ას-918-1532-03 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ჟ-ას მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად ქ.თბილისში, ...... მდებარე ¹40 ბინიდან, იმ საფუძვლით, რომ იგი მითითებული ბინის მესაკუთრეა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 მაისის განჩინებით და სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 18 თებერვლის ¹3/01.11 განკარგულების შესაბამისად. ბინა დაკავებული აქვთ ვ. და რ. ჟ-ებს, რომლებიც უარს აცხადებენ ბინის დაცლაზე. მოსარჩელე სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის სარჩელი იმ საფუძვლით, რომ იგი სადავო ბინის მესაკუთრეა და სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილია, მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის უკან დაბრუნება. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 1500 აშშ დოლარი, ამიტომ გადაწყვეტილების აღსრულების დრო განისაზღვრა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დარჩენილი თანხის დაბრუნების შემდეგ.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ჟ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: აუქციონი, რომელზეც გაიყიდა მისი ბინა, ჩატარდა კანონდარღვევით, ბინა არ გაყიდულა რეალურ ფასად, ამის გარდა, გასხვისებული ბინა არის კოოპერატიული, რომლის მეპაიებიც იყვნენ მისი მეუღლე და ქალიშვილი. მათი ინტერესები შეილახა ბინის აუქციონზე გაყიდვით, ასევე აპელანტმა დააყენა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ბინა საჯარო რეესტრის მონაცემებით აღრიცხულია ნ. ბ-ის სახელზე, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს სხვისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
ვ. ჟ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მოახდინა 361-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების იგნორირება, არასწორად გამოიყენა სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი და 172-ე მუხლი, ასევე პალატამ კანონის უხეში დარღვევით არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში მითითებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 მაისის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობის შეუსრულებლობის გამო აუქციონზე გაიყიდა ვ. ჟ-ას ¹40 ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ...... აღნიშნული ბინა იყიდა ნ. ბ-მა, რომელიც თბილისის ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროების 2002წ. თებერვლის ¹3/01-11 განკარგულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღირიცხა ამ ბინის მესაკუთრედ. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო ინსტანციისათვის სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა ნ. ბ-ის საკუთრების უფლება ბინაზე, რომელსაც ფლობს ვ. ჟ-ა. სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებამოსილებას ანიჭებს მესაკუთრეს, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, აღნიშნული ნორმების საფუძველზე ნ. ბ-ი უფლებამოსილია, ვ. ჟ-ას მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებული ბინის დაბრუნება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 361-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, მით უმეტეს, რომ თვით კასატორი ვერ ასაბუთებს აღნიშნული ნორმის გამოყენების აუცილებლობას.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზეც, რომ სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა აუქციონის ბათილობის შესახებ. აღნიშნულის შესახებ არ არსებობს ვ. ჟ-ას სასარჩელო განცხადება და ბუნებრივია, რომ ეს საკითხი ვერ გახდებოდა ვერც რაიონული და ვერც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. ასევე, სასამართლო ვერ განიხილავდა კასატორის მეუღლისა და ქალიშვილის უფლების დარღვევის ფაქტს მათ მეპაიობასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულ პირებს არ მიუმართავთ სასამართლოსთვის სსკ-ის მე-2 მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.