Facebook Twitter

ას-913-1527-03 27 აპრილი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 სექტემბერს ზ. ხ-ემ სარჩელი აღძრა ე. გ-ის მიმართ ვალის დაბრუნების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000წ. სექტემბერში მოპასუხემ მისგან ისესხა 3000 აშშ დოლარი თვეში 10%-ის სარგებლით, ამასთან ე. გ-ი დათანხმდა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი დაეტვირთა იპოთეკით. 2000წ. 16 ნოემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 1600 აშშ დოლარი, ხოლო 2001წ. 6 აპრილს _ 1400 აშშ დოლარი. ზ. ხ-ის განმარტებით, ე. გ-ს სახლი იპოთეკით არ დაუტვირთავს და სესხი დროულად არ დაუბრუნებია. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ძირითადი თანხის, 3000 აშშ დოლარის, ანაზღაურება ყოველთვიური 10%-ის სარგებლის დანამატით.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ე. გ-ს ზ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 აშშ დოლარის ძირითადი თანხის და მისი 5%-ის _ 2200 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 623-ე, 625-ე და 627-ე მუხლებით და სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობის ფაქტი დადგენილად მიიჩია.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ე. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ე. გ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გარიგების არსებობა 1400 აშშ დოლარის სესხის თაობაზე არ დასტურდებოდა და ზ. ხ-ის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება დადგენილიყო. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილით და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სესხის არსებობის ნამდვილობა მოწმეთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. ის გარემოება, რომ ე. გ-ი მივიდა ზ. ხ-ესთან ფულის სასესხებლად და ვალის დაბრუნების პასუხისმგებლობაც მან იკისრა, არ ნიშნავს მათ შორის გარიგების არსებობას. საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ თანხის გადაცემის გარეშე სესხის ხელშეკრულება ვერ იარსებობდა, ამდენად, არარაა ისეთი გარიგება, როცა მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს დაუბრუნოს ის, რაც მისგან არ მიუღია. მხარეთა შორის 1600 აშშ დოლარის ნაწილში არსებული გარიგება სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რადგან ე. გ-მა საქმის ზეპირი მოსმენის დროს დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი ზ. ხ-ეს დაპირდა 1600 აშშ დოლარის შეძლებისდაგვარად დაბრუნებას და 2001წ. ივლისში _ 500 აშშ დოლარი, ხოლო აგვისტოში _ 100 აშშ დოლარი დაუბრუნა. პალატამ მიიჩნია, რომ გ-მა 1600 აშშ დოლარის სესხების ფაქტი აღიარა, რაც სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, შეიძლება საკმარის მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 361-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინებით ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გააუქმა და მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატას დამატებით უნდა გამოეკვლია საქმის მასალები, კერძოდ, უნდა დაედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღიარა თუ არა მოპასუხემ ისეთი გარემოებების არსებობა, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებდა თავის მოთხოვნას. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასადგენია აღიარების არსებობის შემთხვევაში ხომ არ ჰქონდა ადგილი აღიარების გაქარწყლებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ე. გ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის – 7400 აშშ დოლარის და სარგებლის _ 960 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 623-624-ე მუხლებით და დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ე. გ-მა დაადასტურა მოსარჩელის მიერ მისთვის სესხის _ ჯერ 1600 აშშ დოლარის, შემდეგ _ 1400 აშშ დოლარის გადაცემა. საოლქო სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 131-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ე. გ-ს ზემოხსენებული აღიარება არ გაუქარწყლებია. პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ დააბრუნა 600 აშშ დოლარი, ამდენად, გადასახდელი დარჩა 2400 აშშ დოლარი. საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 403-ე და 248-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ზ. ხ-ემ მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურება 2 წლის ვადის გადაცილებისათვის წლიური 2%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 960 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ე. გ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა განმარტა, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან სადავო თანხა ზ. ხ-ემ ასესხა მ. ა-ს, რასაც არც ეს უკანასკნელი არ უარყოფს. ე. გ-მა კი მოსარჩელეს გადაუხადა თავისი შვილის წილი – 600 აშშ დოლარი. კასატორმა აღნიშნა, რომ სარჩელი არასოდეს არ უცნია და არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არსებულ მითითებას მის მიერ სესხის აღიარების გაქარწყლების არარსებობის შესახებ. ე. გ-ის განმარტებით, საოლქო სასამართლოში მოსარჩელემ შეცვალა მოთხოვნა და 3000 აშშ დოლარი ძირითადი თანხისა და თვიური 10% სარგებლის დანამატის ნაცვლად მოითხოვა მოპასუხის მიერ მისი შვილის წილში გადახდილი 600 აშშ დოლარის გამოკლებით 2400 აშშ დოლარი ძირითადი თანხისა და 24 თვეში წლიურად 20% სარგებლის დანამატის ანაზღაურება, რაც საოლქო სასამართლომ უკლებლივ დააკმაყოფილა. კასატორმა მიუთითა სააპელაციო პალატის მოსამართლეთა მხრიდან ტენდენციურ დამოკიდებულებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. ე. გ-ის აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 132-ე მუხლი, ვინაიდან მ. ა-მა სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით აღიარა სესხის არსებობა. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 131-ე მუხლი. მხარის აზრით, სააპელაციო პალატას საქმე უნდა დაებრუნებინა რაიონულ სასამართლოში სათანადო მოპასუხის დასადგენად. კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე თ.მუხრანელი, რომელიც, მხარის აზრით, ადრეც მონაწილეობდა აღნიშნული საქმის განხილვაში. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას კანონი არ დაურღვევია და კასატორის მითითება კანონის დარღვევაზე უსაფუძვლოა, კერძოდ:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ე. გ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა ზ. ხ-ისაგან ჯერ 1600 აშშ დოლარის, ხოლო შემდგომ 1400 აშშ დოლარის სესხად მიღების ფაქტი. ასევე დადგენილია, რომ ე. გ-მა ზ. ხ-ეს დაუბრუნა 600 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 2400 აშშ დოლარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საოლქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია მხარის აღიარებად და ზ. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა არსებულ ვითარებას და მიუთითა სსკ-ის 131-ე მუხლზე, რომლის ძალითაც ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ე. გ-ის ზეპირად გაკეთებული აღიარება 3000 აშშ დოლარის ზ. ხ-ისგან სესხად მიღების თაობაზე სსკ-ის 132-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმში, რომელზედაც მხარეს კანონით დადგენილი წესით პრეტენზია არ განუცხადებია და არც სსკ-ის 133-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, თავისი აღიარება არ გაუქარწყლებია.

ასევე სწორია საოლქო სასამართლოს მითითება სკ-ის 623-ე მუხლზე, რომლითაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს რა მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, მსესხებელი ვალდებულია, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ზ. ხ-ის მოთხოვნის კანონიერება გამყარებულია ამავე კოდექსის 316-ე მუხლითაც, რომლის მიხედვით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისას კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სკ-ის 403-ე მუხლის გათვალისწინებით, კანონიერია ე. გ-ის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის დაკისრების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც კასატორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.