საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№579აპ-21 ქ. თბილისი
შ-ე გ-ა,579აპ-21 10 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძისა და მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. შ-ეს ბრალი დაედო: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – ოჯახში ძალადობაში, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დარჩა უცვლელად, გ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. შ-ემ სასჯელი მოიხადა 2018 წლის 29 აგვისტოს.
· 2020 წლის 19 მაისს, 01:20 საათზე, ქ. თ-ში, ბ. კ-ის ქ. №--ში, ბრალდებულის სახით დააკავეს მთვრალი გ. შ-ე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იყო ნასამართლევი, სისტემატურად შეურაცხყოფდა მეუღლეს – ქ. ა-ას, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია. 2020 წლის 19 მაისს გ. შ-ემ იძალადა ქ. ა-აზე, კერძოდ, ხელი მოჰკიდა მარცხენა ხელის თითებში და გადაუტრიალა, შემდეგ სახეზე მოჰკიდა ხელი და ძალის გამოყენებით უტრიალებდა თავს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
· 2020 წლის 19 მაისს, 01:20 საათზე, თ-ში, ბ. კ-ის ქ. №--ში, ბრალდებულის სახით დააკავეს მთვრალი გ. შ-ე, რომელიც სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს – ქ. ა-ას, კერძოდ, მიმართა სიტყვებით: „გაგგლიჯავ, გადაგტეხავ და გამოგასალმებ სიცოცხლეს“, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით გ. შ-ე, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; გ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 19 მაისიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. თბილისის პროკურატურის პროკურორი მარინე ლომიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. შ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის დამძიმებას, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ი-ი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. შ-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდების ორივე ეპიზოდში გ. შ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ. სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).
9. განსახილველ საქმეში დაზარალებულმა ქ. ა-ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. შ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და გ. შ-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
11. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. შ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, მოწმეების – თ. ნ-სა და ჯ. ო-ის ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლოს განუმარტეს, რომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას ქ. ა-ამ მათ განუცხადა, რომ გ. შ-ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გადაუგრიხა ხელი; დაზარალებული იტკიებდა ხელის თითებს; დაახლოებით 15-20 წუთში სახლში დაბრუნებული გ. შ-ე იყო აგრესიული და მათი თანდასწრებით კვლავ აყენებდა შეურაცხყოფას მეუღლეს; ქ. ზ-ის ჩვენებებით, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ გ. შ-ეს მეუღლესთან მოუხდა კონფლიქტი, რა დროსაც ის უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა ქ. ა-ას; სამედიცინო ბარათით, საიდანაც ირკვევა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება ქ. ა-ას, რომელსაც ჰქონდა მაჯისა და მტევნის ზედაპირული ტრავმა, ასევე – სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები; პაციენტმა მათ აუხსნა, რომ აქვს ტკივილი მარცხენა, ზემო კიდურის შუა, მე-3 და მე-4 თითების ფალანგების მიდამოში, რადგან კამათისას უხეშად გადაუწიეს; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 2 ივლისის №-- დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ქ. ბ-მა და რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. ა-ას შემოწმებისას მარცხენა მტევნის მე-3 თითის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, განვითარებული რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით; დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 30 ივნისის №- დასკვნით (რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ. მ-მა), რომლითაც დადგენილია, რომ ქ. ა-ა გ. შ-ის ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას; ასევე – №- შემაკავებელი ორდერითა და ოქმით, რომელშიც მითითებულია, რომ გ. შ-ემ ქ. ა-ას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ გ. შ-ის მხრიდან მსგავს ქმედებებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი.
12. ამდენად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულია და ავსებს ერთმანეთს, დაზარალებულის ჩვენების გარეშეც, საკმარისია გ. შ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად (იხ. სუსგ: №443აპ-20, №118აპ-20).
13. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. შ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
14. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორთა პრეტენზიებსაც ასევე დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძისა და მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე