Facebook Twitter

ას-903-1516-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – გ. ა-ის, ქ. ნ-ისა და ნ. მ-ის მიმართ და განმარტა, რომ 2001წ. 18 იანვარს მის ბებიას – ე. გ-ასა და მოპასუხეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი. იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს ლ. გ-ა იყო სრულწლოვანი, ამიტომ იგი უფლებამოსილია იდავოს იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერებაზე, ვინაიდან გარიგება დადებულია მისი თანხმობის გარეშე, მოსარჩელემ მოითხოვა 2001წ. 18 იანვარს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ას სარჩელი და მას უარი ეთქვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე.

რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ა-მა, ქ. ნ-მა და ნ. მ-მა და მოითხოვს ფულადი დავალიანების გადახდევინება მოპასუხე ე. გ-ასაგან იმ საფუძვლით, რომ მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების - გ. ა-ის, ქ. ნ-ისა და ნ. მ-ის სარჩელი, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ მოპასუხე ე. გ-ასაგან ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ამ უკანასკნელს დაეკისრა მოპასუხეების სასარგებლოდ სულ 26667 აშშ დოლარის გადახდა ლარებში ეკვივალენტი.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ე. გ-ამ და აღნიშნა, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლო 2002წ. 8 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადება, ამავე მიზეზით ვერ შეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზი.

რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის განჩინებით ე. გ-ას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ე. გ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის განჩინება, ხოლო ლ. გ-ამ ამავე სასამართლოს 2002წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მათი სააპელაციო საჩივრები აპელანტების გამოუცხადებლობის გამო.

ე. და ლ. გ-ებმა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საჩივრით მიმართეს სააპელაციო პალატას შემდეგი მოტივით _ მათ ეცნობათ სხდომის დღის შესახებ, მაგრამ ვერ შეძლეს სხდომაზე გამოცხადება ავადმყოფობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ას საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კი არ დაკმაყოფილდა ე. გ-ას საჩივარი 2003წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

ე. და ლ. გ-ებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და 2003წ. 24 ოქტომბრის განჩინებაზე. მათ მოითხოვეს მითითებული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მათ მიერ საჩივართან ერთად წარდგენილი ავადმყოფობის ცნობები, რითაც დაარღვია სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, ე. და ლ. გ-ების საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით ლ. გ-ა და ე. გ-ა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყვნენ 2003წ. 24 ოქტომბერს სასამართლოს სხდომის შესახებ, რომელზეც განიხილებოდა მათი საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 15 ივლისს მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გაურკვეველი მიზეზით არ გაიზიარა მათ მიერ საჩივართან ერთად წარდგენილი ავადმყოფობის ცნობები.

ე. გ-ას მიერ წარმოდგენილი თბილისის ¹3 პოლიკლინიკის ავადმყოფობის ისტორიის ამონაწერი, თუნდაც იგი ადასტურებდეს მის ავადმყოფობას, გაცემულია 2003წ. 5 აგვისტოს, ხოლო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2003წ. 24 ოქტომბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო ე. გ-ას გამოუცხადებლობის მიზეზი, რაც იძლეოდა სამართლებრივ საფუძველს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად.

საქმის მასალების მიხედვით ლ. გ-ა გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით სასამართლო სხდომაზე 2003წ. 24 ოქტომბერს გამოცხადებელი იყო ლ. გ-ა და მისი წარმომადგენელი ნ. ჩ-ა.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ლ. გ-ა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაფრთხილებულ იყო 2003წ. 15 ივლისს სასამართლო სხდომის თაობაზე, ვინაიდან უწყება ჩაიბარა მისმა მამამ ა. გ-ამ. სსკ-ის 74-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად არ გაიზიარა ლ. გ-ას მიერ წარდგენილი ავადმყოფობის ცნობა, ვინაიდან თბილისის ¹3 პოლიკლინიკის სამედიცინო ბარათის ამონაწერი გაცემულია 2003წ. 5 აგვისტოს. ამავე პოლიკლინიკის დირექტორის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, აღნიშნულ ცნობაზე (ფორმა ¹27-ზე) არ არის პოლიკლინიკის ბეჭედი, ცნობაზე ასევე უნდა იყოს დირექტორის ხელმოწერა, მკურნალი ექიმის ხელის მოწერასთან ერთად.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ განსასჯელი ლ. გ-ა გამოცხადებული იყო 2003წ. 16 ივლისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე.

საკასაციო პალატის აზრით, ზემოაღნიშნული გარემოებები გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ლ. გ-ა საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობის გამო, არ ესწრებოდა 2003წ. 15 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომას და მოკლებული იყო შესაძლებლობას ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე.

კასატორების მიერ დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიღებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე. გ-ას მიმართ, ხოლო ლ. გ-ას მიმართ კი განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. გ-ასა და ლ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

კასატორი ლ. გ-ა გათავისუფლდეს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.