ას-91-398-04 20 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ბ.-მ საჩელი აღძრა ა. და მ. კ.-ეების წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა 2000წ. 7 დეკემბერს მის მიერ ა. კ.-ზე გაცემული მინდობილობისა (დავალების ხელშეკრულება) და 2001წ. 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების, რომლითაც ა. კ.-მ მოსარჩელის ბინა მ. კ.-ეს მიჰყიდა, ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელემ 2000წ. 7 დეკემბერს ა. კ.-ის სახელზე გასცა მინდობილობა (დავალების ხელშეკრულება), რომლითაც ა. კ.-ს უფლება მიენიჭა, თ. ბ.-ის სახელზე რიცხული ბინა, მდებარე ... ბათუმში, გაესხვისებინა 2000 ლარის ფარგლებში. მინდობილობა გაცემული იყო 3 თვის ვადით. 2001წ. 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 5000 ლარად ა. კ.-ემ ბინა გადასცა მ. კ.-ეს. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე თვლიდა, რომ სკ-ის 104-ე მუხლის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხა უნდა გადაეცეს მას, ხოლო მას შემდეგ, როცა ა. კ.-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას თ. ბ.-ის ბინა არ გაუყიდია, არამედ ბინით გაიქვითა ის ვალი, რომელიც ჰქონდა თ. ბ.-ის შვილიშვილს, მოსარჩლემ შეცვალა დავის საგანი და მოითხოვა ორივე ხელშეკრულების (დავალების და ნასყიდობის) ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულებები თვალთმაქცურია.
მოპასუხეემა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს თ. ბ.-ის სადავო ბინიდან გამოსახლება. შეგებებული სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2000წ. 7 დეკემბრის მინდობილობით თ. ბ.-მ ა. კ.-ს მიანიჭა ბინის გასხვისების უფლება, რის საფუძველზეც მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და მ. კ.-ე, როგორც მესაკუთრე, უფლებამოსილია, მისი საკუთრებიდან მოპასუხის გამოსახლება მოითხოვოს. ხელშეკრულება კი ნამდვილია, რადგან თ. ბ.-მ ნება გამოხატა, შვილისშვილის ვალის გადასახდელად ბინა გაეყიდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ საჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და გ. კ.-ეებმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შედეგი გარემოებანი:
ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინის მესაკუთრემ თ. ბ.-ემ 2000წ. 7 დეკემბერს, ა. კ.-ს, რომელიც მ. კ.-ის ბიძაშვილია, მისცა მინდობილობა, რომლითაც მას უფლება მიანიჭა 2000 ლარის ფარგლებში ბინა გაესხვისებინა. მინდობილობა გაცემული იყო 3 თვის ვადით. მინდობილობის გაცემის გადაწყვეტილება თ. ბ.-მ მიიღო მას შემდეგ, რაც მოპასუხე მ. კ.-ემ და სხვა პირებმა თ. ბ.-ის შვილისშვილს – ი. ბ.-ეს მოსთხოვეს იმ ვალის ანაზღაურება, რომელიც მას დაედო თურქეთის რესპუბლიკაში მ. კ.-ის მეუღლესა და სხვა პირებთან წარუმატებელი ბიზნესის შედეგად. ა. კ.-მ 2001წ. 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინის საკუთრების უფლება გადასცა მ. კ.-ს, მაგრამ მყიდველს მ. კ.-ს გამყიდველისათვის ა. კ.-ისათვის ბინის ღირებულება არ გადაუხდია. ა. კ.-მ მ. კ.-ს ბინა გადასცა მ. კ.-ის მეუღლესთან ვალის გაქვითვის მიზნით. მ. კ.-ეს არ ჰქონდა ბინის შესყიდვის განზრახვა, მას სურდა ვალის გადასახდელად ბინის დასაკუთრება. პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მინდობილობის გაცემის დროს თ. ბ.-ე აცნობიერებდა თავის მოქმედების იურიდიულ შედეგს, მან იცოდა, რომ 3 თვის განმავლობაში ა. კ.-ეს შეეძლო ბინის გაყიდვა და თანახმა იყო კიდეც ამაზე, რაზედაც ის გარემოებაც მიუთითებს, რომ მინდობილობაში აღნიშნულია გასხვისების კონკრეტული თანხა. ვინაიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, თ. ბ.-ს, ა. კ.-მ არ გადაუხადა მინდობილობაში აღნიშნული თანხა, არ შეეძლო ევარაუდა, რომ ბინა გაიყიდა, რის გამოც პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ თ. ბ.-ემ ბინის გაყიდვის ფაქტი გაიგო სარჩელის სასამართლოში შეტანამდე რამოდენიმე დღით ადრე.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმაში, რომ თ. ბ.-ის მიერ 2000 წის 7 დეკემბერს ა. კ.-ის სახელზე გაცემული ბინის გასხვისების მინდობილობა მოჩვენებითი გარიგებაა, რადგანა თ. ბ.-ს არ სურდა ბინის გასხვისების უფლება მიენიჭებინა ა. კ.-ისათვის ანუ მან მინდობილობა გასცა სათანადო იურიდიული შედეგის დადგომის განზრახვის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ თ. ბ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა მინდობილობის გაცემის მოსალოდნელი შედეგი, ე.ი. იმის მიუხედავად, რომ თ. ბ.-ემ იცოდა, ა. კ.-ეს შეეძლო გაეყიდა მისი ბინა, მას არ სურდა ბინის გაყიდვა ა. კ.-ის მეშვეობით და იმედოვნებდა, რომ ბინა არ გაიყიდებოდა, არამედ მინდობილობას გამოიყენებდნენ ერთგვარ გარანტად. ასევე, არც ა. კ.-ს ჰქონდა განზრახვა, გაესხვისებინა ბინა 2000 ლარის ფარგლებში, რაც მან დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და რაც გამომდინარეობს მისი მოქმედებიდან _ მან ვალის გაქვითვის მიზნით, ბინა გადაუფორმა მ. კ.-ს ანუ ბინის ვალში გაქვითვის განზრახვა თავიდანვე არსებობდა და ეს ცნობილი იყო, როგორც თ. ბ.-ის, ისე მ. კ.-ისათვისაც. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, როგორც მინდობილობას, ისე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას თანმდევი იურიდიული შედეგები არ მოჰყოლია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თ. ბ.-ის მიერ გაცემული მინდობილობა მოჩვენებითი გარიგებაა, რადგან სსკ-ის 56-ე მუხლით მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იურიდიული შედეგის დადგომის განზრახვის გარეშე.
პალატამ მიუთითა, რომ თ. ბ.-ის მინდობილობა, თუნდაც არ იყოს მოჩვენებითი გარიგება, იგი მაინც ბათილად უნდა იქნას ცნობილი, რადგანაც მინდობილობა დავალების ხელშეკრულებაა. ხელშეკრულებით მინდობილი პირი (რწმუნებული) სსკ-ის 709-ე მუხლით ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში, თუ კი მინდობილობა არ ჩაითვლება მოჩვენებითად, მაშინ ა. კ.-ე ვალდებული იყო, დავალების მიხედვით გაესხვისებინა ბინა 2000 ლარის ფარგლებში და მიღებული თანხა გადაეცა თ. ბ.-ისათვის. ა. კ.-მ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით შეასრულა ვალდებულების გაქვითვა ი. ბ.-სა და მ. კ.-ს შორის, ე.ი. შეასრულა იმგვარი მოქმედება, რაც მარწმუნებლის ნებას არ შეესაბამებოდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბინის გასხვისებით არ შეიძლებოდა ვალდებულების გაქვითვა, რადგანაც გაქვითვა სსკ-ის 442-ე მუხლით შესაძლებელია, თუ არსებობს ორმხრივი ვალდებულება. თ. ბ.-სა და მ. კ.-ს შორის არ არსებობდა არავითარი ვალდებულება, რის გამოც გაქვითვის გზით ბინის გადაცემა მ. კ.-ზე ყოველგვარი იურიდიულ საფუძველს მოკლებულია.
პალატამ მიიჩნია ბათილად 2002წ. 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება ა. კ.-სა და მ. კ.-ს შორის, რადგან იგი მოჩვენებითად დადებული მინდობილობის საფუძველზეა შესრულებული და მას სათანადო იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია. გარდა ამისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ შესრულებულა, რადგან მყიდველს არ გადაუხდია ნივთის ღირებულება, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 477-ე მუხლის მოთხოვნას. ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეებმა დაფარეს სხვა ურთიერთობათა ვალდებულების გაქვითვით, რის გამოც სსკ-ის 56-ე მუხლით იგი თვალთმაქცური გარიგებაა, ბათილად უნდა ჩაითვალოს და მხარეებს დაუბრუნდეთ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულებით მიიღეს.
სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია და გაუქმებას ექვემდებარება ისეთი გარიგება, რომელიც დადებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ. კანონსაწინააღმდეგოა სადავო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და მისი ბათილად ცნობისათვის სავსებით საკმარისია თუნდაც იმ გარემოების არსებობა, რომ ა. კ.-მ, როგორც მინდობილმა პირმა, არ შეასრულა მარწმუნებლის დავალება. მინდობილობით მისი უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა თ. ბ.-ის საკუთრებაში არსებული ბინის 2000 ლარის ფარგლებში გასხვისებით, ე.ი. ა. კ.-ე ვალდებული იყო, ბინა გაესხვისებინა მხოლოდ სანაცვლო საზღაურის მიღების შემდეგ, რაც მას არ გაუკეთებია და, ამდენად, არსებითი მნიშვნელობა ნაკლებად აქვს გარიგების დადებისას თვალთმაქცობასა და მოჩვენების ფაქტს, როდესაც აშკარაა, რომ გარიგება დადებულია კანონის დარღვევით. კონკრეტულ შემთხვევაში დაირღვა სსკ-ის 709-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც რწმუნებელს ავალდებულებს, შეასრულოს მხოლოდ ის მოქმედება, რაც მარწმუნებელმა დაავალა და არ აქვს უფლება, იმოქმედოს მარწმუნებლის საზიანოდ.
რაც შეეხება მ. კ.-ს, როგორც შემძენს, იგი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერად, რადგან სადავო ხელშეკრულების დადებისას მისთვის ცნობილი იყო ა. კ.-ის, როგორც მინდობილი პირის, უფლებამოსილების ფარგლები და მას უნდა ევარაუდა, რომ მოქმედება, რომელსაც ვალის გაქვითვის მოტივით ახორციელებდა, კანონსაწინააღმდეგო მოქმედება იყო.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და მ. კ.-ებმა. კასატორები თვლიან, რომ განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 54-ე, 56-ე, 709-ე მუხლები, როგორც მინდობილობა, ისე ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია და არ არსებობს მათი ბათილობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
განხილული საქმის გადაწყვეტისას პალატამ გამოიყენა სკ-ის 56-ე მუხლი და სადავო ხელშეკრულებები (დავალების და ნასყიდობის) ბათილად ცნო, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგებები. პალატა მიუთითებს, რომ მოჩვენებითი გარიგება – ნების ნაკლის საფუძველზე დადებული გარიგებაა. მოჩვენებითი გარიგების დადებისას ნების გამოვლინების და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცემა მსვლელობა. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების მონაწილენი მიზნად ისახავენ მესამე პირთა შეყვანას შეცდომაში.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ისე გამოიყენა სკ-ის 56-ე მუხლი და ბათილად მიიჩნია სადავო ხელშეკრულებები, არ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატება გარიგებათა მოჩვენებითობა. აღნიშნული ნორმით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები (კასატორები) უარყოფენ გარიგებების მოჩვენებითობას და მიაჩნიათ, რომ ისინი ნამდვილია. ამასთან, ისინი მიუთითებენ საქმისათვის მნიშვნელოვან ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც სასამართლომ არ მისცა სათანადო შესასება, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებლია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე უნდა გამოარკვიოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გარიგებათა ბათილობის აღიარების თაობაზე, კერძოდ _ მოსარჩელე შეძლებს თუ არა თავისი ნამდვილი მიზნის უფრო იოლად მიღწევას მიკუთვნებითი სარჩელით, მით უმეტეს, თავდაპირველი სარჩელი მიკუთვნებითი იყო და არა აღიარებითი. სასამართლომ ასევე უნდა განიხილოს და დაადგინოს ასევე საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეგებებულ სარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაზედაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. და მ. კ.-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2003წ. 3 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.