საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№536აპ-21 ქ. თბილისი
მ-ი მ-ა, 536აპ-21 14 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ-ისა და გ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენით მ. მ-ი, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 15 აპრილიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· მ. მ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი – 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი, აგრეთვე – ამავე კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ორი მჭიდი და საბრძოლო მასალა – 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი 16 ცალი ვაზნა. მითითებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას მ. მ-ი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ-ში, ფ. მ-ის გამზ. N-, ბინა --ში, რაც 2020 წლის 15 აპრილს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს მეორე განყოფილების მუშაკებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატები – გ. ნ-ი და გ. ტ-ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №86აპ-13, №759აპ-16). მ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – ზ. ხ-ის, გ. დ-ის, ლ. ლ-ის, გ. ი-ის ჩვენებებით, 2020 წლის 15 აპრილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
7. საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის დამცველთა მოსაზრებას, რომ მ. მ-ს დანაშაული არ ჩაუდენია და პოლიციელებს ჰქონდათ მისი ინტერესი. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლივად (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (ექსპერტიზების დასკვნებთან, ბინის ჩხრეკის ოქმთან და ა.შ.) და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ დაცვის მხარემ ვერ წარადგინა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოწმე პოლიციელების დაინტერესებას მ. მ-ის დაკავებასა და მისთვის დანაშაულის ჩადენის დაბრალებაში. ასეთ შემთხვევაში კი, როცა მოწმე პოლიციელების ჩვენებების სანდოობასთან მიმართებით არავითარი ეჭვის საფუძველი არ არსებობს (პოლიციელთა ჩვენებები იყო თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. ასევე, საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარისგან საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა), მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამოღებულ ნივთებზე არ გამოვლინდა პირის გენეტიკური პროფილი (გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა) – არ წარმოადგენს მისი გამართლების საფუძველს.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბრის - გადაწყვეტილებით, რომელზეც აქცენტს აკეთებენ კასატორები, დაადგინა, რომ კანონმდებლობითა და სადავო ნორმით ვერ ხერხდება არასანდო მტკიცებულების გამოყენებით პირის მსჯავრდების რისკების დაზღვევა. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაავადა დასახელებული ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა 2021 წლის პირველ ივლისამდე იმისათვის, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს მიეცეთ გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად.
9. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ-მა დანაშაული ჩაიდინა 2020 წლის 15 აპრილს ან 15 აპრილამდე.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის რეტროსპექტულ გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან ძირითადად საფუძველშივე გამოირიცხება... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი... გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საპროცესო ნორმები თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557,571,576 II-73-74,76). ამდენად, სსსკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესს, ვრცელდება საპროცესო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ახალი ნორმის ამოქმედების დროისთვის, როგორც წესი, არ არის დასრულებული.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2021 წლის პირველ ივლისამდე; ამასთან, საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში.
12. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით (რის გამოც მათზე ხელახლა მსჯელობა საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია), რის შედეგადაც მ. მ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ-ისა და გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე