ას-904-1528-03 9 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 22 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «ა-ა”-მ შპს «ზ-ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება.
მოსარჩელის სარჩელი დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებით: შპს «ა-ას” 1995 წლიდან ურთიერთობა აქვს მოპასუხესთან, რომელიც დაწვრილებითაა აღწერილი იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ 2000წ. 30 მარტის აქტში.
საქმეში არსებული 1995წ. 15 ივლისით დათარიღებული დოკუმენტი ცხადჰყოფს, რომ შპს «ბ-ის” მიერ სს «ზ-ისაგან” გატანილ იქნა შპს «ა-ის” კუთვნილი 200000 აშშ დოლარის ღირებულების 20000 ტონა ამონიუმის გვარჯილა. შეიტყო რა აღნიშნულის შესახებ, მოსარჩელემ ფაქსით გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა შპს «ბ-ს” და დაავალა უკანონოდ გატანილი ამონიუმის გვარჯილის ღირებულების 200000 აშშ დოლარის დაბრუნება.
შპს «ა-ა” გაეცნო რა იუსტიციის სამინიტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის აქტს კვლავ მიმართა პრეტენზიით შპს «ბ-ს” და საბოლოოდ 2002წ. 4 მარტს მიიღო პასუხი.
1997წ. 5 მაისის ¹142/432 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს «ზ-მა” შპს «ბ-ზე” გასცა 200868 აშშ დოლარის ღირებულების ამონიუმის გვარჯილა მათ შორის არსებული 20.09.1996წ. ¹96-23 ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ საბუთში მოსარჩელე არასწორადაა მითითებული გადამხდელად და ასევე არასწორად ჩამოაჭრეს შპს «ა-ას” 200 868 აშშ დოლარი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები ეყრდნობიან იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2000წ. 30 მარტის აქტს. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შპს «ა-ის” კუთვნილი 200 686 აშშ დოლარის ღირებულების 2008 ტონა გვარჯილა სს «ზ-მა” გასცა თურქული კომპანიის შპს «ბ-ის” შპს «ა-ის” -მომადგენლის _ შ. ი-ის მითითებით, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა 1996-1997 წლებში ურთიერთობა შპს «ა-ასა” და სს «ზ-ს” შორის. შ. ი-იმ 1996წ. 10 ოქტომბერს მიმართა შპს «ქ-ს” (სამართალმემკვიდრე სს «ზ-ი) შპს «ა-ის” ხარჯზე 20000 ტონა ამონიუმის გვარჯილის ფირმა შპს «ბ-ისათვის” გადაცემის შესახებ, რაც შესრულებულ იქნა კიდეც. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს თავისი წარმომადგენლის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი უსაფუძვლოდ გამდიდრდა შპს «ა-ის” ხარჯზე.
ამასთან, სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულ იქნა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რამდენადაც დავალიანება წარმოიშვა 1996-1997 წლებში, სარჩელი კი აღიძრა 2002წ. 2 აგვისტოს.
შპს «ა-ამ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: არასწორია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ყოფილ წარმომადგენელთან შ. «ი-ისთან ან თურქულ ფირმა შპს «ბ-თან”, რადგან, თუ სარჩელის განხილვისას სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიმართ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას უნდა ემსჯელა სსკ-ის 85-ე მუხლის თანამხად, არასათანადო მოპასუხის შეცვლაზე. ამასთან, შ. ი-ის უფლება ჰქონდა, ურთიერთობა ეწარმოებინა მხოლოდ საქართველოში არსებულ რეგისტრირებულ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებსა და პირებთან, აგრეთვე, უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა სს «ზ-ისათვის” ვალდებულების შესრულება თურქულ ფირმა შპს «ბ-ის” მიმართ.
სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 130-ე მუხლი. სს «ზ-მა” გასცა 2000 ტონა ამონიუმის გვარჯილა და შესაბამისი თანხა დაუსვა დებეტში. აღნიშნულის შესახებ სს «ზ-ის” შპს «ა-ისათვის” არ უცნობებია.
შპს «ა-ისათვის” გაურკვეველი იყო, ვისთვის უნდა მოეთხოვა 200868 აშშ დოლარი. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, თუ სასამართლო დაადგენს, რომ შპს «ბ-ს” შპს «ა-ის” ხარჯზე წაღებული აქვს 200868 აშშ დოლარის პროდუქცია, ამ შემთხვევაში მან უნდა დაფაროს ვალი თუნდაც, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადაზე მსჯელობა უსაფუძვლო იყოს.
ამასთან, აპელანტმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 75 თვეზე 3%-ის გათვალისწინებით მოითხოვა 753255 აშშ დოლარის დამატებით გადახდევინება, სულ _ 954123 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1995 წლიდან მხარეებს ურთიერთშორის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სს «ზ-ი” გარკვეულ პროდუქციას აწვდიდა შპს «ა-ას”.
მხარეთა შორის დადებული იმ მიწოდების ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადას, რომლის საფუძველზე განხორციელებული მიწოდება გახადა სადავო მოსარჩელემ, წარმოადგენს 1996წ. 31 დეკემბერი, რაც აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში და მას მხარეებიც არ უარყოფენ.
მაშასადამე, შპს «ა-ას” მოთხოვნა წარმოეშვა სწორედ 1996წ. 31 დეკემბრიდან, სარჩელი კი აღძრულ იქნა 2002წ. 22 აგვისტოს.
სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებისა, ექვს წელს.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს «ა-ას” თავისი დარღვეული უფლების შესახებ უნდა შეეტყო მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ბოლო ვადის (1996წ. 31 დეკემბერი) გასვლისთანავე. ის არგუმენტი, რომ მოთხოვნის უფლების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა ექსპერტიზის 2000წ. 30 მარტის აქტის გაცნობისას და ამიტომ ხანდაზმულობის დენა ამ მომენტიდან უნდა აითვალოს, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან შპს «ა-ას”, როგორც ხელშეკრულების მხარეს, უნდა სცოდნოდა ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის ვადის შესახებ ექსპერტიზის აქტის გარეშეც.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ა-ამ”. კასატორი მიუთითებს, რომ 2000წ. 30 მარტს, მას შემდეგ როდესაც მომზადდა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საფინანსო სარევიზიო სამსახურის დასკვნა მისთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ სს ,,ქ-ის” მიერ ,,ბ-ისათვის” 2000 ტონა ამონიუმის გვარჯილის მიწოდებას თავის დროზე საფუძვლად დაედო არა სს ,,ქ-სა» და Aაჭარას შორის იმ დროს არსებული ხელშეკრულება, არამედ სს ,,ქ-სა” და ,,ბ-ს» შორის 1996წ. 20 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტი.
შპს ,,ა-ამ” ,,ქ-ის» მხრიდან მისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო არაუადრეს 2000წ. 30 მარტისა და ხანდაზმულობის ვადაც სწორედ ამ თარიღიდან უნდა აითვალოს.
კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკამაყოფილდეს, სს ,,ზ-ს» დაეკისროს 954123 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებს ურთიერთშორის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ 1995 წლიდან, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სს «ზ-ი” პროდუქციას აწვდიდა შპს «ა-ას”. მხარეთა შორის დადებული იმ მიწოდების ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადას, რომლის საფუძველზე განხორციელებული მიწოდება გახადა სადავო მოსარჩელემ, წარმოადგენს 1996წ. 31 დეკემბერი, რაც აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში და მას მხარეებიც არ უარყოფენ.
მაშასადამე, შპს «ა-ას” მოთხოვნა წარმოეშვა სწორედ 1996წ. 31 დეკემბრიდან, სარჩელი კი აღძრულ იქნა 2002წ. 22 აგვისტოს.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს «ა-ას” თავისი დარღვეული უფლების შესახებ უნდა შეეტყო მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ბოლო ვადის (1996წ. 31 დეკემბერი) გასვლისთანავე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ მოსაზრებას _ ის არგუმენტი, რომ მოთხოვნის უფლების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა ექსპერტიზის 2002წ. 30 მარტის აქტის გაცნობისას და ამიტომ ხანდაზმულობის დენა ამ მომენტიდან უნდა აითვალოს, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან შპს «ა-ას”, როგორც ხელშეკრულების მხარეს, უნდა სცოდნოდა ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის ვადის შესახებ ექსპერტიზის აქტის გარეშეც.
მოპასუხე აცხადებს, რომ მას შესრულებული აქვს ვალდებულება. ამასთან, ის მიუთითებს, რომ სარჩელი არის ხანდაზმული.
ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობაც საკმარისია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს მოთხოვნის საფუძვლებზე, რომელიც სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ რამდენიმეჯერ შეიცვალა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს «ა-ის” წარმომადგენლის – მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.