საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №25აგ-19 თბილისი
ტ-ე კ., 25აგ-19 29 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და კ. ტ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. კ. ტ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (7,56 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვაში) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. კ. ტ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებები, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის საფუძველზე, კ. ტ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ძირითადი სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის განაჩენით კ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში) და განესაზღვრა 130 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებები, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. 2019 წლის 2 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. ტ-ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ტ-ის შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ტ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, კ. ტ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე აღუდგა ამ განაჩენით, 3 წლით ჩამორთმეული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ტ-ისათვის 5 წლით ჩამორთმეული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ტ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით მისთვის ჩამორთმეული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების აღდგენას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ტ-ის მიმართ მართებულად გაავრცელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და იგი გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე აღუდგინა ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (7,56 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვა) ჩადენის გამო მსჯავრდებულ კ. ტ-ისათვის 5 წლით ჩამორთმეული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები დატოვა უცვლელად.
5. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით (მათ შორის - კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილებებით) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენისა და შენახვის გამო მსჯავრდებისას პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება და არ მომხდარა აღნიშნული ქმედებების დეკრიმინალიზაცია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში კ. ტ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განაჩენით და საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილებით არ მომხდარა მის მიერ ჩადენილი ქმედების დეკრიმინალიზაცია, პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ კ. ტ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ტ-ის საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე