Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№555აპ-21 ქ. თბილისი

ა-ი ს., 555აპ-21 15 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების – დ. ა-ისა და ს. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილ-ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

ს. ა-ს, – - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 22 ივლისის, იმავე წლის 27 აპრილისა და 18 აგვისტოს ეპიზოდები) – 6-6 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ს. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. გ-ს, – - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 22 ივლ-ის, იმავე წლის 27 აპრილისა და 18 აგვისტოს ეპიზოდები) – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

დ. ა-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 3000 ლარი, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ო. მ-ს, – - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა 10000 ლარი, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ო. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი;

დ. ჯ-ეს, - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა 10000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულებს – დ. ა-სა და ო. მ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განაჩენით შეიცვალა: ს. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 22 ივლ-ის, იმავე წლის 27 აპრილისა და 18 აგვისტოს ეპიზოდები) და მიესაჯა 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ს. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 7 აპრილიდან; დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 3000 ლარი, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 7 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ა-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით (3 ეპიზოდი), ხოლო დ. ა-მა – თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით; ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით; ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ს. ა-მა, ზ. გ-მა და ო. მ-მა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას. ამ მიზნით ო. მ-ის სახელზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შესაქმნელად ს. ა-მა, ზ. გ-მა და ო. მ-მა გამოიყენეს 2017 წლის 21 ივნისით დათარიღებული ყალბი განცხადება-თანხმობა, ო. მ-ისა და დ. ა-ის მიერ დამზადებული, 1992 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული, №--- მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა მიხედვითაც, თითქოსდა, ო. მ-ს ეკუთვნოდა ამჟამად ქ. თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ო. მ-ის სახელზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შექმნის შემდეგ, 2017 წლის 22 ივლისს, მის სახელზე დარეგისტრირდა თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი (ს/კ – ---). ს. ა-ი, ზ. გ-ი და ო. მ-ი ხსენებული ხერხის გამოყენებით მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 100729 ლარად ღირებულ, 1500 მ2 მიწის ნაკვეთს (ს/კ – ---).

· ს. ა-მა, დ. ჯ-ემ და ზ. გ-მა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას. ამ მიზნით დ. ჯ-ის სახელზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შესაქმნელად ს. ა-მა, დ. ჯ-ემ და ზ. გ-მა გამოიყენეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტაცია – დ. ა-ის მიერ დამზადებული და მათზე გასაღებული, დაუთარიღებელი №--- და 1992 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული, №--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ყალბი აქტები, რომელთა მიხედვითაც, თითქოსდა, დ. ჯ-ეს ეკუთვნოდა ამჟამად ქ. თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დ. ჯ-ის სახელზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შექმნის შემდეგ, 2017 წლის 27 აპრილს, დ. ჯ-ის სახელზე დარეგისტრირდა ქ. თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი (ს/კ – ---), რომელიც შემდეგ გასხვისდა. ს. ა-ი, დ. ჯ-ე და ზ. გ-ი ხსენებული ხერხის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 118910 ლარად ღირებულ, 1500 მ2 მიწის ნაკვეთს (ს/კ – ---).

· ს. ა-მა, დ. ა-მა და ზ. გ-მა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას. ამ მიზნით დ. ა-ის სახელზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შესაქმნელად ს. ა-მა, დ. ა-მა და ზ. გ-მა გამოიყენეს 2017 წლის 21 ივნისით დათარიღებული ყალბი განცხადება-თანხმობა, გ. მ-ის სახელით შედგენილი, 2017 წლის 8 თებერვლით დათარიღებული ყალბი განცხადება, დ. ა-ის მიერ დამზადებული, ლ-ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის – გ. ო-ის სახელით შედგენილი -- ყალბი ცნობა, დაუთარიღებელი --და 1992 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული --მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ყალბი აქტები, რომელთა მიხედვითაც, თითქოსდა, დ. ა-ს ეკუთვნოდა ამჟამად ქ. თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შექმნის შემდეგ, 2017 წლის 18 აგვისტოს, დ. ა-ის სახელზე დარეგისტრირდა ქ. თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი (ს/კ – --). ს. ა-ი, დ. ა-ი და ზ. გ-ი ხსენებული ხერხის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 114648 ლარად ღირებულ, 1500 მ2 მიწის ნაკვეთს (ს/კ – --).

