საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №624აპ-21 ქ. თბილისი
ც-ა ზ., 624აპ-21 17 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენით ზ. ც-ა, – დაბადებული 1--- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი; მასვე საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობით მსჯავრთან ერთად, დაეკისრა მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი, ასევე – ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი, თანაცხოვრების გაგრძელების შემთხვევაში შვილს – გ. ც-ას, რძალს – თ. ქ-ას, შვილიშვილებს – გ. და ბ. ც-ბს ყოველ ჯერზე მიმართოს მხოლოდ პატივისცემის გამომხატველი მიმართვის ფორმებით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 12 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ც-ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
3. 2021 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ჯვარში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ზ. ც-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რძალს – თ. ქ-ას, რა დროსაც ხელით სწვდა თმაში, ძლიერად მოქაჩა, მოაგლიჯა თმის ნაწილი და წააქცია, რის შედეგადაც თ. ქ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ. ც-ასთვის სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
5. მსჯავრდებულ ზ. ც-ას ადვოკატმა ლ. ა-ამ შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჯაბუა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ. ც-ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, დანარჩენ ნაწილში კი – განაჩენის უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს პირობითი მსჯავრის დანიშვნა უსამართლო და მსუბუქი სასჯელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ზ. ც-ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
4. უპირველეს ყოვლისა, როგორც წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებულ ზ. ც-ას მსჯავრი დაედო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელიც მხოლოდ ამ მუხლით განესაზღვრა. ამდენად, საკასაციო საჩივარში მითითება დანაშაულთა ერთობლიობის დროს პირობითი მსჯავრის უსამართლობის შესახებ არასწორია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
5. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა მითითების პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის – ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).
6. პროკურორის მოთხოვნის ძირითადი არგუმენტია წარსულში განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ზ. ც-ას მიერ ოჯახური დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ ზ. ც-ას განუსაზღვრეს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 წელი, რომლის გამკაცრება და პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ზ. ც-ა ნასამართლევი იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და აკმაყოფილებდა პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის კანონით დათქმულ პირობებს – ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც აღიარა და მოინანია, ითანამშრომლა გამოძიებასთან.
7. ამდენად, ზ. ც-ას მიმართ გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 63-64-ე მუხლების მოთხოვნებს და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
8. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენი დაცვის მხარეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, იგი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ.
9. იმ საკითხის გადასაწყვეტად, შეუძლია თუ არა სასამართლოს, გასცდეს საკასაციო საჩივრისა და მხარეთა მოთხოვნების ფარგლებს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №--- გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობაზე:
„... კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს, საქმეში არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვის და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს...“ (II-20პარ.).
„შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეებისათვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებას, წარადგინონ მათი პოზიციის სასარგებლო მტკიცებულებები, არგუმენტები და ამ გზით მოახდინონ გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე, თუმცა ეს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისაგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე“ (II-21პარ.).
10. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის მიუხედავად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №688აპ-19 გადაწყვეტილებით დადგენილია მსჯავრდებულის გამართლების პრაქტიკაც.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი უფლებამოსილია, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს, კერძოდ: მართალია, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლი არ შეიცავს მოვალეობის დაკისრების ამომწურავ ჩამონათვალს და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, მსჯავრდებულს დააკისროს სხვა მოვალეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას, მაგრამ მსჯავრდებულ ზ. ც-ასათვის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ალკოჰოლის მიღების სრული აკრძალვა, ასევე – ოჯახის წევრებისათვის (შვილის, რძლისა და შვილიშვილებისათვის) ყოველ ჯერზე მხოლოდ პატივისცემის გამომხატველი ფორმებით მიმართვის დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დებულებებიდან, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შინაარსიდან და სცდება მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებს, მითუფრო, რომ, სხვა მოვალეობებთან ერთად, მსჯავრდებულს დაეკისრა, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობისა და ასევე – ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. შესაბამისად, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება აღნიშნულის თაობაზე, დანარჩენ ნაწილში კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ზ. ც-ასათვის ალკოჰოლური სასმლის აკრძალვის, ასევე – თანაცხოვრების გაგრძელების შემთხვევაში შვილის – გ. ც-ას, რძლის – თ. ქ-ას, შვილიშვილების – გ. და ბ. ც-ებისათვის ყოველ ჯერზე მხოლოდ პატივისცემის გამომხატველი ფორმებით მიმართვის შესახებ;
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე