Facebook Twitter

¹ ბს-1385-1133-კ-04 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: კომპენსაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

კასატორი ი. დ-ე არის ¹629 კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრი 1989 წლიდან. 1990-92 წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის სახელმწიფო ბანკში შეტანილი აქვს 25100 საბჭოთა მანეთი. ¹629 კოოპერატიული ბინათმშენებლობა ... გამზირზე აშენებდა ორ თექვსმეტსართულიან კორპუსს. ფინანსთა სამინისტროს 1999წ. ¹226 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესით” დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ¹629 კოოპერატიული ბინათმშენებლობის ¹2 კორპუსის სამშენებლო მზადყოფნა 2003წ.ათვის შეადგენს 30-35%-ს და ამდენად, დამთავრებას დაქვემდებარებულ ბინათა კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ¹3 კორპუსის, საიდანაც ი. დ-ეს უნდა მიეღო ბინა, მზადყოფნა თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2003წ. 28 ივლისის ცნობის მიხედვით შეადგენს 15-17%-ს და დამთავრებას დაუქვემდებარებელ ბინათა კატეგორიას განეკუთვნება. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა შესაძლებლად მიიჩნია თექვსმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების პროექტის კორექტირება მე-8 სართულამდე, თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2002წ. 19 დეკემბრის ¹363/3 წერილით ... გამზირზე ¹629 ბინათმშენებლობის ამხანაგობის მიერ მშენებარე ორივე კორპუსი მიეკუთვნა დამთავრებას დაქვემდებარებულ ბინათა კატეგორიას. ¹629 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის 2000წ. 20 ივნისის საერთო კრების ¹3 საოქმო გადაწყვეტილებით, ვინაიდან ი. დ-ე სამუშაოდ და საცხოვრებლად მიდიოდა საქართველოს რესპუბლიკიდან, მას მიანიჭეს უპირატესობა და საკომპენსაციო პირთა სიაში შეიყვანეს მესამე ნომრად.

2003წ. 3 აპრილს ი. დ-ის რწმუნებულმა შ. დ-ემ სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და შემდეგი მოტივით მოითხოვა საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება:

მოსარჩელის მითითებით, მისი ვაჟი არის ¹629 კოოპერატიული ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრი და სახელმწიფო ბანკში სრულად აქვს გადახდილი ბინათმშენებლობის ღირებულება 25100 მანეთი. 1989 წელს დაწყებული მათი ბინათმშენებლობა შეწყდა 1992 წელს უსახსრობის გამო და რაიმე იმედი მშენებლობის დასრულებისა არ არსებობს, ამიტომ “საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის დამტკიცების შესახებ” ფინანსთა მინისტრის ¹226 ბრძანების თანახმად, მოსარჩელემ კომპენსაციის სახით მოითხოვა ბინათმშენებლობისათვის შეტანილი თანხის _ 27861 ლარის დაბრუნება.

თანამოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, რადგან ი. დ-ის კოოპერატიული ბინა მშენებარეა, უნდა მოხდეს მისი დამთავრება და მას მიკუთვნებული აქვს რიგითი ნომერი 8-9. აქედან გამომდინარე, მის წევრებზე ფულადი კომპენსაციები არ გაიცემა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან მოსარჩელის კოოპერატიული ბინა მიეკუთვნება მშენებლობის დამთავრებას დაქვემდებარებულ ბინათა კატეგორიას და შესაბამისად უნდა მოხდეს მშენებლობის დასრულება, ხოლო კომპენსაციის გაცემა წარმოებს მშენებლობის დამთავრებას დაუქვემდებარებელ ბინათა მფლობელებზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინებით ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ი. დ-ე არის ¹629 კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრი 1989 წლიდან და ბინათმშენებლობისათვის სახელმწიფო ბანკში შეტანილი აქვს 25100 მანეთი. სამშენებლო სამუშაოები დღეისათვის შეწყვეტილია და სამუშაოები შესრულებულია მხოლოდ 20%-ით. ვინაიდან, თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს 2002წ. 19 დეკემბრის ¹363/3 წერილის თანახმად, განსაზღვრულია ¹629 კოოპერატივის რიგითობა და კოოპერატიული ბინა მიეკუთვნება დამთავრებას დაქვემდებარებულ ბინათა კატეგორიას, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ფინანსთა მინისტრის 1999წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული “ვალის დაფარვის წესის შესახებ” დებულების მე-2 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით და მიიჩნია, რომ ¹629 ამხანაგობის ბინათმშენებლობა განახლდება რიგითობის შესაბამისად და საკომპენსაციო თანხის გაცემაც განხორციელდება მშენებლობის პარალელურად, სადაც აპელანტის დაკმაყოფილება მოხდება კოოპერატივის მიერ ჩატარებული კრებით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შ. დ-ის მიერ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით კომპენსაციის შესახებ მისი სარჩელის დაკმაყოფილებას. მოსარჩელის აზრით, ერთადერთი არგუმენტი მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა იყო ის გარემოება, რომ სასამართლომ ¹3 კორპუსი, სადაც მას უნდა მიეღო ბინა, მიიჩნია დამთავრებას დაქვემდებარებულ ბინად, რაც უსაფუძვლოა, რადგან საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ¹3 კორპუსის მშენებლობის დამთავრებას დაქვემდებარების ფაქტს. პირიქით, საქმეში უამრავი წერილობითი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც ადასტურებს, რომ ¹3 კორპუსი არის დამთავრებას დაუქვემდებარებელი. კასატორის მითითებით, თუ ფინანსთა მინისტრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული ვალის დაფარვის წესი კომპენსაციის მიღების უფლებას არ აძლევს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სკ-ის 316-ე მუხლით, რომლითაც მას კომპენსაციის მიღების უფლება ექნებოდა.

მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება. წარმომადგენელთა განმარტებით, ...ზე მშენებარე ¹3 კორპუსი არის დამთავრებას დაქვემდებარებული კორპუსი, მაგრამ, გარდა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სხვა მტკიცებულება არ გააჩნიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. დ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, რომ ი. დ-ე არის ¹629 კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრი 1989 წლიდან და 1990-92 წლებში ბინათმშენებლობისათვის სახელმწიფო ბანკში შეტანილი აქვს 25100 საბჭოთა მანეთი. ¹629 კოოპერატიული ბინათმშენებლობა ...ის გამზირზე აშენებდა ორ თექვსმეტსართულიან კორპუსს. ბინათმშენებლობა დღეისათვის შეწყვეტილია და კასატორი ითხოვს ბინათმშენებლობისათვის შეტანილი თანხის კომპენსაციის ანაზღაურებას.

“სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის თანახმად, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი სახელმწიფო დავალიანება აღიარებულია სახელმწიფოს შიდა ვალად, რომლის დაფარვაც უნდა მოხდეს ფინანსთა მინისტრის 1999წ. ¹226 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის შესაბამისად”. “წესების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის ბინათმშენებლებს, ანუ იმ სახლების მფლობელებს, რომლებზეც შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 20%-ზე ნაკლებია, ბინების აშენების ნაცვლად მიეცემათ საკომპენსაციო ერთჯერადი განაცემი, საცხოვრებელი სახლის ასაშენებელ რაიონში საერთო 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო “წესების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და მე-2 მუხლის მიხედვით, დამთავრებას დაქვემდებარებული კატეგორიის ბინათმშენებლობებზე, ანუ სახლებზე, რომლებზეც შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება 20%-ზე მეტია, საკომპენსაციო განაცემი არ გაიცემა და ბინათმშენებლობა ექვემდებარება რიგითობის მიხედვით დამთავრებას.

გურამიშვილის გამზირზე ¹629 კოოპერატიული ბინათმშენებლობის ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსიდან ¹2 კორპუსი “წესებით” გათვალისწინებული კრიტერიუმით განეკუთვნებოდა დამთავრებას დაქვემდებარებულ კატეგორიას, ხოლო ¹3 კორპუსი, სადაც კასატორს უნდა მიეღო ბინა, განეკუთვნებოდა დამთავრებას დაუქვემდებარებელ ბინათა კატეგორიას, რადგან თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამოქალაქო სამსახურის 2003წ. 28 ივლისის ცნობის მიხედვით, ¹2 კორპუსის სამშენებლო მზადყოფნა შეადგენდა 30-35%-ს, ¹3 კორპუსისა _ 15-17%-ს. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 2003წ. 21 ნოემბრის მონაცემებით კი, ¹3 კორპუსის სამშენებლო მზადყოფნა შეადგენს 5%-ს.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ი. დ-ის სარჩელი კომპენსაციის მიღებაზე, რადგან დადგენილად მიიჩნია, რომ ...ზე ¹629 ბინათმშენებლობის ამხანაგობის მშენებარე ¹3 კორპუსი ისევე, როგორც ¹2 კორპუსი, მიეკუთვნა დამთავრებას დაქვემდებარებულ ბინათა კატეგორიას, კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2003წ. 31 იანვრის ¹123 წერილით, რომლის მიხედვითაც არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა შესაძლებლად მიიჩნია 16-სართულიანი კორპუსის კორექტირება მე-8 სართულამდე, რის საფუძველზეც თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2002წ. 19 დეკემბრის წერილის თანახმად, ¹629 ბინათმშენებლობის ამხანაგობის ორივე კორპუსს ¹2-3 მიენიჭა დამთავრებას დაქვემდებარებული კატეგორია, რასაც არ ეთანხმება კასატორი და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.

საკასაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დავის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტისათვის საჭიროდ მიიჩნევს ამ გარემოების სწორად გამოკვლევა-დადგენას, რადგან, როგორც აღინიშნა, ფინანსთა მინისტრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული “წესების” მე-3 მუხლის მე-3-4 პუნქტების მიხედვით, დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის ბინათმშენებლებს ბინების აშენების ნაცვლად, მიეცემათ საკომპენსაციო ერთჯერადი განაცემი, ხოლო დამთავრებას დაქვემდებარებული კატეგორიის ბინათმშენებლებზე “წესების” მე-2 მუხლის თანახმად, საკომპენსაციო განაცემი არ გაიცემა, რადგან მათი ბინათმშენებლობა დამთავრებას დაექვემდებარა.

...ის გამზირზე ¹629 კოოპერატიული ბინათმშენებლობის ¹3 კორპუსის შესახებ, სადაც კასატორს უნდა მიეღო ბინა, წარმოდგენილია ერთი და იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები, კერძოდ, თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2002წ. 19 დეკემბრის მონაცემის მიხედვით, რასაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა, ¹3 კორპუსი 2000წ. 1 იანვრის მდგომარეობით განეკუთვნება დამთავრებას დაქვემდებარებულ კორპუსთა კატეგორიას, ხოლო იმავე ადმინისტრაციული ორგანოს, თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის უფრო გვიანდელი, 2003წ. 28 ივლისის მონაცემით, ¹3 კორპუსის სამშენებლო მზადყოფნა შეადგენს 15-17%-ს და ამდენად, კორპუსი დამთავრებას დაუქვემდებარებელ ბინათმშენებლობას განეკუთვნება. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 2003წ. 21 ნოემბრის წერილის მიხედვითაც ¹3 კორპუსის სამშენებლო მოცულობა შეადგენს 5%-ს, ე.ი. დამთავრებას დაუქვემდებარებელ მშენებლობათა კატეგორიას განეკუთვნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა გურამიშვილის გამზირზე ¹629 ბინათმშენებლობის ამხანაგობის მიერ მშენებარე ¹3 კორპუსთან დაკავშირებით, კერძოდ, გასარკვევია ¹3 კორპუსი რომელი კატეგორიის ბინათმშენებლობას განეკუთვნება, დამთავრებას დაქვემდებარებულს თუ დაუქვემდებარებელს და შემდეგ “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლისა და ფინანსთა მინისტრის 1999წ. ¹226 ბრძანებით დამტკიცებული “წესების” შესაბამისად უნდა გადაწყდეს ი. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საკითხი.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ი. დ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან საჭიროა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. დ-ის წარმომადგენლ შ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.