· დ. ა-მა 2017 წლის დასაწყისში გამოყენების მიზნით დაამზადა ლ-ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის – გ. ო-ის სახელით შედგენილი -- ყალბი ცნობა, დაუთარიღებელი --მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ყალბი აქტი და 1992 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული --მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ყალბი აქტი, რომელთა მიხედვითაც, თითქოსდა, დ. ა-ს ეკუთვნოდა ამჟამად ქ. თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი.

· დ. ა-მა 2017 წლის დასაწყისში გამოყენების მიზნით დაამზადა და შემდგომში გაასაღა მიწის ნაკვეთის დაუთარიღებელი №--- და 1992 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული №--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ყალბი აქტები, რომელთა მიხედვითაც, თითქოსდა, დ. ჯ-ეს ეკუთვნოდა ამჟამად ქ. თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტაცია წარადგინეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის შედეგადაც 2017 წლის 27 აპრილს დ. ჯ-ის სახელზე 1992 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №--- ყალბი აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა ქ. თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი (ს/კ – ---).

· იმავე პერიოდში დ. ა-მა და ო. მ-მა დაამზადეს 1992 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული მიწის მიღება-ჩაბარების №--- ყალბი აქტი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, ო. მ-ს ეკუთვნოდა ამჟამად ქ. თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი წარადგინეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის შედეგადაც 2017 წლის 22 ივლისს ო. მ-ის სახელზე დარეგისტრირდა ქ. თ-ში, სოფელ ქ. ლ-ში მდებარე 1500 მ2 მიწის ნაკვეთი (ს/კ – ---).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა – ს. ა-მა, დ. ა-მა და მათმა ადვოკატმა მ. ბ-მა. მსჯავრდებულმა დ. ა-მა და მისმა ადვოკატმა ითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. ა-ის მიმართ ბრალდების იმ ნაწილში, რომელშიც თავს არ ცნობს დამნაშავედ, გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო მსჯავრდებულმა ს. ა-მა და მისმა ადვოკატმა ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ს. ა-ის მიმართ ბრალდების სამივე ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის პოზიციას წარდგენილ ბრალდებებში დ. ა-ის ნაწილობრივ, ხოლო ს. ა-ის – სრულად გამართლების შესახებ, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა, ასევე – ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენებისა და გასაღების მიზნით და გასაღება (დ. ა-ის შემთხვევაში). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების – დ. ბ-ას, გ. ქ-ის, გ. ო-ის, თ. ლ-ის, გ. მ-ის, მ. ჯ-ას, ა. გ-ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების – მ. გ-ის, მ. ძ-ის, მ. შ-ის, თ. ლ-ის, თ. კ-ის, ქ. მ-ისა და სხვათა ჩვენებებით, საინფორმაციო ბაზების დათვალიერების ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 2 ოქტომბრის №-, იმავე წლის 25 დეკემბრის №- დასკვნებით, დათვალიერების ოქმებით, გრაფიკული ექსპერტიზის 2017 წლის 11 ოქტომბრის №- იმავე წლის 28 სექტემბრის №- და 23 ოქტომბრის №- ასევე – 2018 წლის 19 მარტის №- დასკვნებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან ამოღებული დოკუმენტებით, ნივთის ნასყიდობის 2017 წლის 6 მაისის №- ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებითა და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ს. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი), ხოლო მსჯავრდებულ დ. ა-ის მიერ – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოწმეების – მ. ძ-ის, მ. გ-ისა და თ. ლ-ის ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით თანმიმდევრული და დამაჯერებელია, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ამასთან, შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც პალატას მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულების – ს. ა-ისა და დ. ა-ის მიერ მათთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის კანონისმიერი საფუძველი. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც საეჭვოდ გახდიდა ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უტყუარობას და დაადასტურებდა მსჯავრდებულების უდანაშაულობას შერაცხულ ბრალდებებში.

10. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი იმავე მოტივებით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომლებზეც უთითებს საკასაციო საჩივრებში. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში აპელირებენ მსჯავრდებულები და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივრებში არ უთითებს. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

11. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №373აპ-17, №368აპ-12, №345აპ-12).

12. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულია საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების – დ. ა-ისა და ს. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი