საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №452I-21 თბილისი
ბ-ი მ-ე, 452I-21 22 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ-ის ადვოკატ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის პირველი დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მ. ბ-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები ისრაელის სახელმწიფოში:
· ისრაელის სახელმწიფოში მ. ბ-ის ექსტრადიცია მოითხოვეს მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, შემდეგ დანაშაულებთან დაკავშირებით: ისრაელის სახელმწიფოს №5737-1977 სისხლის სამართლის კოდექსის 418-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (გაყალბება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში - ორი ეპიზოდი), რისთვისაც განსაზღვრულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; 420-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ყალბი დოკუმენტის გამოყენება), რისთვისაც განსაზღვრულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 415-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (რაიმეს დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც განსაზღვრულია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
· 2021 წლის 24 ივნისსა და 31 აგვისტოს ისრაელის სახელმწიფოს თელ-ავივის მაგისტრატმა სასამართლომ გამოსცა მ. ბ-ის დაკავების ბრძანება;
· 2021 წლის 27 ივლისიდან მ. ბ-ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. საქმის მასალების მიხედვით, მ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ü 2013 წლის მაისში ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მ. ბ-მა სხვისი ქონების უკანონო დაუფლების მიზნით, მოატყუა ზ. დ-ი, რომ მონაწილეობდა ისრაელის სახელმწიფოს საპორტო სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კონფისკაციას დაქვემდებარებული ალკოჰოლური ნაწარმის შესყიდვასთან დაკავშირებით;
ü რეალურად აღნიშნული ტენდერი გამოცხადებული არ ყოფილა, ხოლო ზ. დ-ის დასარწმუნებლად მ. ბ-მა დაამზადა და მას წარუდგინა ტენდერის გამოცხადებისა და ამ ტენდერში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები;
ü მ. ბ-მა ყალბი დოკუმენტების გადაცემის შემდეგ ზ. დ-ისაგან მიიღო და უკანონოდ დაეუფლა დაახლოებით 964906 აშშ დოლარს.
3. მ. ბ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
o 2021 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი მ. ბ-ი;
o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 აგისტოს განჩინებით მ. ბ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 100000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით. მასვე დაეკისრა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
o 2021 წლის 27 აგისტოს გირაოს თანხა გადაიხადა ი. გ-ემ, რის შემდეგაც, იმავე დღეს, მ. ბ-ი გათავისუფლდა პატიმრობიდან;
o 2021 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ. ბ-ის ექსტრადიციის თაობაზე მიიღო ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.
4. 2021 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქე მ. ბ-ის ისრაელის სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქე მ. ბ-ის, - - - ისრაელის სახელმწიფოში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია მ. ბ-ის ექსტრადიციის შესახებ ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობაში და დასჯადია ისრაელის სახელმწიფოს №5737-1977 სისხლის სამართლის კოდექსის 418-ე (გაყალბება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში - ორი ეპიზოდი); 420-ე (ყალბი დოკუმენტის გამოყენება) და 415-ე მუხლებით (რაიმეს დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის პირველი დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ-ის ადვოკატმა ნ. შ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მ. ბ-ის ისრაელის სახელმწიფოში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი ნანიკო ზაზუნაშვილი არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და ითხოვს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.
3. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი მ. ბ-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ-ის საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული წარმოება არ დასრულებულა და პროცესის დასრულებამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიცია ისრაელის სახელმწიფოში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მ. ბ-ი არის ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ხოლო საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ იქნება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები, რომ ისრაელის სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ბ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების სტანდარტები და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. ამასთან, ადვოკატმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც მ. ბ-ის მიმართ ისრაელის სახელმწიფოში რაიმე ნიშნით დევნის ვარაუდს დაადასტურებდა, ხოლო მისი ზოგადი განცხადებები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად.
6. სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).
7. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ისრაელის სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში მითითებულ ინფორმაციას, რომელთა თანახმად: ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ბ-ს მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა; ამასთან, იგი ისრაელში გასამართლდება მხოლოდ იმ დანაშაულებისათვის, რომელთა გამოც იქნება ექსტრადირებული. ამავე დროს, სასამართლო იზიარებს პროკურორის პოზიციას ისრაელის სახელმწიფოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია საკმარისი მასალები მ. ბ-ის ისრაელის სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობისათვის, რის გამოც არ არსებობს დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ისრაელის სახელმწიფოდან დამატებითი მასალების გამოთხოვის საფუძველი.
8. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ-ის ადვოკატის მოსაზრებასთან მიმართებით, რომ მ. ბ-ს ისრაელის სახელმწიფოში სისხლის სამართლის კანონი არ დაურღვევია და უდანაშაულოა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იხილავს მ. ბ-ის ბრალეულობის საკითხს, ვინაიდან, ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას, იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც არსებობს შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი გადაცემის თაობაზე, ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენს განსახილველ საკითხს.
9. საკასაციო პალატა არ ეთანხმება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ-ის ადვოკატის მოსაზრებას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მ. ბ-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის შესახებ, იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საექსტრადიციო მასალებით გათვალისწინებული იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლის ჩადენასაც ედავებიან მ. ბ-ს, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის.
10. ხოლო რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ დაზარალებული ზ. დ-ი გარდაიცვალა და მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე დაუშვებელია მ. ბ-ის ექსტრადიცია, სასამართლო ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარეს, იზიარებს პროკურორის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაზარალებულის შესაძლო გარდაცვალება არ წარმოადგენს მ. ბ-ის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის პირველი დეკემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ბ-ის ადვოკატ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის პირველი დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი