Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №629აპ-21 ქ. თბილისი

ხ-ი რ-ო, 629აპ-21 20 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილისა და მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. კ-სა და მ. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, რ. ხ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი სამი პირის მიმართ, ხოლო დ. ბ-ს – ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 20 ივნისს, ღამის საათებში, დაახლოებით 23:30 საათისათვის, ქ. თ-ში, წ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას დ. ბ-მა სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა დ. ა-ს, თ. ა-ს, ლ. დ-ესა და ო. ა-ს. დ. ბ-ის მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 20 ივნისს, ღამის საათებში, დაახლოებით 23:30 საათისათვის, ქ. თ-ში, წ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, რ. ხ-მა მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა დ. ა-ს, ს. მ-სა და თ. ა-ს. კერძოდ, რ. ხ-მა დანის გამოყენებით გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა თ. ა-სა და დ. ა-ს, ხოლო მარცხენა მხრის არეში – ს. მ-ს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დ. ბ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 21 ივნისიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

იმავე განაჩენით რ. ხ-ის, - ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლსა და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – 7 წლითა და 6 თვით, ხოლო 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 21 ივნისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. ბ-მა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო რ. ხ-მა – განზრახ მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 20 ივნისს, ღამის საათებში, დაახლოებით 23:30 საათისათვის, ქ. თ-ში, წ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას დ. ბ-მა სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა დ. ა-ს, თ. ა-სა და ო. ა-ს. დ. ბ-ის მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 20 ივნისს, ღამის საათებში, დაახლოებით 23:30 საათისათვის, ქ. თ-ში, წ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, რ. ხ-მა მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა დ. ა-ს, ხოლო სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიზნით სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები მიაყენა ს. მ-სა და თ. ა-ს.

5. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ბაქარ შიოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ხ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ასევე – მსჯავრდებულ დ. ბ-ისათვის უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

6. მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – ა. კ-ე და მ. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ რ. ხ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებები (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 17 ნოემბრის №0-, 2020 წლის 22 ივლისის №- და 2020 წლის 3 სექტემბრის №- დასკვნები (რომელთა სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა – ნ. ჯ-ემ, ე. ჩ-მა და ქ. ბ-მა), შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და პირის ამოცნობის ოქმები, ვიდეოჩანაწერები – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს რ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ რ. ხ-მა დაზარალებულ დ. ა-ს ჭრილობები მიაყენა მოკვლის განზრახვით, რასაც ადასტურებს როგორც ჭრილობების ლოკალიზაცია, ისე – მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის შემთხვევამდე მომხდარი შელაპარაკება, დამნაშავის ქმედების შეწყვეტის მიზეზები და ქცევა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ და რომ არა კონფლიქტში ს. მ-ისა და თ. ა-ის ჩარევა, რ. ხ-ი განზრახვას სისრულეში მოიყვანდა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმეების – დ. ა-ის, თ. ა-ისა და ო. ა-ის ჩვენებებით დადასტურებულია რ. ხ-ის მიერ დანის გამოყენებით დაზარალებულებისათვის ჭრილობების მიყენება. აღნიშნულ გარემოებას ამყარებს გამოკვლეული ვიდეოჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ რ. ხ-ს ჩხუბის დროს მარჯვენა ხელში უჭირავს წვეტიანი საგანი. ზემოთ მითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის აზრით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა რ. ხ-ის გამართლების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.

10. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც რ. ხ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულების – ს. მ-ისა და თ. ა-ის მოკვლის განზრახვა, რადგან მათთან კონფლიქტი არ მოსვლია და მათთვის არ მიუყენებია მრავლობითი ჭრილობები, რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა.

11. მსჯავრდებულებისათვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელთა დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დ. ბ-სა და რ. ხ-ს სამართლიანი სასჯელები შეუფარდა, რომელთა გამკაცრება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაეს სასამართლოში მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №190აპ-15) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილისა და მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. კ-სა და მ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე