საქმე # 330100121004310444
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №831აპ-21 ქ. თბილისი
კ-ე ზ, 831აპ-21 27 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. კ-ს, - დაბადებულს .... წლის .. თებერვალს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 15 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ-ი, ა-ის ქუჩა, 1-ლი შესახვევი, ბინა №..-ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი თ. კ. დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - თ. კ-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. თ. კ. და მისი შვილი თ. კ. ცხოვრობენ ქ. თ-ი, ა-ის ქუჩა, 1-ლი შესახვევი, ბინა №..-ში. თ. კ. ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ხდება აგრესიული შვილის - თ. კ-ს მიმართ და სისტემატურად ამცირებს, ლანძღავს და აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც თ. კ-ს ტანჯვას იწვევს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის განაჩენით:
2.1. თ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. თ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 15 დეკემბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნათია გურულმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, თ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5.1. თ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-ა შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (2020 წლის 15 დეკემბერს ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა):
7.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. კ-ს მხრიდან შვილის - თ. კ-ს მიმართ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - გ. შ-ს, ა. ბ-ს, ა. ხ-ა და სხვათა ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
8. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს თ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ეპიზოდში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს თ. კ-ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენას.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.
10. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.
11. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი):
12. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა თ. კ-მ და მოწმე ლ. ქ-ა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მამისა და მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
13. მოწმე ა. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 15 დეკემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე გ. შ-ნ ერთად გამოცხადდა აის ქუჩა, პირველ შესახვევში, სადაც გარეთ დახვდა თ. კ, რომელიც იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ ალკოჰოლით მთვრალი მამა - თ. კ. დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. თ. კ-ს დედამ ასევე დაადასტურა თ. კ-ს მხრიდან შვილის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტი.
14. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ. შ-მ. მან დამატებით აღნიშნა, რომ, დაზარალებულის მითითებით, ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
15. მოწმე ა. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს გამოძიება დაიწყო თ. კ-ს მიერ თ. კ-ს მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული თ. კ, რომელმაც დაადასტურა მამის მხრიდან ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
16. ამოღების ოქმის თანახმად, პატრულ-ინსპექტორ გ. შ-ნ ამოღებულ იქნა თ. კ-ს კუთვნილი დიდი ზომის დანა, რაც დათვალიერდა სასამართლო სხდომაზე.
17. ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, 2020 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული შემოწმებისას თ. კ-ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
18. 2020 წლის 16 დეკემბრის №...... შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2020 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 21 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა თ. კ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (აგინა) შვილს - თ. კ-ს და დანის მუქარით ეცადა ჯანმრთელობის დაზიანება მიეყენებინა მისთვის, რის შემდეგაც თ. კ-მ საცხოვრებელი სახლი დატოვა.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, მითითებული მტკიცებულებები საკმარისი იყო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში თ. კ-ს დამნაშავედ ცნობისათვის, მაგრამ ვერ გამოდგება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. მოწმეები - ა. ბ, გ. შ. და ა. ხ. არ არიან შემთხვევის ფაქტის თვითმხილველნი, მათ აღნიშნულის შესახებ იციან დაზარალებულისგან და შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია, რაც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). ამასთან, საქმეში არ მოიპოვება ისეთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ. კ-ს მხრიდან შვილის - თ. კ-ს მიმართ ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებს და მათ საფუძველზე განცდილ ტანჯვას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ წარმოდგენილა არც ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც სასამართლოს მსჯელობის საფუძველს მისცემდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
21. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Volodina v Russia, no. 41261/17, §72, ECtHR, 09/07/2019) და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე