Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №608აპ-21 ქ. თბილისი

კ-ა გ-ი, 608აპ-21 14 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილისა და მსჯავრდებულ გ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით გ. კ-ა, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რომლის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე იყო გათავისუფლებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 25 დეკემბრის №- გადაწყვეტილებით და საბოლოოდ გ. კ-ას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 12 ივნისიდან; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. კ-ამ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, რ-ში, დ. მ-ა ქ. №-საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ო. ი-ის საუბრით განაწყენებულმა გ. კ-ამ მას შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ ნაქონი დანით მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, კერძოდ: გულმკერდის მარცხენა ნახევარში – შემავალი პლევრის ღრუში, ფილტვის დაზიანებით, რითიც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება; ასევე – გულმკერდის მარჯვენა ნახევარში – მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და მენჯის მიდამოში – მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. გ. კ-ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვინაიდან ო. ი-ის თანმხლები პირის – ლ. ლ-ის მიერ წინააღმდეგობის გაწევისა და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადარჩა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. კ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და ამ მუხლით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რომლის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე იყო გათავისუფლებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 25 დეკემბრის №- გადაწყვეტილებით და საბოლოოდ გ. კ-ას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 12 ივნისიდან; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. კ-ამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

6. პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. კ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ დაზარალებულს მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები; მათი ლოკალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებშია; ბრალდებულმა ყველაფერი გააკეთა, რომ დაზარალებული მომკვდარიყო, მეტიც, მას კი არ დაეხმარა, არამედ – მიიმალა.

7. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ც-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. კ-ას ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით იმ მოტივით, რომ მან დაზარალებულს ყველა ჭრილობა მიაყენა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის დროს, ე.ი. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, როდესაც მან გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №76აპ-21, №227აპ-16, №329აპ-20, №680აპ-17) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: ბრალდებულ გ. კ-ას, მოწმეების – ლ. ლ-ის, კ. შ-ის, მ. ა-ის, მ. თ-ის, მ. გ-ასა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, გ. კ-ას ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 2 ივლისის №- და ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 8 ივლისის №- დასკვნები და სხვა მტკიცებულებებიც – გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. კ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატის აზრით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.

11. სისხლის სამართლის საქმის მასალების გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ. კ-ას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოებების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ არსებობს აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“. შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო, აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).

12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და მითუფრო, არც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, ვინაიდან გ. კ-ასათვის დაზარალებულს არ შეუქმნია ისეთი ხასიათის იმწუთიერი და რეალური საფრთხე, რომელიც განაპირობებდა მის მიერ დანის გამოყენებით ხელმყოფის მოსაგერიებლად მოქმედების აუცილებლობას, ხოლო დანაშაულის ჩადენის ხერხი და იარაღი, ასევე – დაზარალებულისათვის რამდენიმე ჭრილობის მიყენება მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან არა დაცვის, არამედ ო. ი-ის სხეულის დაზიანების სურვილზე.

13. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც გ. კ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით (მათ შორის – ფარული ჩანაწერებით) უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა. ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ო. ი-ი იწევდა საჩხუბრად და ლ. ლ-ემ ძალის გამოყენებით გაარიდა გ. კ-ას, რომელიც დარჩა ადგილზე და ჩხუბის გაგრძელება არ უცდია. პირიქით, მას აღარ უცდია დაზიანებების კიდევ მიყენებაც (თუმცა ამის შესაძლებლობა მას ჰქონდა) და გაიქცა სხვა მიმართულებით. შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ანალიზით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა გ. კ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ვინაიდან მის ქმედებაში არ ვლინდება დაზარალებულის მოკვლის განზრახვა.

14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილისა და მსჯავრდებულ გ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე