Facebook Twitter

ას-906-1538-04 20 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მამის კუთვნილ წილზე მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ახალციხეში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი 1973წ. 18 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინეს დედა-შვილმა ე. ი.-მ და რ. ი.-მ. ამ საცხოვრებელი სახლის 1/2-1/2 წილი აღირიცხა თითოეულის საკუთრებაში საჯარო რეესტრში. 1997წ. 1 მარტს გარდაიცვალა ე. ი.-ის მეუღლე ს. ი.-ე. 2001წ. 13 თებერვალს ე. ი.-მ თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აჩუქა ქალიშვილს _ ჯ. მ.-ს. რ. ი.-მ ეს ჩუქების ხელშეკრულება მიიჩნია უკანონო გარიგებად, ვინაიდან მამის კუთვნილი წილის მემკვიდრე თვითონაა და დედას, ე. ი.-ს, არ ჰქონდა ამ წილის გასხვისების უფლება, რადგან მას სამკვიდრო არ მიუღია. ამიტომ მოსარჩელემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე ე. ი.-ის მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მამის კუთვნილ წილზე მემკვიდრედ ცნობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით რ. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ იგი ცნობილ იქნა ს. ი.-ის კუთვნილი ქონების ერთი მეხუთედის ანუ ე. ი.-ის კუთვნილი სახლის ერთი მეათედი წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ახალციხის რაიონის ¹...-ე სანოტარო ბიუროს მიერ 2001წ. 13 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება ნაწილობრივ ე. ი.-ის ქონების 1/10 წილზე, ბათილად იქნა ცნობილი. ამავე ნაწილში ცვლილება შევიდა ახალციხის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ საჯარო რეესტრში გაკეთებულ ჩანაწერშიც.

რ. ი.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის განჩინებით რ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:

ქ. ახალციხეში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილი წარმოადგენდა მეუღლეთა, ე. და ს. ი.-ეების, თანასაკუთრებას. სკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვლილი ს. ი.-ის კანონით მემკვიდრეები არიან: მისი მეუღლე – ე. ი.-ე და შვილები: რ. ი.-ე, ჯ. ი.-ე, ნ. მ.-ე და ო. თ.-ე. სკ-ის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ი.-ის გარდაცვალების შემდეგ ე. ი.-ემ ყველა შვილს დაურიგა მამის დანატოვარი ძროხები. აღნიშნულის საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ ს. ი.-ის მემკვიდრეებს ფაქტობრივად მიღებული აქვთ სამკვიდრო.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ი.-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მისი მშობლები არ ცხოვრობდნენ ქ. ახალციხეში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ისინი ცხოვრობდნენ უმცროს ქალიშვილთან ჯ. მ.-ესთან. ვინაიდან ქ. ახალციხეში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 წარმოადგენდა მეუღლეთა, ე. და ს. ი.-ეების, საკუთრებას, ამიტომ ე. ი.-ეს არ ჰქონდა უფლება ს. ი.-ის მემკვიდრეების, კერძოდ, კასატორის კუთვნილი წილიც გაეჩუქებინა მის დაზე – ჯ. ი.-ეზე. სადავო საცხოვრებელ სახლში კასატორის დებსა და დედას რომ არ უცხოვრიათ, ამას თვით ისინიც არ ხდიან სადავოდ. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ს. ი.-ის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხემ შვილებს გაუნაწილა ძროხები, რომლებიც ჰყავდათ ჯ. მ.-ესთან. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ს. ი.-ეს ძროხები არ ჰყავდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ექვს თვეში სანოტარო ბიუროში განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე არ შეუტანიათ მამკვიდრებლის მეუღლეს და მის ქალიშვილებს. სკ-ის 1421-ე მუხლის შესაბამისად, ისინი არ დაუფლებიან სამკვიდროს, ამიტომ მათ დაკარგეს ს. ი.-ის სამკვიდრო წილის მიღების უფლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ი.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დედა-შვილის _ ე. და რ. ი.-ეების საერთო საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ახალციხეში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, თითოეულს ეკუთვნოდა 1/2-1/2 წილი. ე. ი.-ის კუთვნილი 1/2½წილის თანამესაკუთრეს წარმოადგენდა მისი მეუღლე ს. ი.-ე, რომელიც გარდაიცვალა 1997წ. 1 მარტს. ს. ი.-ეს დარჩა პირველი რიგის ხუთი მემკვიდრე: მეუღლე – ე. ი.-ე, ვაჟი – რ. ი.-ე, ქალიშვილები – ნ. მ.-ე, ო. თ.-ე და ჯ. ი.-ე. მართალია, აწ. გარდაცვლილი ს. ი.-ის მემკვიდრეებს არ მიუმართავთ სანოტარო ორგანოსათვის სამკვიდროს მიღების თაობაზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აწ. გარდაცვლილი ს. ი.-ის მემკვიდრეებმა სამკვიდრო ფაქტობრივად მიიღეს, კერძოდ, ე. ი.-მ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შვილებს დაურიგა თითო ძროხა. სკ-ის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა აღნიშნული ნორმა. პალატა ვერ გაიზიარებს რ. ი.-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მის გარდა ს. ი.-ის მემკვიდრეებს სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღიათ და არც ფაქტობრივად დაუფლებიან მამკვიდრებლის ქონებას, რადგან ს. ი.-ს არ ჰყავდა ძროხები და დედას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არ გაუნაწილებია ისინი შვილებზე. სააპელაციო პალატის სხდომაზე რ. ი.-ის წარმომადგენელმა ვ. ვარდიძემ მიუთითა, რომ ძროხები წაიყვანეს მამის გარდაცვალებამდე. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა თვლის, რომ რ. ი.-ს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ი.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის განჩინება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.