Facebook Twitter

ას-911-1534-03 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 11 თებერვალს რ. და ზ. ა-ებმა, ზ. და ნ. ქ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. შ-ას მიმართ. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1990 წელს დაფუძნდა სამშენებლო ამხანაგობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. მოსარჩელეებთან ერთად ამხანაგობის წევრებად ირიცხებოდნენ თ. ფ-ე და რ. ე-ი. მშენებლობის პროცესში რ. ე-ს დაუგროვდა ამხანაგობის მნიშვნელოვანი დავალიანება, რის გამოც გაასხვისა თავისი წილი მ. შ-აზე. ამხანაგობის კრების 1995წ. 1 აპრილის ოქმით მ. შ-ამ ვალდებულება იკისრა, ნ. ქ-ის ოჯახისათვის გადაეხადა მშენებლობის დასამთავრებლად 6500 აშშ დოლარი და გადაეცა მისი კუთვნილი სარდაფის ნაწილი. 1998წ. 2 აპრილის ოქმით ამხანაგობამ დაადგინა, რომ ზ. ა-ს უნდა ანაზღაურებოდა სადარბაზოს, კანალიზაციისა და ელექტროგაყვანილობის რემონტისათვის მის მიერ გადახდილი თანხა, კერძოდ, შ-ასა და ფ-ისაგან, თითეულისაგან 1217 აშშ დოლარი. ამასთან, მ. შ-ას დაევალა ქ-ისათვის შ-ას მიერ დაკავებული სარდაფის ნაწილის, სანტექნიკური მოწყობილობისა და სველი წერტილების მოსაპირკეთებელი კაფელის გადაცემა.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზ. ა-ის სასარგებლოდ მ. შ-ასათვის 1217 აშშ დოლარის, კიბის უჯრედისა და რემონტის, ელექტროგაყვანილობისა და გაზის ცენტრალური სისტემის დამონტაჟების ღირებულების წილობრივი გადასახადისა და მ. შ-ას მიერ გახარჯული გაჯის ღირებულების _ 160 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო ქ-ეებისათვის სანტექნიკური მოწყობილობისა და 35 კვ.მ კაფელის ან მისი ღირებულების, ასევე შ-ას სარდაფის ნაწილის გადაცემა.

მ. შ-ამ შეგებებული სარჩელი აღძრა ა-ების წინააღმდეგ სამშენებლო ნარჩენებისაგან გასუფთავებისათვის მის მიერ გადახდილი 650 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. შ-ას დაეკისრა 1068 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ქ-ეებისა და შ-ას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, არ დააკმაყოფილა ა-ის სასარჩელო მოთხოვნა გაჯის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში. ამავე საფუძვლით არ დაკმაყოფილდა შ-ას შეგებებული სარჩელი ა-ების მიმართ. ქ-ეების სარჩელის განხილვისას სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით შ-ას ვალდებულება სანტექნიკური მოწყობილობებისა და სარდაფის ნაწილის გადაცემაზე ვერ ჩათვალა დადასტურებულად, რადგან 1998წ. კრების ოქმს ხელს აწერდა შ-ა და შეუთანხმებლობის შემთხვევაში იგი მხარეებს არაფერს არ გადასცემდა.

საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა სასამართლო ინსტანციამ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება მ. შ-ასათვის ზ. და რ. ა-ების სასარგებლოდ 1068 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ზ. და რ. ა-ების სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. შ-ას ზ. და რ. ა-ების სასარგებლოდ დაეკისრა 521 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ყ-ი” შეიქმნა 1990 წელს, რომელმაც თბილისში, ...... გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთზე ააშენა ხუთსართულიანი, ოთხბინიანი საცხოვრებელი სახლი ოთხი მობინადრისათვის. მეოთხე და მეხუთე სართულები დაიკავეს ამხანაგობის წევრებმა რ. ე-მა და ს. კ-ემ, რომლის ნაცვლად მოგვიანებით გაწევრიანდა მისი შვილი რ. ა-ი, ხოლო ნ. ქ-ისა და ც. ღ-ის ოჯახებს მეორე და მესამე სართულზე განთავსებული ბინები გადაეცემათ უფასოდ, რემონტის გარეშე. სახლის მშენებლობის დამთავრებამდე, ამხანაგობიდან გავიდა ღ-ის ოჯახი, რომლის ნაცვლად მიიღეს თ. ფ-ე, ხოლო რ. ე-ის ნაცვლად ამხანაგობაში გაწევრიანდა მ. შ-ა. რ. ე-ს, რომელმაც თავისი წილი ამხანაგობაში მიჰყიდა მ. შ-ას, გააჩნდა დიდი დავალიანება, რომლის დაფარვის მიზნითაც ამხანაგობის წევრები შეთანხმდნენ, რომ მ. შ-ა მიიღებდა წილობრივ მონაწილეობას სახლის სადარბაზოს მოპირკეთებასა და რემონტის ხარჯებში, რაც გათვალისწინებული იქნებოდა გაყიდული ბინის ანგარიშსწორების დროს რ. ე-სა და მ. შ-ას შორის.

რ. და ზ. ა-ების სასარჩელო განცხადებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ კიბის უჯრედის გამართვისა და რემონტისათვის, ელექტროგაყვანილობისა და გაზის ცენტრალური სისტემის დამონტაჟებისათვის ჩატარებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 3651 აშშ დოლარი, რომელიც გადაიხადეს ზ. და რ. ა-ებმა.

თ. ფ-ემ ზემოაღნიშნული თანხის ერთი მესამედი, 1217 აშშ დოლარის ოდენობით, გადაუხადა ზ. ა-ს, ხოლო მ. შ-ას სადარბაზოს მოპირკეთების ხარჯებიდან გადახდილი აქვს 180 აშშ დოლარი.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი, მართალია, არ არის მიღებული ექსპლოატაციაში კანონით დადგენილი წესით, ასევე მისი მობინადრეები არ არიან რეგისტრირებულნი მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში, მაგრამ ისინი რამდენიმე წელია ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ ბინაში და მათ შორის ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებული ფართობი განსაზღვრულია. სკ-ის 158-ე მუხლის შესაბამისად კი ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა.

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სკ-ის 934-ე მუხლის შესაბამისად, ამხანაგობის გარიგების დადებისათვის საჭიროა ყველა მონაწილის თანხმობა, თუ ხელშეკრულება მათ შორის სხვას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, მ. შ-ას 1998წ. 2 აპრილის კრების ოქმიდან ვალდებულება არ წარმოეშობა, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის სხვა შეთანხმების არსებობა.

ბინის მესაკუთრეთა ვალდებულებები საერთო საკუთრების ხარჯებში წესრიგდება სკ-ის 220-ე მუხლით. კოდექსის ეს ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ყოველი ბინის მესაკუთრე სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია, თავისი წილის შესაბამისად, გასწიოს საერთო საკუთრების ხარჯები, კერძოდ, სახლის სათანადო მდგომარეობაში შენახვის, მიმდინარე რემონტის, მართვისა და საერთო საკუთრების ერთობლივი სარგებლობის ხარჯები.

ამავე კოდექსის 212-ე მუხლის შესაბამისად, ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ მ. შ-ას წილი საერთო საკუთრებაში წარმოადგენს 21%-ს.

სააპელაციო პალატას სარწმუნოდ მიაჩნია აპელანტის განმარტებაც, რომ საერთო საკუთრებაზე გაწეული ხარჯების (3651 აშშ დოლარი) ღირებულებიდან 310 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 1995წ. 1 აპრილამდე, ე.ი. ამხანაგობაში მის გაწევრიანებამდე, რაც უნდა გამოაკლდეს საერთო საკუთრებაზე გაწეული ხარჯების ღირებულებიდან, ვინაიდან სსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები. ზემოაღნიშნული გარემოება კი მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და არც რაიმე შესაგებელი მის მიერ არ ყოფილა წამოყენებული.

რ. და ზ. ა-ებმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან სააპელაციო პალატას გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 224-ე მუხლით. სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ გ. შ-ას 1998წ. 2 აპრილის ამხანაგობის კრების ოქმით მას ვალდებულებები არ წარმოშობია, ხოლო 1995წ. 24 სექტემბრის კრების ოქმით სადარბაზოს კეთილმოწყობის შესახებ გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურებულიყო დაკავებული ფართის წილობრივი მონაცემების მიხედვით ანუ ოთხ მობინადრეზე გაანგარიშებით და არა სამზე, როგორც ეს ოქმშია მითითებული.

ასევე კასატორისათვის მიუღებელია სააპელაციო პალატის მტკიცება იმის შესახებ, რომ რაიონულ სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სკ-ის 224-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომ მის ნაცვლად უნდა ეხელმძღვანელა 934-ე, 220-ე და 212-ე მუხლებით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ყ-ი“ შეიქმნა 1990 წელს, რომელმაც თბილისში, ..... გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთზე ააშენა ხუთსართულიანი, ოთხბინიანი საცხოვრებელი სახლი ოთხი მობინადრისათვის. მეოთხე და მეხუთე სართულები დაიკავეს ამხანაგობის წევრებმა რ. ე-მა და ს. კ-ემ, რომლის ნაცვლად მოგვიანებით გაწევრიანდა მისი შვილი ზ. ა-ი, ხოლო ნ. ქ-ისა და ც. ღ-ის ოჯახებს მეორე და მესამე სართულზე განთავსებული ბინები გადაეცათ უფასოდ, რემონტის გარეშე. სახლის მშენებლობის დამთავრებამდე ამხანობიდან გავიდა ღ-ის ოჯახი, რომლის ნაცვლად მიიღეს თ. ფ-ე, ხოლო რ. ე-ის ნაცვლად ამხანაგობაში გაწევრიანდა მ. შ-ა. ამხანაგობის წევრებს შორის შეთანხმებით შ-ას უნდა მიეღო მონაწილეობა სახლის სადარბაზოს მოპირკეთებასა და რემონტის ხარჯებში, რაც გათვალისწინებული იქნებოდა გაყიდული ბინის ანგარიშსწორების დროს რ. ე-სა და მ. შ-ას შორის. სააპელაციო სასამართლომ რ. და ზ. ა-ების სასარჩელო განცხადებათა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ კიბის უჯრედის გამართვისა და რემონტისათვის, ელექტროგაყვანილობისა და გაზის ცენტრალური სისტემის დამონტაჟებისათვის ჩატარებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 3651 აშშ დოლარი, რაც დაფარულ იქნა ზ. და რ. ა-ების მიერ. დ. ფ-ემ ზემოა ღნიშნული თანხის ერთი მესამედი 1217 აშშ დოლარის ოდენობით გადაუხადა ზ. ა-ს, ხოლო მ. შ-ას სადარბაზოს მოპირკეთების ხარჯებიდან გადახდილი აქვს 180 აშშ დოლარი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

