საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №570აპ-21 ქ. თბილისი
ხ-ა გ., 570აპ-21 13 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ხ-ას ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 5 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ-ში, ც. დ-ის ქ. №--ში მდებარე შპს „ი. გ-ში“, გ. ხ-ამ, შელაპარაკებისა და კონფლიქტის დროს, გ. ც-ას მოკვლის განზრახვით დანა დაარტყა გულმკერდის არეში, რითიც მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განაჩენით გ. ხ-ას, - ნასამართლევის, – მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შთანთქა წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. ხ-ას განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 26 მარტიდან; მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.
3. სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ხ-ამ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 5 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ-ში, ც. დ-ის ქ. №--ში მდებარე შპს „ი. გ-ში“, გ. ხ-ამ, შელაპარაკებისა და კონფლიქტის დროს, გ. ც-ას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით დანა დაარტყა გულმკერდის არეში, რითიც მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი დაზიანება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი გურამ კრავეიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ხ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სამართლიანი და გონივრული სასჯელის განსაზღვრას.
6. მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ხ-ას გამართლებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №76აპ-21, №227აპ-16, №329აპ-20, №680აპ-17) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: მოწმეების – ა. შ-ის, მ. ქ-ის, ს. კ-ას, ზ. თ-ას, ზ. მ-სა და სხვათა ჩვენებები, ავტომანქანა „ტოიოტა-პრიუსის“ (სახ. №-) დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2020 წლის 9 დეკემბრის №- დასკვნა (რომლის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა – ე. კ-მა და თ. ბ-მ), ბიოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 13 ოქტომბრის №- დასკვნა (რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ი. ე. დ-ემ), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 6 აპრილის №- დასკვნა (რომლის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე. ჩ-მა), ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 25 ნოემბრის №- დასკვნა (რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნ. ო-ემ) და სხვა მტკიცებულებებიც – გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. ხ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატის აზრით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გ. ხ-ას გამართლების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფარული სატელეფონო და ასევე შეხვედრისას გამართული საუბრების მიყურადება და ჩაწერა მოხდა კანონიერად. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ იმსჯელა სასამართლომ კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არც გ. ხ-ას და არც სხვა პირის კანონიერი ინტერესები არ შელახულა, ვინაიდან მათ უფლებებში ჩარევა სასამართლოს კონტროლქვეშ მოექცა. ამასთან, გ. ხ-ასა და გ. ც-ას ფარული მოსმენით მოპოვებული ჩანაწერების შინაარსი სრულად შეესაბამება ერთმანეთს და ქმნის აშკარა სურათს, რომ გ. ც-ას შეურაცხყოფით განაწყენებულმა გ. ხ-ამ ხელთ ნაქონი დანით მიაყენა მას დაზიანება.
11. საკასაციო პალატის შეფასებით, უსაფუძვლოა კასატორის ვერსია გ. ხ-ას ტანსაცმელზე გ. ც-ას სისხლის მოხვედრასთან დაკავშირებით, რადგან როგორც ბრალდებულისაგან ამოღებული ტანსაცმელი, ისე – შემთხვევის ადგილიდან ასფალტის ანატეხები მოწითალო ფერის ლაქებითა და ზ. თ-ას ავტომანქანიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები მოთავსდა პაკეტებში და დაილუქა სათანადო წესით, ხოლო ექსპერტიზების დასკვნებში ლუქების მთლიანობის დარღვევის ან მათი დაზიანების შესახებ მითითებული არ არის. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამოღების კანონიერებაზე დეტალურად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და დაცვის მხარეს გასცა დასაბუთებული პასუხი, ამიტომ ამ საკითხზე საკასაციო პალატა აღარ მსჯელობს.
12. საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის დამცველის მოსაზრებას, რომ გ. ხ-ას დანაშაული არ ჩაუდენია და პოლიციელებს ჰქონდათ მისი ინტერესი. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლივად (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (ექსპერტიზების დასკვნებთან, მოწმეთა ჩვენებებთან და ა.შ.)და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ დაცვის მხარემ ვერ წარადგინა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოწმე პოლიციელების დაინტერესებას გ. ხ-ას დაკავებასა და მისთვის დანაშაულის ჩადენის დაბრალებაში.
13. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც გ. ხ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით (მათ შორის – ფარული ჩანაწერებით) უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, პირიქით, ხედავდა, რომ იგი აქტიური იყო, მაგრამ აღარ უცდია დაზიანებების კიდევ მიყენება (თუმცა ამის შესაძლებლობა მას ჰქონდა), პირიქით, მისცა შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა. შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ანალიზით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა გ. ხ-ას ქმედება დამდგარი შედეგის მიხედვით და მხოლოდ ის გარემოება, რომ დანის ერთხელ დარტყმით დაზარალებულმა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიიღო გულმკერდის არეში, ვერ გახდება გ. ც-ას განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის გ. ხ-ას მსჯავრდების საფუძველი.
14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე