ას-908-1540-03 27 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მესაკუთრედ ცნობა და კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. გ-ი-ს-ის მიმართ და მიუთითა, რომ 1993წ. 15 ივნისს გარდაიცვალა მისი პაპა მ. ს-ი, რომელმაც მთელი ქონება და მათ შორის სოფ. ...ში მდებარე სახლი უანდერძა მას. აწ გარდაცვლილ მ. ს-ს ეკუთვნოდა, აგრეთვე, ქ. გურჯაანში ... მდებარე ბინა, რადგან პაპის გარდაცვალების დროისათვის მოსარჩელე 13 წლისა იყო, ამიტომ ქონების მართვას შეუდგა მის კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად. 2002წ. ნოემბერში შეიტყო, რომ მოპასუხე ქ. ს-ს თავის სახელზე აუღია მემკვიდრეობის მოწმობა, რაც არასწორად მიაჩნია. მ. ს-მა სარჩელში მოითხოვა აწ გარდაცვლილი მ. ს-ის მემკვიდრედ ცნობა. ქ. გურჯაანში მდებარე სახლების მესაკუთრედ და ასევე ქ. ს-ის სახელზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობა. სასამართლო სხდომაზე მ. ს-ის წარმომადგენელმა მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მ. ს-ი ცნობილ იქნა სოფ. ...ში მდებარე ამჟამად ქ. გ-ი-ს-ის სახელზე აღრიცხული ბინის ნახევრის მესაკუთრედ. მ. ს-ს აღუდგა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა და ცნობილ იქნა ქ. გურჯაანში, ... მდებარე ამჟამად ქ. გ-ი-ს-ზე რიცხული ბინის ნახევრის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი გურჯაანის რაიონის ნოტარიუსის 1999წ. 3 აგვისტოს მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში და გურჯაანის ტექაღრიცხვის ბიუროს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერებში.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ს-ი სამკვიდრო ქონების მართვას თავის მშობლებთან ერთად პრაქტიკულად შეუდგა და სოფ. ...ში მდებარე ბინით სხვას არავის უსარგებლია. ამასთან, არ გაიზიარა მოპასუხის შემდეგი მოსაზრება _ ქ. ს-ს მეუღლის წილიდან ანდერძის შემთხვევაშიც ეკუთვნის სავალდებულო წილი, რადგან ანდერძის შედგენის დროისთვის მ. ს-ს არ გამოუხატავს ნება, რომ მისი კუთვნილი წილიდან წილი მიეღო მეუღლესაც. დადგენილად ცნო ისიც, რომ ქ. გურჯაანში, მდებარე სადავო ბინის მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის იყო მ. ს-ი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. ს-ის წარმომადგენელმა ა. ზ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ს-ის წარმომადგენლის _ ა. ზ-ის სააპელაციო საჩივარი და გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ს-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2003წ. 15 ივლისს მ. ს-მა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას ამავე პალატის 2003წ. 5 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის განჩინებით მ. ს-ის საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ს-ის წარმომადგენლის _ ა. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ს-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ს-ი გარდაიცვალა 1993წ. 15 ივნისს. აწ გარდაცვლილმა მ. ს-მა 1987წ. 6 აგვისტოს ანდერძით, მთელი მისი ქონება უანდერძა მ. ს-ს. სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან სამკვიდრო გაიხსნა 1993წ. 15 ივნისს, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა დამთავრდა 1993წ. 15 დეკემბერს. ამ ვადაში მ. ს-ს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელი ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავს. ამასთან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება ექვსთვიან ვადაში სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება და მართვა, გარდა მოსარჩელის განმარტებისა. მ. ს-ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მამის ავადმყოფობის არანაირი მტკიცებულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ს-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა საქმის მომზადებასთან დაკავშირებით და განიხილა საქმე, რითაც წაერთვა შესაძლებლობა, წარედგინა მტკიცებულებები სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო მოწმეთა ახსნა-განმარტებები, საიდანაც დასტურდება, რომ მ. ს-ი თავისი მშობლებით მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც და მისი გარდაცვალების შემდეგაც ფლობდნენ და გარკარგავდნენ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორის პაპა მ. ს-ი გარდაიცვალა 1993 წელს. 1987 წელს გარდაცვალებამდე მან მთელი ქონება უანდერძა კასატორს მ. ს-ს (უმცროსს). სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ასევე, რომ მ. ს-ს (უმცროსი) არ მიუმართავს კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელი ორგანოსათვის და არც ფაქტობრივი ფლობით მიუღია მემკვიდრეობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ კასატორის მამის ავადმყოფობის ფაქტი წარმოდგენილ მასალებით ვერ დასტურდება და ასეთი რომც ყოფილიყო, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს მემკვიდრეობის მიღების ცხრა წლით გადაცილების საპატიო მიზეზად.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასაართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ წამოყენებული პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს სწორად გამოიყენა 1964წ. რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რადგან სამკვიდრო გაიხსნა 1993 წელს და ამ დროისთვის მოქმედებდა აღნიშნული კოდექსი. ხსენებული კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებას სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას. აღნიშნული მოქმედებები უნდა შესრულდეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა არასწორად წარმართა პროცესი და ვერ დაიცვა მარწმუნებლის ინტერესები. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლი გახდეს, რადგან სსკ-ის 93-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა მოსარჩელე მ. ს-ი და მისი წარმომადგენელი. ს-ს პრეტენზია წარმომადგენლის მიმართ არ ჰქონია და არც სხდომის ოქმი გაუსაჩივრებია. უფრო მეტიც, რაიონულ სასამართლოში მოსარჩელემ მოიგო პროცესი და მისი სარჩელი დაკმაყოფილდა. ასევე არ შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისთვის ადვოკატმა ვერ მოასწრო საქმის დროულად გაცნობა, რადგან მხარე სასამართლოსთვის უნდა მოემზადოს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.