Facebook Twitter

ას-905-1537-03 20 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ქ.-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 2001წ. 24 ივლისს მას და ნ. ჭ.-ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ. ჭ.-ეს გადასცა 5200 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ. ჭ.-ის ბინა ¹37, მდებარე ქ. თბილისში, .... მოსარჩელის განმარტებით, თანხის დაბრუნების ვადა გავიდა 2001წ. 24 ოქტომბერს. ნ. ჭ.-ემ პროცენტის სახით გადაიხადა 600 აშშ დოლარი. დ. ქ.-ემ მოითხოვა დარჩენილი გადასახდელი თანხის _ 6474 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. ნ. ჭ.-ეს დ. ქ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6328 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რომლის უზრუნველსაყოფად გადახდევინება მიქცეულ იქნა იპოთეკით დატვირთულ ბინაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ცნო მოპასუხის მიერ 900 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. დანარჩენი თანხის დაბრუნების თაობაზე კი არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება. სასამართლომ სარჩელის აღძვრამდე ნ. ჭ.-ის მიერ გადახდილი პროცენტის ოდენობა განსაზღვრა 2028 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ძირითად თანხასთან ერთად შეადგენს 7228 აშშ დოლარს, ხოლო გადახდილი თანხის გამოკლებით დარჩენილი თანხა _ 6328 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში _ დაეკისრა ნ. ჭ.-ეს. ამასთან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია თანხის გადახდევინება იპოთეკით დატვირთულ ბინაზე აუქციონის ჩატარების გზით.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და არ შეაფასა მის მიერ წარდგენილი ჩანაწერები, საიდანაც დგინდება, რომ აპელანტს სესხად აღებული ჰქონდა არა 5200 აშშ დოლარი 3%-ით, არამედ 4200 აშშ დოლარი 8%-ით, რაც უნდა დაებრუნებინა სამ თვეში. მან დ. ქ.-ეს თავიდანვე მისცა თანხის 8% და ამიტომ ხელშეკრულებაში მიუთითა 5200 აშშ დოლარი. სამი თვის გასვლის შემდეგ მას უნდა დაებრუნებინა 6594 აშშ დოლარი. სამი თვის ვადაში მთლიანი სესხის დაფარვა ვერ მოხერხდა. აპელანტის აზრით, მას გადახდილი აქვს 3200 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 3128 აშშ დოლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 7 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ ნ. ჭ.-ის მიერ წარდგენილი აშშ დოლარის კუპიურების ნომრის ჩამონათვალი საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად არ მიიჩნია იმ არგუმენტის გათვალისწინებით, რომ, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მას აკლია ფურცელი, ხოლო სანოტარო წესით დადასტურებული იპოთეკის ხელშეკრულებით დაფიქსირებულია 5200 აშშ დოლარი. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ნ. ჭ.-ეს გადახდილი აქვს 3200 აშშ დოლარი, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის გამო. სკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.

სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ რეალურად მხარეთა შორის დაიდო სანოტარო წესით დადასტურებული გარიგებისაგან განსხვავებული ხელშეკრულება, რომლითაც მან 2001წ. 24 ივლისს ისესხა 4200 აშშ დოლარი 8% დარიცხვით სამი თვის ვადით. დ. ქ.-ემ სესხის გაფორმებისას მაშინვე მიიღო სამი თვის 8%, რის გამოც ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაში დაფიქსირდა 5200 აშშ დოლარი. კასატორი თვლის, რომ დ.ქ.-ემ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებები ბინის ხელში ჩაგდების მიზნით. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი კუპიურების ნომრების ჩანაწერები, რომელშიც დაფიქსირებულია 4200 აშშ დოლარის კუპიურები. კასატორის აზრით, სარგებლის ოდენობა შეადგენს 8%-ს, რაც დასტურდება მოპასუხის ახლობლის მიერ შედგენილი გაანგარიშებით, ხოლო მის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა _ ხელშეკრულების მეორე გვერდზე არსებული ჩანაწერებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპლაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ნ. ჭ.-ე სააპელაციო საჩივარში უთითებდა იმ გარემოებას, რომ დ. ქ.-ისათვის მას გადახდილი აქვს 3200 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის გადახდის ფაქტის დასადასტურებლად იგი უთითებდა ხელშეკრულების მეორე გვერდზე არსებულ ჩანაწერებზე, რომლებიც, მისივე განმარტებით, შესრულებული იყო თვითონ დ. ქ.-ის მიერ.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია კანონის მოთხოვნათა დაცვით. სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრული და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულება სასამართლოს უნდა შეემოწმებინა სასამართლოს სხდომაზე მითითებული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად. სასამართლოს არა თუ არ განუხილავს მხარის მიერ მითითებული მტკიცებულება, არამედ საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნულის თაობაზე.

სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებულ საკითხთან მიმართებაში სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.