. ფ-ის მიმართ და მოითხოვეს მათ სასარგებლოდ 2073 ლარის დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო:

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით და 17-91 მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და ა. ბ-ს დ. ს-ე-ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 700 ლარის, გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 600 ლარის, გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1100 ლარისა და გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 700 ლარის გადახდა. ვინაიდან ა. ბ-მა ვერ შეძლო აღნიშნული თანხის გადახდა 2000წ. 24 აპრილს გამართულ იძულებით აუქციონზე ქ.ქუთაისში, ... და ... მდებარე ა. ბ-ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლის 4\6 ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა დ. ს-ე-ფ-ის სახელზე ქ.ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში. 2001წ. აგვისტოში ა. ბ-მა 1373 ლარი გადასცა დ. ს-ე-ფ-ეს, რომელიც უნდა გაენაწილებინა მოსარჩელეებისათვის, რაც მათი მტკიცებით არ გაუნაწილებია.

მოსარჩელეებმა შემდგომში შეამცირეს სარჩელის საგანი და მოპასუხისაგან მოითხოვეს 1056 ლარის გადახდევინება.

საქმის წარმოებისას მოსარჩელე ი. ბ-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ გ. ბ-ით, ხოლო არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ დ. ს-ე-ფ-ით.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების სარჩელი და მოპასუხე დ. ს-ე-ფ-ეს გ. ბრეგვაძის სასარგებლოდ დაეკისრა 297 ლარი, გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 316 ლარი და გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 425 ლარი.

დ. ს-ე-ფ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ განჩინების დასაბუთებისას იხელმძღვანელა სკ-ის 316-ე მუხლით და სწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება, რომლითაც მოპასუხე მხარეს დაეკისრა იმ მოქმედების შესრულება, რაც მხარეთა შორის არსებული ურთიერთშეთანხმების თანახმად ევალებოდა. ასევე სააპელაციო პალატის მითითებით დ. ს-ე-ფ-ემ, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა, მიიღო უფლებამოსილი პირებისათვის განკუთვნილი თანხა, რაც უნდა დაუბრუნოს უფლებამოსილ პირებს სკ-ის 983-ე მუხლის თანახმად.

დ. ს-ე-ფ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნება, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც მისი სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია რა სახის ურთიერთობა არსებობდა მხარეებს შორის და რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მოპასუხის ვალდებულება, გადაუხადოს მოსარჩელეებს დაკისრებული თანხა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაიო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 ოქტომბრის განაჩენით ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით, 17-91 მუხლის II ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და ა. ბ-ს დაეკისრა დ. ს-ე-ფ-ის სასარგებლოდ _ 700 ლარის, გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 600 ლარის, გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1100 ლარისა და გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 700 ლარის გადახდა.

2000წ. 4 აპრილს გამართულ იძულებით აუქციონზე ქ.ქუთაისში, ... და ... მდებარე ა. ბ-ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლის 4\6 საკუთრების უფლებით გადაეცა დ. ს-ე-ფ-ეს და ქ.ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში საკუთრების უფლებით აღირიცხა კიდეც მის სახელზე. 2001 წელს ა. ბ-მა 1373 ლარი გადასცა დ. ს-ე-ფ-ეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაა წარმოდგენილი.

პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სასამართლომ არ გაარკვია რა სახის ურთიერთობა არსებობდა მხარეებს შორის და რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება დ. ს-ის ვალდებულება, გადაუხადოს მოსარჩელეებს დაკისრებული თანხა. ამ მიზნით სასამართლოს უნდა ემსჯელა და კრიტიკულად შეეფასებინა საქმეში არსებული ა. ბ-ის ხელწერილები.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ დ. ს-ე-ფ-ის მიერ ადგილი აქვს უფლებამოსილი პირებისათვის განკუთვნილი შესრულების მიღებას.

პალატას მიაჩნია, რომ დ. ს-ე-ფ-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული 673 ლარის ოდენობით სასამართლო ხარჯების გაწევის ფაქტი. ამ ნაწილში კასატორის მიერ დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი და სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი აღნიშნული თანხის დაკისრებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ს-ე-ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.