პალატა თვლის, რომ ზ. და რ. ა-ების მიერ მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაა წამოყენებული. სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია აპელანტის _ მ. შ-ას განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო საკუთრებაზე გაწეული ხარჯების ღირებულებიდან (3651 აშშ დოლარი) 310 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები შესრულებულ იქნა 1995წ. 1 აპრილამდე, ე.ი. ამხანაგობაში მის გაწევრიანებამდე. საერთო საკუთრებაზე გაწეულ ხარჯებს გამოაკლო აღნიშნული 310 დოლარი და მიღებული თანხის (3341 აშშ დოლარის) 21%-ის მიხედვით გამოიანგარიშა მ. შ-ას მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. მაგრამ, სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა იმის თაობაზე, რის საფუძველზე მიიჩნია სარწმუნოდ 310 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ ამ შემთხვევაში არასწორად განმარტა სსკ-ის მე-4 მუხლი, ვინაიდან სადავო თანხის გადახდის მტკიცების მოვალეობა მ. შ-ას აწევს და არა მოსარჩელეებს.

სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, აპელანტი მ. შ-ას რწმუნებული აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ 3671 აშშ დოლარზე, რომელიც გაიყო სამად და მოითხოვს მ. შ-ას თანხა დაეკისროს მისი წილის 21%-ის გათვალისწინებით.

პალატას გასაზიარებლად მიაჩნია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ამხანაგობის წევრთა 1995წ. 24 სექტემბრის კრების ოქმი სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. სასამართლომ აღნიშნული კრების ოქმის მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ სადარბაზოს კეთილმოწყობის ხარჯები უნდა ანაზღაურებულიყო მათ მიერ დაკავებული ფართის წილობრივი მონაცემების მიხედვით. კრების ოქმის მიხედვით კი დადგენილია, რომ ხარჯები უნდა ანაზღაურდეს ა-ის, შ-ასა და ფ-ის მიერ დაკავებული ფართის წილობრივი მონაცემების მიხედვით, რაც გულისხმობს ხარჯების ანაზღაურების ვალდებულების აღიარებას ამხანაგობის სამი წევრის მიერ მხოლოდ არა თანაბრად, არამედ მათ მიერ დაკავებული ფართის წილობრივი მონაცემების მიხედვით.

ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ სამი მობინადრის წილობრივი მონაცემების შესაბამისად, ხარჯების ანაზღაურებით ვერ მოხდებოდა მთლიანი ხარჯის გადახდა, ვინაიდან საცხოვრებელ სახლში ოთხი მესაკუთრე ცხოვრობს. საოქმო დადგენილების შინაარსი კი გულისხმობს, რომ, ვინაიდან მეოთხე მესაკუთრე გათავისუფლებულია სადარბაზოს ხარჯების გადახდისაგან და მოდავე მხარეები ამ გარემოებას სადავოდ არ ხდიან, სამი მესაკუთრე კისრულობს ვალდებულებას, აანაზღაუროს მთლიანი ხარჯი, მათ შორის ის ხარჯიც, რაც წილობრივი მონაცემების მიხედვით ქ-ეს უნდა გადაეხადა.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სკ-ის 215-ე და 228-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ მესაკუთრეთა, ასევე ამავე კოდექსის 220-ე მუხლის საწინააღმდეგო სხვა შეთანხმება, საქმის მასალებით არ დასტურდება, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მ. შ-ა, ისევე როგორც ზ. ა-ი აღიარებს, ასევე ადასტურებს ამხანაგობის წევრთა 1995წ. 24 სექტემბრის კრების დადგენილებას. ამ შეთანხმებას მხარეები სადავოდ არ ხდიან მხოლოდ სხვადასხვაგვარად განმარტავენ მას.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გაარკვიოს სადარბაზოს კეთილმოწყობაზე გაწეული სადავო თანხის ოდენობა და მხარეებს განუსაზღვროს გადასახდელი თანხა, მათ შორის საოქმო შეთანხმების შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. და ზ. ა-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.