საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №40აგ-21 თბილისი
ბ-ე გ-ი, 40აგ-21 23 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გ. ბ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2014 წლის 18 ივლისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა-ი.
3. განაჩენის მიხედვით, გ. ბ-ეს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: საქართველოს მოქალაქე გ. ბ-ემ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა-მა დაუდგენელ ვითარებაში, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 19.2942 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ნაწილი - 18.0432 გრამი - 2014 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 14:10 საათზე, ქ. ბ-ში, ს-ო ვ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ა-მა, გ. ბ-ესთან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ გაასაღა ტ. ხ-ასა და ა. ხ-აზე, ხოლო ნაწილს - 1.251 გრამს - 2014 წლის 18 ივლისამდე უკანონოდ ინახავდნენ ქ. ბ-ში, ა-ის ქუჩის №---ში მდებარე გ. ბ-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივლისის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ეს განესაზღვრა 10 წლით, 5 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 23 ივლისიდან.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ აღსრულდა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
10. 2021 წლის 29 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ბ-ემ, რომელმაც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის კანონის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. ამასთან, მიუთითა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია, ხოლო მის ბინაში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება მისი არ იყო და „ჩაუდეს“. გ. ბ-ემ ასევე მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ბ-ემ, რომელიც ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას. ამასთან, აღნიშნავს, რომ 19.2942 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ მას არ ეკუთვნოდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებაში შეცდომით არის მითითებული, ვინაიდან მას მსჯავრი დაედო 1.025 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, ხოლო 19.2942 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღებისათვის მსჯავრდებულია მ. ა-ი. ასევე, კასატორი უთითებს, რომ მსჯავრდებულმა მ. ა-მა აღიარა დანაშაული და იგი გაათავისუფლეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. ამასთან, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის კანონის შესაბამისად, ისევე როგორც ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება 1 გრამზე მეტი.
4. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, გ. ბ-ეს, მ. ა-თან ერთად, მსჯავრი დაედო: განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 19.2942 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 18.0432 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო გასაღებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და უკანონოდ შეძენილი - 19.2942 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინიდან“ ნაწილის - განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1.251 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შენახვაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული ოდენობები გ. ბ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციითაც და ამ კანონში 2021 წლის 5 მარტს შესული ცვლილების შემდეგაც წარმოადგენს იმავე ოდენობებს, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ განსაკუთრებით დიდ ოდენობებს.
5. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. ბ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით მისი სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და, შესაბამისად, შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
6. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ბ-ის მოთხოვნას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის გ. ბ-ის მიმართ აღსრულებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა, კერძოდ: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად, ხოლო ამ მოცემულობით აღნიშნულ საკითხზე განმეორებით მსჯელობის სამართლებლივი საფუძველი არ არსებობს.
7. ამასთან, რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ შუამდგომლობაში მითითებულ ინფორმაციას მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ოჯახური (მათ შორის ოჯახის მძიმე სოციალური) მდგომარეობა არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე