Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №552აპ-21 ქ. თბილისი

ფ-ა ნ-ა, 552აპ-21 20 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ფ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ს-ასა და დ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ნ. ფ-ია, –– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენით გაუქმდა; ნ. ფ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 4 აპრილიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ფ-ამ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც მართავს ამ სატრანსპორტო საშუალებას, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

4. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ-ში, ბ----ის შემოვლითი გზის მე-10 კილომეტრზე, მდინარე დ-ას მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ-დან ფ-ის მიმართულებით მოძრავი „მბვ-ს“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი – ---) მართვისას მძღოლმა ნ. ფ-იამ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ---), რომელსაც გ. გ-ე მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ მგზავრებმა – ა. დ-ემ და მ. ხ-ემ მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო ა. დ. და ზ. დ. – გარდაიცვალნენ.

5. მსჯავრდებული ნ. ფ-ია და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. ფ-იას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ასევე – დამატებით წარმოდგენილი მასალების სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასებას.

6. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი გელა თებიძე შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გადაწყვეტილების მიღებისას გაიზიარა ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 11 იანვრის №- დასკვნა, რომლის თანახმად, „...მძღოლ ნ. ფ-იას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საზგაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა“, ასევე – სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 8 თებერვლის -- დასკვნა, რომლის მიხედვით, „წარმოდგენილი ავტომობილი „ბმვ-ს“ სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.... ავტომობილ „მერსედესის“ საჭით მართვის მექანიზმი გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.“ იგივე დადასტურდა ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 ივლისის №- დასკვნით და ექსპერტ ი. ჭ-ის ჩვენებით. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2019 წლის 23 ივლისის №- დასკვნის თანახმად, „ბმვ-ს“ მარკის ავტომობილის წინა, მარცხენა საბურავის დისკის ფიგურულ ჭრილებში აღმოჩენილია ლაქსაფარის ორფენოვანი მიკრონაწილაკები, რომლებიც ერთნაირია ფენების მიმდევრობით, ფერით, ელფერით, მიკრომორფოლოგიური და მიკროქიმიური მაჩვენებლებით და მოლეკულური შემადგენლობით „მერსედეს ბენცის“ ავტომობილის მარცხენა, გვერდით ნაწილზე არსებული ლაქსაფარის უფერო ლაქსა და ზედა მორუხო ფერის მეტალიკის ტიპის დეკორატიული ემალის ფენასთან. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ. ნ-მა.

10. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის, – ავტოსაგზაო შემთხვევის შემსწრე მოწმეების – გ. გ-ის, რ. ა-ისა და თ. გ-ის ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანა გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილს, რომელიც დატრიალდა და შეეჯახა სატვირთო ავტომანქანას; „ბმვ-ს“ მარკის მძღოლი ნ. ფ-ია იყო მარტო; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, ექსპერტიზების დასკვნებითა და ექსპერტების ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნ. ფ-იას მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

11. დაცვის მხარე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის, განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი.

12. რაც შეეხება კასატორთა მოთხოვნას ამ საქმეზე დამატებით წარმოდგენილი მასალების დართვისა და შეფასების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენასა და მათ გამოკვლევას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

13. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ფ-იასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ს-ასა და დ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე